Accessibility links

logo-print
„რაბათი – ტოლერანტობის სიმბოლო“ – ეს ბანერი ახალციხის ერთ-ერთ უბანს უკვე მეოთხე წელია ამშვენებს. რაბათი ებრაული სიტყვაა და ქართულად ციხე-ქალაქში არსებულ სავაჭრო ცენტრს ნიშნავს. ჯერ კიდევ მე-9 საუკუნეში - მას შემდეგ, რაც ახალციხე ქალაქის ტიპის დასახლებად იქცა - რაბათში ებრაელები დასახლდნენ. ამის მერე ამ პატარა უბანში სომხები, ბერძნები, რუსები და სხვადასხვა ეროვნებისა თუ სარწმუნოების ადამიანები გამოჩნდნენ. აიგო სინაგოგები, სომხური სამოციქულო და კათოლიკური ტაძრები. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი განმარტავს, რომ მრავალი საუკუნის მიუხედავად, რაბათში მცხოვრებ ადამიანებს კონფლიქტი არასდროს ჰქონიათ.
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ რაბათი უძველესი უბანია. უფრო სწორად, ახალციხე რაბათიდან დაიწყო...

ისტორიული მონაცემებით, მე-9 საუკუნიდან ახალციხეში ებრაელთა რაოდენობა გაიზარდა. სამცხე–ჯავახეთის რეგიონალურ ცენტრში ებრაული სასაფლაო ჯერ კიდევ 400 წლის წინ არსებობდა. პირველი სინაგოგა კი 1863 წელს აიგო. როცა ებრაელთა ალია, ანუ ებრაელთა გასვლა საქართველოდან, დაიწყო, სამცხეში მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ახალციხელ ებრაელთა საზოგადოების თავმჯდომარე სიმონ ლევიშვილი ამბობს, რომ დღეისათვის ლოცვები მხოლოდ მაშინ აღევლინება, როცა ებრაელ მამაკაცთა რაოდენობა ათს მიაღწევს.

მე-19 საუკუნეში, რუსეთ–თურქეთის ომის შემდეგ, როცა დანარჩენ საქართველოს სამხრეთი ნაწილი შემოუერთდა, სამცხე-ჯავახეთში თურქეთიდან სომხების ჩამოსახლება დაიწყო და ორი სომხური ეკლესია ისევ რაბათში აიგო. გრიგოლ განმანათლებლის სახელობის სომხური სამოციქულო ეკლესიის წინამძღვარი მამა ტიგრან მხითარიანი ამბობს, რომ თურქეთში სომეხ ერზე განხორციელებული გენოციდის გამო არქიეპისკოპოსმა კარაპეტმა სომხური მოსახლეობა ახალციხეში ჩამოიყვანა.

„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ რაბათი უძველესი უბანია. უფრო სწორად, ახალციხე რაბათიდან დაიწყო. ეკლესია, რომელიც წმინდა გრიგოლ განმანათლებლის სახელს ატარებს,1832 წელსაა აშენებული. გარდა ამისა, ამ ეკლესიასთან არის ორი სომხური სამოციქულო ეკლესია: წმინდა ჯვრის ტაძარი, რომელიც ახლა ქართულ კათოლიკურ ეკლესიას ეკუთვნის, და წმინდა სტეფანეს სახელობის ტაძარი, რომელიც ამ დროისთვის არ მოქმედებს და მხოლოდ ნანგრევების სახითაა შემორჩენილი. სომეხი მოსახლეობა აქ ცხოვრობდა და ცხოვრობს სხვადასვა ეროვნების ხალხთან ერთად. ებრაელებს, ქართველებს, სომხებს ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. მათი მეგობრობა ახლაც გრძელდება“, - ამბობს მამა ტიგრანი.

ისტორიკოსთა განმარტებით, კათოლიკეები რაბათში მე-17 საუკუნის შემდეგ ჩნდებიან. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება კათოლიკური ტაძრების მშენებლობა სამცხეში. ახალციხის, ბორჯომის, ვალისა და ივლიტის კათოლიკური ტაძრების წინამძღვარი მამა ზურაბ კაკაჩიშვილი განმარტავს, რომ კათოლიკური სარწმუნოება განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთში შემორჩა.

ისტორიულ უბანშია განთავსებული მართლმადიდებლური წმ. მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარი. შემწყნარებლობას თან თავისი სირთულეებიც რომ ახლავს, ამას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის ხელმძღვანელი აღნიშნავს.

მიტროპოლიტი თეოდორე განმარტავს, რომ, მრავალფეროვნების მიუხედავად, სამხრეთ საქართველოში ამ მხრივ პრობლემები არავის შეჰქმნია. ქართველმა ერმა მრავალი საუკუნის განმავლობაში უკონფლიქტოდ შეძლო მრავალფეროვან საზოგადოებაში ცხოვრება. რაბათში ფიქრობენ, რომ მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა მშვიდობიანი თანაცხოვრების საწინდარია.

16 ნოემბერი მსოფლიო ტოლერანტობის დღეა. საქართველოში ამ თარიღს უკვე მეექვსე წელია აღნიშნავენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG