Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტარიელ ბეგიაშვილი - გლეხი


6 ნოემბერი, კვირა
დილით ჩვეულებრივად, ადრე გამეღვიძა. თავს უფლება მივეცი, ლოგინიდან არ ავმდგარიყავი და მენებივრა. ვიცოდი, ბავშვები სკოლაში არ მიდიოდნენ და ღუმლის დანთება ადრე არ დამჭირდებოდა, მაგრამ ვერ მოვისვენე და ავდექი.

ცივა. ცა სათოვლედ ემზადება, ჩვენ კი შეშა საკმარისი არა გვაქვს. დღეს შეშა ყველა ოჯახის პრობლემაა, თანაც ძალიან სერიოზული. საქმე თითქმის არაფერი მაქვს. დილის სუსხი გარეთ არ მიშვებს. ვფიქრობ: რა გავაკეთო? რადიო ჩავრთე ”ჰერეთზე” მაქვს დაყენებული. ყოველ დილით ჩვეულებად მექცა, თუ ქართული სიმღერა შემომეგებება, ის დღე სასიამოვნო იქნება ჩემთვის...

შევედი ღვინის მარანში. ღვინოს დუღილი დაუმთავრებია, გემო გავუსინჯე, მომეწონა.

ამასობაში ბავშვებმაც გაიღვიძეს. ყველაზე პირველი პატარა ნინო გამომელაპარაკა: ”პაპა, დღეს ბაღში ხომ არ წამიყვან?” ვუთხარი, რომ დღეს კვირაა. მაშინ შენ მოგეხმარებიო, კარგი-მეთქი, გაუხარდა. პაპა, ლექსი მითხარი და გაკოცნინებო, - მეც ვუთხარი და მაკოცნინა. მთელი დღე შვილიშვილებთან გავატარე. სხვა მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა.

თავისუფლების დღიურები - ტარიელ ბეგიაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:15:50 0:00

7 ნოემბერი, ორშაბათი
დღე ჩვეულებრივად დაიწყო გარდა იმისა, რომ თოვს. ისეთი სუფთა ჰაერია, ისეთი სილამაზეა, რომ ბავშვივით მიხარია. მინდა შვილიშვილებს მალე ვახარო თოვლის მოსვლა, მაგრამ ჯერ სძინავთ.

გავედი ეზოში. თოვლი სახეზე მეცემა, მსიამოვნებს. კარალიოკი მაქვს დასაკრეფი. დიდი თოვლი რომ მოვიდეს, ტოტები სულ დაემტვრევა, ისედაც ძლივს იკავებს იმდენი ასხია.

ბავშვებმა გაიღვიძეს. ახმაურდა სახლი. ეზოში გაცვივდნენ. მსიამოვნებს მათი ჟრიამული. ჩემი მეუღლე პატარა ნინოს ლექსს ასწავლის:

”თოვლი მოსულა, მოსულა,
მინდორი დაუთოვია.
ერთი ჩურჩხელა მომეცი,
ვითომ თაგვს შეუჭამია.”

მე მგონი, ისწავლა.

ყველამ ერთად ვისაუზმეთ. ბავშვები გაემზადნენ სკოლაში წასასვლელად. მანქანით წავიყვანე ნანიკო და ანა სკოლაში, ხოლო ჩემი რძალი ხათუნა და პატარა ნინო ბაღში.

მობილური მირეკავს, ქომურაა (ისე, ნოდარი ჰქვია). მითხრა, რაღაც კონსულტაცია მჭირდება სიმინდთან დაკავშირებით, სად გნახოო. სახლში ვიქნები, გადმოდით-მეთქი. მალე მოვიდნენ ქომურა და გია - ჩემი ბიძაშვილები არიან. ერთმანეთს პირველი თოვლი მივულოცეთ. მერე ქომურამ მკითხა: სიმინდისთვის მიწა უნდა მოვხნა და მირჩიე ცალკვალიანით მოვხნა თუ ხუთკვალიანით, და რომელი სიმინდი დავთესოო? რა თქმა უნდა, ცალკვალიანით სჯობს, მაგრამ ძვირი ჯდება, ხოლო თუ ქართველი ხარ და ჯერ გვარი არ გადაგიკეთებია, ქართული სიმინდი დათესე-მეთქი, დავუმტკიცე თუ რატომ, მაგრამ შევატყვე გულისყურით არ მისმენდა. თვალი მარნისკენ გაურბოდა, მივხვდი რაზეც ფიქრობდა, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე. ვეღარ მოითმინა: რაღაც მჟავე სუნი მცემს, ღვინო ხომ არ დაგიმჟავდაო?..

ცოლი უკვე სუფრას ამზადებს. ყველაფერი გარკვეულია. წინადადებით მივმართე ორივეს: ღვინო მაქვს ორნაირი - რქაწითელი და ქისი, რომელი დავლიოთ? რომელიც ბევრია, - მიპასუხეს. ორივე დავაჭაშნიკეთ, ორივე მოეწონათ, მაგრამ ქისის ღვინო აირჩიეს და თქვეს, ეს მეფეების სასმელიაო. ქისის დალევა გადაწყდა. სუფრა გაიზარდა, სამი მეგობარი შემოგვემატა, ღვინის დაძალება არავის სჭირდება. ყველა პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას.

ქომურამ აზრი გამოთქვა: სანამ მთვარე არ შეიცვლება, ეს ღვინო უნდა ვსვათო. რადგან ძალიან მოეწონათ ჩემი ღვინო, ყველას ვურჩიე, რომ ისევ ვენახის გაშენებისთვის მოეკიდათ ხელი. ჩვენს კლიმატურ პირობებში ვაზზე კარგად არაფერი ხარობს. მე, მაგალითად, თუ საშუალება მექნება, ორი ჰექტარი ვენახი უნდა გავაშენო, აქედან ერთ ჰექტარი ქისი და ერთ ჰექტარი ხიხვი. სუფრაზე გადაწყდა, რომ ჩემს მეგობრებს ქისის კვირტს მე მივცემ და სამ ჰექტარზე გააშენებენ ვაზს.

კარგად მოვილხინეთ: ბევრი ვიმღერეთ, ბევრი ვიცინეთ, ბევრი დავლიეთ, მაგრამ ყველა კარგად ვიყავით...

8 ნოემბერი, სამშაბათი
დილით ადრე გამეღვიძა. 5 საათია. კარგ ხასიათზე ვარ. ნაბახუსევზე თავი არ მტკივა, პირიქით, ენერგიით სავსე ვარ. მართლაც მეფეების სასმელი ყოფილა ქისი.

ავდექი, ჩავიცვი. მოვძებნე ახალი გაზეთები, რომლებიც გუშინ ვერ წავიკითხე. გადავათვალიერე, თითქმის ყველა პოლიტიკურია. ყველა სენსაციურ განცხადებებს აკეთებს. მიხარია, იქნებ გამოსწორდეს მევენახეობის საქმე. მე ხომ სულით ხორცამდე მიყვარს ვაზი. ვენახში მუშაობა ჩემთვის ყველაზე სასიამოვნოა. ჩემი ფიქრი და საზრუნავი ვენახის მოვლა და ღვინის დაყენებაა. ძალიან მეამაყება, როდესაც ღვინოს შემიქებენ. ექვსი შვილიშვილი მყავს და ყველას სახელზე ვაშენებ თითო ჰექტარს. ოთხი ჰექტარი მაქვს, ორიც უნდა დავამატო.

გათენდა. რაღაც მიხარია, ოღონდ არ ვიცი, რა. მობილური რეკავს, ქომურაა, მომიკითხა. მეუბნება, ”რეპეტეს” ხასიათზე ვარო. მე უარი ვუთხარი, საქმე მაქვს - წნორში უნდა წავიდე. მაშინ 100-100 გრამი ”ზახრუმანა” მაინც დავარტყათო (არაყზე მეუბნება), ვერ დამითანხმა.

წნორში წავედი. შვილიშვილების დავალებები უნდა შევასრულო - სკოლის ნივთები უნდა ვუყიდო. საქმეებს რომ მოვრჩი სუპერმარკეტში შევედი. რატომღაც ღვინის სექციას ვათვალიერებ. ჩემი ყურადღება მიიპყრო ბოთლმა, რომელსაც ”ქისი” ეწერა. თვალს არ ვუჯერებ: ფასი - 40 ლარი. გამყიდველს ვეკითხები, ხომ არ გეშლებათ და 4 ლარი ხომ არ ღირს? არა, ჩვენ არაფერი გვეშლებაო, მიპასუხა.

არ მქონდა 40 ლარი, თორემ ვიყიდიდი ერთ ბოთლს და შევადარებდი ჩემს ღვინოს. დარწმუნებული ვარ, ჩემი აჯობებდა. გული დამიმძიმდა. მე ვეხვეწები ღვინის ქარხნებს, რომ ერთ კილოგრამში 80 თეთრი გადამიხადონ, თვითონ კი 40 ლარად ყიდიან 750-გრამიან ბოთლს. ვოცნებობ, რომ ყველაფერი გამოსწორდეს და ღირებულების 5% მაინც გადამიხადონ. ოცნებაში ბედნიერი ვარ.

წნორიდან დაბრუნების შემდეგ ვენახში წავედი. დავათვალიერე, ჯერჯერობით არაფერი მოუპარავთ. შეშისთვის ზოგჯერ ვენახის სარებს იპარავენ. ძველი სარები სახლში წამოვიღე, ხვალ ხომ არყის გამოხდას ვიწყებ, დამჭირდება. ნივრის ნათესი ვინახულე, კარგია. ორ ჰექტარზე მითესია... მაგრამ ვენახი ჯობია!..

არყის ქვაბი გავრეცხე, ქურა გავწყვე, შევაკეთე, გავამზადე. ჩემი ბიჭი, ბერდიაც მეხმარება. მასაც უყვარს არყის გამოხდის რიტუალი. ძმაკაცები უკვე დაპატიჟა - ხვალ ლენტი უნდა გავჭრა ”ზაოტობა” იწყებაო.

ისე დაღამდა, თითქმის ვერ გავიგე.

9 ნოემბერი, ოთხშაბათი
ინათა. ავდექი. გათბობის საქმე მოვაგვარე. ვაჭამე ღორებს, ქათმებსა და ინდაურებს - ჩემს ცოლს შევეშველე.

დავიწყე ჭაჭის მიზიდვა არყის გამოსახდელ ქვაბამდე, ჩემი შვილი და მეუღლეც მეხმარებიან. ზოგი შეშას ჭრის, ზოგი სხვადასხვა ინვენტარს ეზიდება. ბევრი წვრილმანია საჭირო. ყველაფერი რომ გავამზადეთ, შევუნთეთ ცეცხლი ჭაჭით სავსე ქვაბს, უნდა ადუღდეს. პირველ ქვაბს ბევრი დრო სჭირდება, რადგან ქურა ცივია. მეორე და შემდეგი ქვაბები მალე იხდება, დღეში ხუთ-ექვსს ვასწრებ. ერთი ქვაბიდან 10-12 ლიტრი ორნახადი არაყი გამოდის. მე კმაყოფილი ვარ. ისეთი სამწვადე ნაკვეჩხალია, რომც არ გინდოდეს მწვადი, მაინც მოგინდება.

მეუღლემ თონე გაახურა. საარაყეს დედას პური უხდება. მოვიდნენ ჩემი და ბერდიას ძმაკაცები. გაოცებული იყურებიან, თითქოს პირველად არიან საარაყაზე. მე ვიცი, მათ რაც აინტერესებთ - სამწვადე ნაკვერჩხალი და მასზე აშიშხინებული მწვადი. საიდანღაც გააჩინეს სამწვადე. მეუღლემ ცხელი შოთები, ყველი და მწვანილიც მოგვაშველა... ასე რომ, სუფრა არ დაიწუნებოდა. ქომურა თამადაა, აბა, ვინ იქნება, მე არ ვსვამ. სამუშაო მაქვს - არაყი არ გამეპაროს. ზეიმობენ ბიჭები, ყველა კარგ ხასიათზეა, მეც მიხარია.

ცოტა ხნის შემდეგ თავი ამტკივდა. ძნელია ფხიზელმა ნასვამ კაცს უსმინოს. ნეტავ, მეც ასეთი ვარ, როცა ღვინოს ვსვამ?

ხუთი ქვაბი გამოვხადე, კმაყოფილი ვარ.

დღეც მიილია.

10 ნოემბერი, ხუთშაბათი
დილის 7 საათზე გამეღვიძა. ავდექი, გარეთ გავედი. ძალიან ცივა, ყინავს. ადრე ვერ დავიწყებ არყის გამოხდას. საქონელსა და ფრინველს ვაჭამე და ისევ ოთახში შევედი. დაველოდები კარგად გათენებას. გაზეთებს ვკითხულობ, რათა დრო სწრაფად გავიდეს.
ცხრის ნახევრისთვის ბავშვები წავიყვანე სკოლასა და საბავშვო ბაღში.

სახლში მე და ჩემი მეუღლე დავრჩით. ათ საათზე დავიწყეთ არყის გამოხდა, დღეს ბევრი უნდა გამოვხადოთ, მალე მოვრჩეთ, სხვა საქმეებიც ბევრია.

ვზივარ საარაყეში, ველოდები ადუღებას, ვუყურებ ცეცხლს და ფიქრებში წავედი. ფიქრის დრო ბევრი მაქვს... ვენახის გასხვლას დეკემბერში დავიწყებ. მე თვითონ ვსხლავ, რადგან სხვისი გასხლული არ მომწონს, პარალელურად ქისის კვირტი უნდა დავამზადო, რომ ვენახი კიდევ გავაშენო. მე თვითონ დავამყნობ.

ვენახი მოსახნავი მაქვს, მაგრამ ტრაქტორები არ არის; თუ არის ძველია და მალე ტყდება. რიგში დგომაა საჭირო, რომ კარგი ტრაქტორი იშოვო. საწვავიც ძვირია. ერთი ჰექტარი მიწის მოხვნაც გაძვირდა. ნეტავ, ტრაქტორი მქონოდა, რომ ბევრი ოპერაცია ჩემით ჩამეტარებინა ვენახში, და ყურძნის თვითღირებულება შემემცირებინა. ისეთი ძვირია ტრაქტორი ალბათ ვერ ვიყიდი.

ხვალ ჩემი სიძე ჩამოდის თბილისიდან, ღვინო უნდა წაიღოს. 800 ლიტრ რქაწითელს ვაძლევ, გაყიდის და მოიხმარს. ბიჭსაც მივცემ ღვინოს, თვითონ შეინახოს და როგორც უნდა ისე მოიხმაროს.

1200 ლიტრი ქისი გადავაწმინდავე, იქნებ გავყიდო და ძველი ტრაქტორი მაინც შევიძინო.

ოჯახის წევრები არაფერს მეუბნებიან ვენახის გაშენებაზე, მაგრამ ვატყობ, რომ გული აიყარეს, ჩემი წყენინება არ უნდათ. ისე, მართლა მეწყინება.

ამ ფიქრებში იხდება არაყი, უკვე მეექვსე ქვაბი გამოვხადე. დავიღალე ამდენი ფიქრით. რა ვიცი, აბა, რა საქმეს მოვკიდო ხელი თუ არა ვენახსა და ღვინოს?.. 60 წლის კაცი ვარ, ახლა ვისწავლი კიდევ რაიმეს?..

არც მინდა ვთქვა...

ჩემი ცოლის ძახილმა გამომიყვანა ფიქრიდან, გეყოფა, წამოდი აცივდაო. მართლაც ძალიან ცივა. დავაბოლოე არყის გამოხდა და სახლში შევედი.

11 ნოემბერი, პარასკევი
გათენდა. ისე აღარ ცივა, როგორც გუშინ, მაგრამ წვიმს. დღეს არაფერს არ გამოვხდი. სიმინდი უნდა ჩავყარო ტომრებში და შევინახო, ხუთი ტონა მომივიდა, მაგრამ გასაყიდად არ მემეტება. საქონელს უნდა ვაჭამო.

100 ტომარა უნდა ვიყიდო. ოთხი ჯანიანი ბიჭი და ორ საათში ყველაფერს მოვრჩებით. ამ საქმის მოგვარებას სჭირდება 10 ლიტრი ღვინო და დედალი. ღმერთის წყალობით ერთიც მაქვს და მეორეც.

ჩემი გულის ნადები ქომურას გავანდე. თანახმაა, ოღონდ ერთი რამ მთხოვა, ღვინის რაოდენობას წინასწარ ნუ განსაზღვრავ, რა იცი, რა ხდებაო...

ერთ საათში მოვიდნენ ბიჭები და საქმეს შეუდგნენ. მითხრეს, შენ დაისვენე, ამას ჩვენ მივხედავთო. მე ”დრუჟბის” ”ცეფის” გალესვა დავიწყე. ვიცოდი, მალე მორჩებოდნენ, ცოტა შეშა მქონდა დასაჭრელი და ბარემ იმასაც დავჭრიდით. მართლაც ასე მოხდა, სიმინდიც შევინახეთ და შეშაც დავჭერით.

ალალია მათთვის ღვინოც და დედალიც. მე ბოდიში მოვიხადე ღვინის დალევაზე. რაღაც ვერ ვარ კარგად, გული მჩხვლეტს. წუთით ეწყინათ, მაგრამ უჩემოდ დაიწყეს ქეიფი. მათი მასპინძლობა ჩემმა შვილმა, ბერდიამ და სიძემ, მიშამ იკისრეს.
ძალიან გამიხარდა სიძე-ქალიშვილის მოსვლა. სტუმრები ქეიფობდნენ, მე კი ჩემს ყველაზე პატარა შვილიშვილებთან, ლუკასთან და ნინოსთან ვერთობოდი. მათთან ურთიერთობამ გულის ტკივილიც კი დამავიწყა.

12 ნოემბერი, შაბათი
გათენდა. შვიდი საათია. წინასწარ ვგეგმავ დღეს რა უნდა გავაკეთო. ისევ არყის გამოხდას დავიწყებ. ეს პერიოდი ქიზიყში ”მძიმეა”: ეს ”ზაოტობა”, ეს ღვინის გადაღება-გასინჯვა, მალე დაიწყება ღორების დაკვლა... არის თითქმის გაუთავებელი პურმარილები. რა ვქნათ, უნდა გავუძლოთ. მალე დაიწყება მინდვრის სამუშაოები და მერე ვეღარ მოვიცლით საქეიფოდ.

დავიწყე არყის გამოხდა. შევუნთე ქვაბს ცეცხლი და ისევ ვფიქრობ: იქნებ, მართალია ჩემი ოჯახი? იქნებ, არასწორად ავირჩიე მევენახეობა? იქნებ, შემეშალა? იქნებ, ჯობია იყიდე, გაყიდე, ბაზრის კაცობა, წონაში მოტყუება, მოტყუებული კლიენტის შეურაცხყოფის ატანა, დამცირება, ერთ ყურში შეშვება და მეორეში გაშვება?.. სამაგიეროდ გექნება ფული, რომლითაც შენი ოჯახის წევრები სულს მოითქვამენ. აბა, წელს რა გამოვიდა? რაც ვენახმა მოგება მომცა, სიმინდმა წაიღო. სიმინდის მოყვანით წავაგე 2 000 ლარი. ასე რომ, გაისად ვენახისთვის ისევ შხამ-ქიმიკატები ნისიად უნდა ავიღო, თითქმის ორმაგ ფასად. ამას დაემატება საწვავისა და მოხვნის ვალები. დავკრეფ ვენახს, დავარიგებ ვალებს და დავრჩები ცარიელი. ასე რომ, წრეზე ვტრიალებ. ეს ჩემი აზრი ვუთხარი გურჯაანში მევენახეობის შტაბში მომუშავეებს. მომისმინეს და იცით, რა მითხრა 22 წლის ახალგაზრდამ? ”ძია, მენეჯმენტი არ გივარგაო”. რა ვიცი, მე დღედაღამ ვმუშაობ, იმ ახალგაზრდას კი ალბათ თავისი ხელით საქათმეც არ გაუკეთებია და მე მწუნობს... იქნებ ისიც მართალია?

დავუშვათ, ავჩეხე ვენახი, დავიწყე ვაჭრობა, გავხდი ბაზრის კაცი. მერე? მერე მექნება ის სიამაყე? მექნება ჩემ მიერ დაყენებული ღვინით გაოცებული სტუმრის ხილვის საშუალება? ახლა ამაყი ვარ. ოცი კაცი რომ მომივიდეს, გარეთ არ გავალ ისე გავუმასპინძლდები.

ამასწინათ სიღნაღში ვიყავი, მართლაც ლამაზი შენობებია, გალამაზებულია ყველაფერი. ტურისტიც ბევრი იყო, ყველაფერი კარგი იყო. არ მომეწონა თვითონ სიღნაღელები. ჩემი ასაკის კაცები, მათ შორის ბევრი ნაცნობი, იდგნენ და წინდებსა და სხვადასხვა სუვენირს ყიდდნენ. ზოგს შერცხვა და თვალი ამარიდა, მეც შემრცხვა და წამოვედი. არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ მე ვერ შევძლებ ამას. მე ჩემი ყოფა მირჩევნია. ქიზიყელი კაცის სიჯიუტით ვცხოვრობ და ეს სწორად მიმაჩნია. მჯერა, რომ ჩემი შვილიშვილები სიამაყით იტყვიან, პაპამ თითო ჰექტარი ვენახი დაგვიტოვაო; ვენახი, რომელიც 40-50 წელიწადს მისცემს შემოსავალს ჩემს შთამომავლებს...

50 წლით ვიხანგრძლივებ სიცოცხლეს!..

ჩემთან მოსულ სტუმარს ჭიქა ყავით ვერ გავისტუმრებ. ასე იყო მამაჩემი, ასე ვარ მეც, ასე იქნება ჩემი შვილიც და შვილიშვილიც. მორჩა! ასეთ მკრეხელობაზე აღარ ვიფიქრებ! გადაწყვეტილია ისევ ვენახის გაშენება!

ასე გადავწყვიტე ათი წლის წინ, როდესაც ჩემმა შვილებმა დამისვეს საკითხი - აქ არაფერი გამოდის, საზღვარგარეთ უნდა წავიდეთ სამუშაოდო. მე სასტიკი უარი ვუთხარი მათ: შვილები იმიტომ არ გამიზრდია, რომ სხვა სჯულის ბავშვები ზარდოთ და მათ მოხუცებს მოუაროთ-მეთქი; მე ჩემი სიბერე თქვენთან უნდა გავატარო!.. მას მერე ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა. მორჩა, წილი ნაყარია, მე ჩემი ცხოვრებით ვიცხოვრებ.

დღეც მიილია, არყის გამოხდაც დავამთავრე...

საღამო მშვიდობისა, საქართველო!
XS
SM
MD
LG