Accessibility links

logo-print
ერთხელ ამხანაგმა ჯიმი ჰენდრიქსზე ასეთი რამე მითხრა: ეგ ისეთი კატეგორიის ადამიანებს განეკუთვნებოდა, რომლებსაც სიბერე არ აქვთო. მთლად კარგად თვითონაც არ ჰქონდა ჩამოყალიბებული, მაგრამ მივხვდი რასაც გულისხმობდა.

ეს სიტყვები 2006 წლის 24 თებერვალს გამახსენდა. იმ დღეს ირაკლი ჩარკვიანი გარდაიცვალა. ღამე, მარტო რომ დავრჩი საკუთარ თავთან, ბევრს ვფიქრობდი ირაკლიზე და მაშინ გამახსენდა. ოღონდ საპირისპირო კონტექსტში: მიუხედავად იმისა რომ მის გამოხატვის ფორმებს საზოგადოება ყოველთვის ადეკვატურად ვერ აფასებდა, ირაკლის დამოკიდებულება გარემოსადმი, ყმაწვილობიდანვე ასაკისათვის შეუფერებელი გონიერებით გამოირჩეოდა. მან კარგად იცოდა, როგორ უნდა ემუშავა პუბლიკაზე სასურველი ეფექტის მისაღებად. ქართველი მუსიკოსებიდან ირაკლიმ ეს ყველაზე უკეთ მოახერხა და ძალიან სამწუხაროა, რომ თავის 50 წლისთავზე, ის ჩვენთან აღარ არის.

ირაკლიმ მოთხრობების კრებული ბევრად ადრე გამოსცა, ვიდრე აუდიოჩანაწერი, მიუხედავად ამისა, ფართო საზოგადოებისთვის ის ყოველთვის მუსიკოსი იყო. ასევე მის პირველ ალბომამდე გამოიცა რეაქტიული კლუბის პოეტური კრებული, რომელშიც ირაკლის ლექსებიცაა შესული. აი, რომანი, შეიძლება ითქვას, მისი უკანასკნელი პირმშო იყო: წიგნის პრეზენტაციამდე ორი დღით ადრე გარდაიცვალა.

ამ დღეებში გამოცემული კრებულით კი საზოგადოება მუსიკოს-პოეტ-პროზაიკოს ირაკლის კიდევ ერთი კუთხით გაიცნობს - ამჯერად როგორც პუბლიცისტს. სურათის სისრულისთვის, ირაკლის წერილებთან ერთად, წიგნში შეტანილია მისგან აღებული რამდენიმე ინტერვიუ. მაგრამ მაინც დარჩა ბევრი რამ ირაკლის ირგვლივ, რაც სხვადასხვა მიზეზის გამო ამ კრებულში ვერ მოხვდა.

მე კი, ვისარგებლებ ირაკლისთან პროფესიული, თუ ადამიანური სიახლოვით და შევეცდები ეს დანაკლისი ამ ბლოგით ოდნავ მაინც შევავსო.

სიკვდილამდე ორიოდე წლით ადრე ირაკლიმ თავის თავი მეფედ გამოაცხადა. ეს იყო საზოგადოებაზე გათვლილი საკუთარი იმიჯის კიდევ ერთი, პროვოკაციული ცვლილება. ირაკლის ყოველთვის ეხერხებოდა საზოგადოების გამოწვევა, მისი მენტალიტეტის გაღიზიანება, თუმცა პირად ურთიერთობებში, ის უფრო ფილოსოფოსი იყო, ვიდრე შოუმენი; ხანდახან წინააღმდეგობრივი, ხანდახან ძალიან გონიერი, თუმცა ყოველთვის საინტერესო...

“მე მინდა, რომ, როცა ჩემი ქალიშვილი გაიზრდება, გააცნობიეროს საკუთარი წარმომავლობა. ჩემს მშობლებს ამაზე ჩემთან არასდროს უსაუბრიათ”. ჩარკვიანები წარმოშობით სვანეთიდან არიან, მაგრამ ირაკლი იქ პირველად მხოლოდ ახალგაზრდობაში მოხვდა.

“მე სულიერად თავიდან დავიბადე”, - იტყვის ის ამ ვიზიტის შესახებ მოგვიანებით. სულიერებას კი ირაკლი ძალიან მაღლა აყენებდა საკუთარი პრიორიტეტების სიაში. იქ ყოფნისას მან აღმოაჩინა “მთელი რაიონი, სადაც მხოლოდ ჩარკვიანები ცხოვრობდნენ, 100 ჩარკვიანი იყო ერთად”. თუმცა, “სამწუხაროდ, თავს სვანად არ ვგრძნობ. აბსოლუტურად ურბანული ვარ. ვირთხასავით ვარ”. ამის მიუხედავად, თავის პირველ ალბომს ინგლისურად “სვანის სიმღერები” (Svan Songs) დაარქვა (თუმცა ამ სახელწოდებას სხვა კონცეფციაც ჰქონდა).

მას შემდეგ ირაკლიმ კიდევ სამი ალბომი გამოუშვა. მეოთხე ალბომის გამოსვლის შემდეგ, ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნებულ რეცენზიაში მას კომერციალიზაციაში ადანაშაულებდნენ. მუსიკოსის რეაქცია ადეკვატური იყო. მისი აზრით მასმედიას უნდოდა მუსიკოსი ყოფილიყო “დაცემული, განადგურებული, მთვრალი...”

მართლაც, წინა ალბომებთან შედარებით, ეს უკანასკნელი უფრო მსუბუქი, უფრო მელოდიური იყო. თუ მანამადე ირაკლი ექსპერიმენტებს ატარებდა სხვადასხვა სტილში, აქ გამოკვეთილად იგრძნობოდა ჯაზისა და ფანკის გავლენა.

ირაკლის თქმით, ის ჯაზზე გაიზარდა “და, რა თქმა უნდა, - “ბითლზზე”. და ზოგადად, რაც შეეხება მუსიკას: “მუსიკა ჩემთვის საჭმელივითაა... რა სახისაც უნდა იყოს, არ მბეზრდება. ვუსმენ ყველაფერს. შემეძლო მეთქვა, რომ მხოლოდ შუბერტს ან შონბერგს ვუსმენ, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ არის...”

ლიტერატურასთან დაკავშირებით ირაკლი უფრო მკაცრი და თავისი თავისადმი უფრო მომთხოვნი იყო. მუსიკისგან განსხვავებით, ლიტერატურაში ყველაფერზე არ კარგავდა დროს. ის რეგულარულად კითხულობდა სუფის, ახალ აღთქმას, ნიცშეს, “ულისეს”.

წლების შემდეგ მან საკმაოდ ზუსტად შეაფასა რეაქტიული კლუბის მოღვაწეობა: “რეაქტიულ პოეზიას თავიდანვე ესკულაპური მისია ჰქონდა. ნებისმიერ კრიზისულ პერიოდში ერი უნდა განიკურნოს, რათა გადარჩეს. სწორედ ერის ავადმყოფობაზე ჩვენი - თანამედროვე ხელოვანთა - რეაქცია იყო რეაქტიული პოეზია. კლუბს თერაპიული მიზნები ჰქონდა. ჩვენ ფაქტობრივად, “ერის აიბოლიტები” ვიყავით. კონკრეტულად იმ სტერეოტიტებს ვებრძოდით, რომლებმაც ქართველი ერი დეგრადაციამდე მიიყვანა. სტერეოტიპები კი ქართველებს მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში არ გვაკლდა. თუნდაც კომუნიზმი. ჩვენ ვებრძოდით იმ კულტურულ პრესს, რომელიც მე-20 საუკუნეში შესამჩნევად ზემოქმედებდა ქართულ კულტურაზე”.

სულ სხვა დამოკიდებულება ჰქონდა საკუთარი რომანისადმი, რომელსაც 10 წელზე დიდხანს წერდა. ისე მოხდა, რომ ავტორი თავისივე ნაწარმოების მთავარი გმირის მძევალი გახდა: “მე მინდოდა, რომ ის თავისუფალი ადამიანი ყოფილიყო, მაგრამ ის დიქტატორი გახდა: ის თვითონ მეტყვის, როდის უნდა მოკვდეს, ეს ჩემზე აღარაა დამოკიდებული. მე საერთოდ არ ვაპირებდი მთავარი გმირი მყოლოდა, მან კი მითხრა, რომ საჭირო იყო”.

როცა ამას ამბობდა, მთლიანად არ მქონდა გაცნობიერებული, რომ მთავარი გმირი - რომელსაც ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ მაინც სჭირდებოდა თავის აფეთქება - ასე ძალიან ავტობიოგრაფიული თუ გახდებოდა. მაგრამ დღეს უკვე აღარ მიკვირს, როცა საკუთარი ლიტერატურული ქმნილებით დამარცხებული ირაკლი მაინც თავის სიმტკიცესა და გაბედულებაზე ლაპარაკობდა: “ამას იმიტომ ვამბობ, რომ მიყვარს გარისკვა, ადრენალინი. ამას უფრო სულიერ ასპექტში ვგულისხმობ, ვიდრე, ფიზიკურში.”

სამწუხაროდ, ფიზიკურ ასპექტში ირაკლი ჩვენთან აღარ არის, სულიერ ასპექტში კი კიდევ დიდხანს მოახერხებს საზოგადოებას საზრდო მიაწოდოს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG