Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამოქალაქო სექტორმა კოალიცია ”არჩევნის თავისუფლებისათვის” დააფუძნა


17 ნოემბერს სხვადასხვა სფეროში მომუშავე რვა არასამთავრობო ორგანიზაციამ და ორმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა საზოგადოებას კოალიციის ჩამოყალიბების შესახებ აცნობა. გაერთიანებას ჰქვია ”არჩევნის თავისუფლებისათვის” და ამ სახელწოდებიდან გამომდინარეობს კიდეც კოალიციის მთავარი მიზანი - სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებაში სამოქალაქო სექტორის მონაწილეობა. კოალიციის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ არჩევნების ჩატარება მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებზე არ უნდა იყოს მინდობილი და სწორედ ამიტომ გაერთიანებული რესურსებით გეგმავენ საარჩევნო პროცესებზე სამოქალაქო კონტროლის დაწყებას.
ჩვენ არ გვინდა, რომ ამ პროცესზე კონტროლი მხოლოდ პოლიტიკურ ძალებს მივანდოთ. გვსურს სამოქალაქო საზოგადოებამ თავისი სიტყვა თქვას...

მედია და მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, საარჩევნო სისტემა, ეთნიკური უმცირესობები, თვითმმართველობა, ადამიანის უფლებები, ფინანსები და ეკონომიკა - ეს არის სფეროები, რომელშიც კოალიციაში ”არჩევნის თავისუფლებისათვის” შემავალი ორგანიზაციები წლებია მუშაობენ, ოღონდ აქამდე - ყველა დამოუკიდებლად. დღეიდან ეს რესურსი ერთადერთი მიზნით ერთიანდება - ჩატარდეს ქვეყანაში არჩევნები სამართლიანად და ამ პროცესში მაქსიმალურად აქტიურად ჩაერთოს მთელი საზოგადოება. კოალიციის წევრები ერთხმად აცხადებენ, რომ ცალ-ცალკე მუშაობამ შედეგი არ მოიტანა და ისინი ყველა საკითხზე ერთობლივ მონიტორინგს განახორციელებენ.
კოალიციაში, მედიაექსპერტ ზვიად ქორიძისა და საარჩევნო საკითხებში ექსპერტის ირაკლი მელაშვილის გარდა, რვა არასამთავრობო ორგანზაცია ერთიანდება. ესენია: „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი“ - კოტე კანდელაკი, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ - უჩა ნანუაშვილი, „საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრი“ - ია მამალაძე, „კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი“ - გიორგი ხუციშვილი, „კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი“ - დავით ნარმანია, „საქართველოს მედიაკლუბი“ - მაგდა პოპიაშვილი, „ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი“ - დავით ლოსაბერიძე და „სამოქალაქო განათლების რესურსცენტრი“ - მურმან პატარაია.

”ჩვენ არ გვინდა, რომ ამ პროცესზე კონტროლი მხოლოდ პოლიტიკურ ძალებს მივანდოთ. გვსურს სამოქალაქო საზოგადოებამ თავისი სიტყვა თქვას. მივხვდით, რომ აქამდე დაქსაქსულები ვიყავით და იმ დასკვნამდე მივედით, რომ ყველა არსებული რესურსი უნდა გავაერთიანოთ. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ არ ველოდებით არჩევნების გამოცხადების დღეს. პროცესების მონიტორინგი დღესვე უნდა დაიწყოს, მით უმეტეს, რომ საარჩევნო კამპანია პრაქტიკულად დაწყებულია და უკვე არაერთი დარღვევაც აშკარაა”, - ამბობს უჩა ნანუაშვილი.

ერთ-ერთი მთავარი სფერო, რომლის მონიტორინგსაც კოალიცია გეგმავს არჩევნებამდე, არჩევნების დღეს და მის შემდეგაც, მედია იქნება, აცხადებს ზვიად ქორიძე:

”სწორედ მედიაა იმის მაჩვენებელი, რომ ქვეყანაში საარჩევნო პროცესი დაწყებულია, ხოლო უთანასწორო საარჩევნო გარემოს ხაზს უსვამს ის, რომ მხოლოდ მთავრობისა და მმართველი პარტიისთვის არის ხელმისაწვდომი ეროვნული მაუწყებლები. ჩვენ გვინდა, რომ ამის მონიტორინგი განვახორციელოთ და კოალიცია მოწოდებულია იმისკენ, რომ საკანონმდებლო ინიციატივებით, საზოგადოების მეტი ჩართულობით შევძლოთ მედიაგარემო თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს ყველა პოლიტიკური სუბიექტისა და მთლიანად საზოგადოებისათვის.”

პირველი, ეს იქნება საარჩევნო წლის ფინანსური ნაკადების ანალიზი, მათ შორის, ბიუჯეტის და პოლიტიკური პარტიების ფინანსების ანალიზი...
დაგეგმილი სამუშაოს დიდი ნაწილი რეგიონებში განხორციელდება სწორედ იმ მიზეზით, ამბობს დავით ლოსაბერიძე, რომ გადაწყვეტილებების უმრავლესობა რეგიონების ჩართულობის გარეშე მიიღება:

”თბილისელებისათვის ბევრად იოლია ინფორმაციის მოპოვება, ვიდრე რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისათვის, ამ დროს კი იქ არსებობს დიდი ინტერესი, ძლიერი სამოქალაქო ჯგუფები, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ იგნორირებულნი. სწორედ ეს ძალა უნდა გავააქტიუროთ.”

ამ პროცესში კოალიციას საკუთარ ადამიანურ რესურსს და გამოცდილებას შეაშველებს „ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი“. დავით ნარმანიას ორი კონკრეტული გეგმა აქვს:

”პირველი, ეს იქნება საარჩევნო წლის ფინანსური ნაკადების ანალიზი, მათ შორის, ბიუჯეტის და პოლიტიკური პარტიების ფინანსების ანალიზი და მეორე - ეს იქნება ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მონიტორინგი. როდესაც წინასაარჩევნოდ ფინანსდება ისეთი ღონისძიებები, რომლებიც მეორეხარისხოვანია იმ საზოგადოებისათვის, რომელსაც შია და სწყურია და სოციალური მხარდაჭერა უფრო სჭირდება, ვიდრე ეს კონცერტები, ჩვენ ვიტყვით იმას, არის თუ არა წინასაარჩევნოდ ჩატარებული ღონისძიებები მოსახლეობის დაკვეთა.”

”რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ხალხს იმისთვის, რომ საკუთარ არჩევანში იყოს ბოლომდე თავისუფალი”, ამბობს ია მამალაძე საკუთარ გეგმებზე საუბრისას. მიზნები და გეგმაც ნათელია, ახლა საინტერესოა მექანიზმი, როგორ აპირებს კოალიცია სასურველი შედეგის მიღწევას. ირაკლი მელაშვილი ამბობს, რომ გამოიყენებენ ყველა შესაძლო გზას:

”არასამთავრობო სექტორი კანონპროექტებს მოამზადებს, მაგრამ კანონებს ვერ მიიღებს, კანონის მიღება კიდევ ხელისუფლების კომპეტენციაა, ამიტომ, ცხადია, ჩვენ მათ შევთავაზებთ ამ ინიციატივებს. რაც შეეხება კომისიებს, მათთან ვითანამშრომლებთ, მაგრამ მის მუშაობაში მონაწილეობას არ მივიღებთ. ჩვენი საქმე მათი მუშაობის მონიტორინგია.”

ანგარიშებისა და ბიულეტენების დარიგება მოსახლეობისათვის, პრესკონფერენციები, შეხვედრები, აქტიურობა სოციალური ქსელებში კოალიციის მიერ წამოყენებული კამპანიის შემადგენელი ნაწილი იქნება. ორგანიზაციების ხელთ არსებული ინფორმაცია, წლების გამოცდილება და მიღწეული წარმატებები ერთიანდება. სწორედ ამის გათვალისწინებით, ზვიად ქორიძე იმედს გამოთქვამს, რომ თუ მთელი საარჩევნო ციკლის განმავლობაში კოალიცია შეძლებს მიჰყვეს დასახულ გეგმას და გაუძლებს ყველა გამოწვევას, ეს იქნება სერიოზული პრეცედენტი ქართული სამოქალაქო საზოგადოების ისტორიაში.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG