Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა. 17 ნოემბერი, 2011

  • ნიკო ნერგაძე

„სააკაშვილს ყოფილი მოკავშირეები უპირისპირდებიან“, - წერს გაზეთი ”რეზონანსი”. პუბლიკაცია, რომელიც გაზეთის პირველ გვერდზეა გამოქვეყნებული, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის მემუარებს და მასში საქართველოს თემას ეძღვნება. "არ ჩაერთოთ რუსეთის სამხედრო ძალასთან დაპირისპირებაში", - აშშ-ის მხრიდან ამ გაფრთხილების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს ომის დაწყების პროვოკაციაში ჩათრევის საშუალება მისცა, - იხსენებს აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი თავის მემუარებშიო, - წერს გაზეთი ”რეზონანსი”, რომელიც, თავის მხრივ, გამოცემა "ევრაზიანეტს" ეყრდნობა. „პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ ეს განცხადება ხელისუფლებას არგუმენტებს აცლის სწორედ იმ საკითხების მანიპულირებისას, რომელთაც ოპონენტების პრორუსულობაში დასადანაშაულებლად ყველაზე ხშირად და აგრესიულად იყენებდა. ექსპერტები აცხადებენ, რომ ოპოზიციას კონდოლიზა რაისის ამ მემუარებმა დამატებითი ძლიერი არგუმენტები მისცა", - წერს გაზეთი "რეზონანსი". "ეს მემუარები კიდევ ერთხელ არის დასტური იმისა, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობ. დაძაბულობა ნაბიჯ-ნაბიჯ მატულობდა. საქართველოს ხელისუფლებამ 2006 წლიდან კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების სამოქმედო გეგმას უგანა და, ფაქტობრივად, 2008 წლის აგვისტო მივიღეთ არა იმ პროვოკაციებიდან, რაზეც კონდოლიზა რაისი საუბრობს, არამედ იმ მძიმე სტრატეგიული შეცდომებიდან, რაც კონფლიქტების მოგვარების საკითხში ხელისუფლებამ დაუშვა”, - ამბობს კონფლიქტოლოგი გია ვოლსკი „რეზონანსთან“ საუბრისას.

კონდოლიზა რაისის მემუარებზე წერს გაზეთი ”ახალი თაობაც” და ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის ნინო ბურჯანაძის შეფასებას აქვეყნებს. ”ადრე მიცემულ ინტერვიუებში ყოველთვის მითქვამს კონდოლიზა რაისთან ჩემი ბოლო შეხვედრის შესახებ”, - ამბობს ნინო ბურჯანაძე და იქვე აგრძელებს: ”რაისმა პირდაპირ მითხრა, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან პირდაპირი პროვოკაცია და საომარი მოქმედებები არ უნდა დაეშვა, რუსეთთან ომში არ უნდა ჩაბმულიყო, რადგან თუნდაც მეგობარი საქართველოს გულისთვის რუსეთთან ომს არავინ დაიწყებდა და საქართველო რუსეთის პირისპირ მარტო აღმოჩნდებოდა”. როგორც ნინო ბურჯანაძე ამბობს, კონდოლიზა რაისის ეს გაფრთხილება მან მიხეილ სააკაშვილს 2003 წლის 3 აგვისტოს კიდევ ერთხელ გაახსენა და უთხრა, რომ რუსეთთან ომში ჩაბმა ქვეყნისთვის დამღუპველი იქნებოდა.

დღევანდელ ”საქართველოს რესპუბლიკაში” პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი ვრცელ წერილს აქვეყნებს. წერილი საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივას შეეხება. ბრიუსელი აცხადებს, მობრძანდით, მაგრამ თქვენი პრობლემების გარეშეო, პრობლემები კი ამ ეტაპზე გადაულახავია, წერს ჰამლეტ ჭიპაშვილი. ერთ-ერთი მთავარი საკითხი რუსეთთან დამოკიდებულების გამოსწორებაა, მეორე - ყოფილ ავტონომიებთან ვითარების დალაგება; გარდა ამისა, დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, სასამართლო სისტემის ძირფესვიანად შეცვლა, სოციალური ვითარების გამოსწორება და სხვა. როგორც პოლიტოლოგი ამ პუბლიკაციაში მიუთითებს, ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა უფსკრული, რომელიც საქართველოს ნატოსგან აშორებს. პრობლემებიანი ქვეყანა ბრიუსელისათვის მიუღებელია, როგორც რუსეთისთვის - ნატოსთან ჩახუტებული საქართველო.

რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს საქართველოს, თუ კოკოითიმ არჩევნების მეორე ტური ჩაშალა? - გაზეთ ”ალიას” ამ კითხვის პასუხად ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ამბობს, რომ "ეს არის სამხრეთ ოსეთის ჩრდილოეთთან, ანუ რუსეთთან, მიერთება". „ამის შემდეგ სამხრეთ ოსეთი ჩრდილოეთ ოსეთის მმართველობის ქვეშ გადავა და პრეზიდენტობისთვის ბრძოლა აზრს დაკარგავს. საერთაშორისო თანამეგობრობას, აფხაზეთისგან განსხვავებით, ამ რეგიონში წარმომადგენლობა არ ჰყავს, მარტო "საერთაშორისო წითელი ჯვარია" ცხინვალში. რა თქმა უნდა, პოსტ ფაქტუმ დაიწყებენ ამაზე გაუთავებელ ლაპარაკს, შეშფოთების გამოხატვას, რუსეთის გაკიცხვას, მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს ყველაფერი დაბრალდება მედვედევს, რომელიც ისედაც წამსვლელია და ნელ-ნელა ყველაფერი ჩაწყნარდება", - მიიჩნევს ექსპერტი.
XS
SM
MD
LG