Accessibility links

logo-print

„დაიკავე უოლ სტრიტის“ მოძრაობა და „სესხისა და ჩუქების ბანკი“


მოძრაობა, რომელსაც „დაიკავე ოულ სტრიტი“ ჰქვია და რომელსაც შემოკლებით მხოლოდ „დაიკავეს“ უწოდებენ, ცდილობს დაანახვოს ხალხს, რომ დღევანდელი საფინანსო სისტემა არა მხოლოდ მილიონობით ადამიანის მატერიალურ არსებობას ანადგურებს, არამედ საკუთარ თავსაც ბოლოს უღებს. „დაიკავე“ ამ უსამართლო და უთანასწორო სისტემის კრიტიკით გამოდის. მაგრამ რა უნდა იღონოს ადამიანმა, მხოლოდ აკრიტიკოს? „დაიკავე უოლ სტრიტი“ მშვიდობიანი მოძრაობაა და მისი მონაწილეები არ ითხოვენ ამა თუ იმ ხელისუფლების დანგრევას ან რომელიმე ბანკირის თუ პოლიტიკოსის დაპატიმრებას. ამ დროს კი, მსოფლიოში ცოტამ თუ იცის, რომ დღევანდელი დასავლური საფინანსო სისტემის ალტერნატივა არსებობს. რა სურთ „დაიკავეს“ აქტივისტებს?
”გე-ელ-ეს” ბანკი თავისი დაარსებიდან, 1974 წლიდან, აფინანსებს მხოლოდ ეკოლოგიურ, სოციალურ და მყარ პროექტებს, რომლებიც განახლებაზე არიან ორიენტირებული...

ერთი კონკრეტული შეკითხვა ასე ჟღერს: რატომ აქვს სახელმწიფოს ფული ბანკების გადასარჩენად და არა აქვს განათლებისთვის, ჯანმრთელობისთვის, სამართლიანი ხელფასებისთვის? მაგრამ არის მოსაზრება, რომ ჩვეულებრივი გზები, რომელსაც პოლიტიკა მუდმივად გვთავაზობს მხოლოდ და მხოლოდ ძველი სისტემის გაუმჯობესების მიზნით, არაა სწორი. სულ უფრო ფართოდ ვრცელდება აზრი, რომ ღრმა ცვლილებებია საჭირო. რაში მდგომარეობს ეს ცვლილებები, ვინ უნდა შეცვალოს და
რა?

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა და ესაუბრა გერმანიაში მოქმედი „გე-ელ-ეს“ ბანკის (GLS-Gemeinschaftsbank für Leihen und Schenken) ბოხუმის ფილიალის წარმომადგენელს, კრისტოფ ლიუცელს, რომელიც გვიამბობს თავიანთ ბანკზე, იმაზე, რომ ეს საფინანსო ინსტიტუტი 30 წელიწადზე მეტი ხანია სწორედ ფულის მოხმარების, კრედიტების გაცემისა და კლიენტების მომსახურების იმ ფორმას მიმართავს, რომელსაც მსოფლიო მოძრაობა ითხოვს. ბანკის ფილიალმა ფრანკფურტში, საფინანსო უბანში, სადაც საპროტესტო დემონსტრაციები იმართებოდა, აქციის მონაწილეებს საშუალება მისცა ამ ბანკის ფილიალში შხაპი მიეღოთ. ლიუცელის თანახმად, ძალიან სწრაფად გავრცელდა მედიის, სოციალური ქსელების მეშვეობით ის ამბავი, რომ როცა ბანკის ერთმა თანამშრომელმა, სამსახურში მიმავალმა, დაინახა, რომ დემონსტრანტებს, უბრალოდ, შხაპის მიღება სჭირდებათ ხოლმე, ბანკის ხელმძღვანელობისგან უფლება მიიღო, საპროტესტო აქციის მონაწილეებს ბანკის შხაპით ესარგებლათ. მას მერე, რაც შედგა კონტაქტი, დემონსტრანტებმა მალევე გახსნეს საბანკო ანგარიში სწორედ „გე-ელ-ეს“ ბანკში.
კრისტოფ ლიუცელი

კრისტოფ ლიუცელი


„ბევრი მოთხოვნა, მოთხოვნების უმეტესობა ამ ადამიანებისა, რომლებიც ყველა ჩვენგანისთვის აწყობენ დემონსტრაციებს და სიცივეში გარეთ არიან, იმ შინაარსისაა, რასაც ჩვენ უკვე დიდი ხანია ხელს ვუწყობთ. ჩვენი ბანკის 80-იანი და 90-იანი წლების და, ცხადია, ბოლო წლების გამოცემებს რომ გადახედოთ, ნახავთ, რომ ამ საკითხთაგან ბევრს ჩვენ ხელს ვუწყობდით. ამის მაგალითია საფინანსო სპეკულაციების შეწყვეტა და სხვა, რასაც უკვე წლების განმავლობაში ვაკეთებთ და რასაც „დაიკავე უოლ სტრიტის“ მოძრაობა მოითხოვს. ან თუნდაც გამჭვირვალობის პრობლემა. შემთხვევითი არ არის, რომ ხალხი ამ უზარმაზარ მინის კოშკებთან არის დაბანაკებული. და ეს სიმბოლოა, გამოხატულებაა იმისა, რაც ხდება: არავინ - მოძრაობის მონაწილეებმა და ხალხმა - არ იცის, რა ხდება ამ მინის კოშკებს მიღმა, ამ ბანკებში.“

ლიუცელის თანახმად, მაშინ, 2008 წელს, როცა მსოფლიო კრიზისი დაიწყო, ადამიანებმა არ იცოდნენ, რომ ეს მათ ეხებოდათ უშუალოდ. ახლა, სამი წლის შემდეგ, ხალხი ხვდება, რომ ეს კრიზისი რეალურ ეკონომიკაშიც დადგა, ის მხოლოდ შედეგებს ხედავს და მოთმენა აღარ სურს. მაგრამ სანამ გაჭირვება არ მოგვადგება კარს, მანამ უკმაყოფილებას არ გამოვხატავთ ხოლმე. ფული რომ გვქონდეს, დემონსტრაციებს აღარ მოვაწყობდით? - ვეკითხები კრისტოფ ლიუცელს, რომელიც განმარტავს, რომ ან შემეცნებამ, ან გაჭირვებამ უნდა აუხილოს თვალი ადამიანს. სამწუხაროდ, შემეცნების მხრივ კაცობრიობა არც ისე შორსაა წასული და ამიტომაც გაჭირვება აკეთებს ამას. მას ატომური ენერგიის მაგალითი მოჰყავს, როცა, იაპონიაში ფუკუშიმის რეაქტორების აფეთქებამდე, გერმანიის მთავრობამ ატომური რეაქტორების მუშაობის ხანგძლივობა გაზარდა. ფუკუშიმის კატასტროფამ ყველაფერი შეცვალაო, განაგრძობს ლიუცელი, რომელიც იქვე განმარტავს: მართალია, ასეა საფინანსო კრიზისის შემთხვევაშიც, მაგრამ ჩანს, მაინც მეტი დრო სჭირდება ამ სფეროში ცვლილებებსო.

„გე-ელ-ეს“ ბანკი, როგორც გითხარით, ათწლეულების წინ შეუდგა იმას, რაც დღეს ცვლილების სახით გახდა საჭირო. კრისტოფ ლიუცელი თავიანთ ბანკს ახასიათებს:
GLS-ის ვებსაიტი

GLS-ის ვებსაიტი


„გე-ელ-ეს” ბანკი თავისი დაარსებიდან, 1974 წლიდან, აფინანსებს მხოლოდ ეკოლოგიურ, სოციალურ და მყარ პროექტებს, რომლებიც განახლებაზე არიან ორიენტირებული. მეორე განსხვავება სხვა ბანკებისგან ისაა, რომ თითოეულ კლიენტს, როცა კრედიტს იღებს, სრულიად გამჭვირვალედ შეუძლია თვალყური ადევნოს თავისი კრედიტის მიმდინარეობას, რაზე ინფორმაციასაც ჩვენ ინტერნეტით ვაქვეყნებთ. ესაა ორი მთავარი განსხვავება: აზრიანი
პროექტები და სრული გამჭვირვალობა“. ამას გარდა, ამბობს ლიუცელი, ჩვენი ბანკი კლიენტს კონსულტაციას სხვაგვარად აძლევს, ჩვენ არ ვცდილობთ მის შეცდომაში შეყვანას, რათა ხეირი ვნახოთო.

ლიუცელის თანახმად, რიგითი ბანკები ჩვეულებრივად განაგრძობენ სპეკულაციებს, უფრო ფართო მასშტაბითაც კი, რადგან ზარალის ანაზღაურება სურთ, და გაუმჭვირვალობაც ძველებურადაა. ლიუცელი ლაპარაკობს იმაზე, რომ ერთ დღეში ყველაფერი ვერ შეიცვლება, და გამოყოფს რამდენიმე ფაქტორს, რაც საზოგადოების აზროვნებაში ცვლილებას ადასტურებს. ის გვიამბობს, როგორ გაიზარდა მათი ბანკის მომხმარებლების რაოდენობა, რომელიც თვეში ორი ათასზე მეტი ახალი კლიენტით იმატებს. და არა მარტო „გე-ელ-ესი,“ ყველა სხვა სოციალურ-ეკოლოგიური ბანკი ასე სწრაფი ზრდის სტადიაშია. ამაზე მეტყველებს მედიის ყურადღებაც ასეთი ბანკების მიმართ. არაერთი ტელე- და რადიოსადგური თუ გაზეთი დაინტერესებულია ამ ბანკების მუშაობით:

„ბევრი ადამიანი ამჩნევს, რომ თუ ეკოლოგიურ ენერგიას ხმარობს, თუ ჯანსაღად იკვებება და ბიოპროდუქტს ყიდულობს, თუ შეიძინა მანქანა, რომელიც ნაკლებ ენერგიას ხარჯავს, ანუ ბევრს აკეთებს, რათა საზოგადოებრივი გარდაქმნა დააჩქაროს, აქვე უნდა გახდეს „მწვანე ბანკის“, კარგი სოციალ-ეკოლოგიური ბანკის კლიენტიც და ამიტომაც მოდიან ჩვენთანო“, - ფიქრობს კრისტოფ ლიუცელი, რომელიც ამატებს, სრულიად ნორმალური ბანკებიც მიდიან დასკვნამდე, რომ საჭიროა ცვლილებაო და მას მთელ გერმანიაში მოქმედი „შპარკასეს“ მიუნხენის განყოფილების მაგალითი მოჰყავს: „სრულიად ნორმალური ბანკის, მიუნხენის „შპარკასეს“ ხელმძღვანელობას სურს, რომ ეკოლოგიური ბანკი დააარსოს ან, უკეთ რომ ვთქვათ, არსებული „შპარკასე“ მიუნხენში გადააქციოს ეკოლოგიურ ბანკად“. ასეთი ფაქტი ბევრია, განაგრძობს ლიუცელი და ასახელებს კიდევ ერთ ფაქტორს:
პატარა, გამჭვირვალე ბანკებს, რომლებიც მოქმედებენ რეალურ ეკონომიკაში, და არა მათ, რომლებიც მილიარდებს ატრიალებენ და ვეღარავინ ჭვრეტს მათ ქმედებას, ეკუთვნით მომავალი....

„პრობლემები, რომლებიც გვაქვს, მუდამ რეგიონალურად უნდა მოგვარდეს. არ უნდა მოხდეს მეტი შერწყმა, არ უნდა შეიქმნას უფრო დიდი ბანკები, რადგან მათი სიდიდის გამო შეუძლებელია დახურვა ბანკებისა, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ გადასახადების ფონდიდან. ამიტომ პატარა, გამჭვირვალე ბანკებს, რომლებიც მოქმედებენ რეალურ ეკონომიკაში, და არა მათ, რომლებიც მილიარდებს ატრიალებენ და ვეღარავინ ჭვრეტს მათ ქმედებას, ეკუთვნით მომავალი. ეს მოხდება, საკითხავი მხოლოდ ისაა, როდის“.

რაც შეეეხება ამგვარი, ეკოლოგიურ-სოციალური ბანკების არსებობას სხვა ქვეყნებში, ლიუცელისგან შევიტყვეთ, რომ ისინი მოქმედებენ ყველგან - საფრანგეთსა და იტალიაში, ბელგიასა და ჰოლანდიაში, შვედეთსა და შვეიცარიაში. რაც შეეხება მოძრაობას „დაიკავე უოლ სტრიტი“ თუ, უბრალოდ, „დაიკავე“, მისი მონაწილეები გამოდიან არა ბანკებისა და ფულის წინააღმდეგ, არამედ მათ ბანკების შეცვლა სურთ. საბანკო სფროსა და ფულის სფეროში ახლებური აზროვნება ძალიან სუსტია უკანასკნელ წლებში. ჩვენი თანამოსაუბრის თქმით, ბოლო ხანებში მხოლოდ იმაზე ფიქრობდნენ, რომ ძველი სისტემა როგორმე გადაერჩინათ.

დღესდღეობით სპეციალისტების დიდი რაოდენობა ფიქრობს, მუშაობს, წერს, შეხვედრებს მართავს ახალი გზების მოსაძიებლად. ამას თუ დაემატება ზეწოლა ქვემოდან, როგორც ამას „დაიკავე უოლ სტრიტი“ და სხვა მოძრაობები აკეთებენ, მაშინ მოიძებნება გამოსავალი, მაგრამ, კრისტოფ ლიუცელის აზრით, ამას დასჭირდება დრო - დაახლოებით ხუთი ან ათი წელიწადი.
XS
SM
MD
LG