Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკფოლის კანდიდატურას წინააღმდეგობა ხვდება


რუსეთში აშშ-ის ელჩობის კანდიდატი, მაიკლ მაკფოლი
რუსეთში აშშ-ის ელჩობის კანდიდატი, მაიკლ მაკფოლი
რუსეთში აშშ-ის შტატების ელჩობის კანდიდატს, მაიკლ მაკფოლს დაბრკოლება შეექმნა. რესპუბლიკელი კონგრესმენის, ბობ კორკერის მოთხოვნის გამო (რომელიც, სხვათა შორის, არ არის კავშირში მაკფოლის კანდიდატურასთან) შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გადადო კენჭისყრა მაკფოლის კანდიდატურის დამტკიცებაზე.
ყოველთვის, როცა შესაძლებლობა გვეძლევა ხოლმე, ვადასტურებთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცება რჩება ობამას ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად...

რუსეთის საკითხებში პრეზიდენტ პრეზიდენტ ბარაკ ობამას მთავარი მრჩევლის, ეროვნული უშიშროების საკითხების კომიტეტის წევრის, მაიკლ მაკფოლის მიმართ აქამდე ვაშინგტონში დადებით დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ. ეს ეხება როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიების წარმომადგენლებს. პრეზიდენტმა ობამამ წელს, 14 სექტემბერს წამოაყენა მაკფოლის კანდიდატურა მოსკოვში ამჟამინდელი ელჩის, ჯონ ბაიერლის შემცვლელად.

გასულ თვეში, როცა სენატის საგარეო ურთიერთობათა ევროპის საკითხების ქვეკომიტეტში გაიმართა მოსმენა, მოსკოვში ახალი ელჩის კანდიდატურის განსახილველად, მაკფოლს საკმაოდ ვრცლად მოუწია საუბარი საქართველოზეც. მან აღნიშნა, რომ რუს ჯარისკაცებს კვლავაც ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორია: „ყოველთვის, როცა შესაძლებლობა გვეძლევა ხოლმე, ვადასტურებთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცება რჩება ობამას ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. საამისოდ მივმართავ სხვადასხვაგვარ ზომებს - ნება მიბოძეთ, რამდენიმეზე ვისაუბრო: პირველ რიგში, დიპლომატიის ფრონტზე. ვცდილობთ, სხვა ქვეყნებიც დავარწმუნოთ, არ აღიარონ აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი (...) და ამ მხრივ მიღწეულია მნიშვნელოვანი შედეგები, რადგან (აღიარების) პროცესი უფრო შორს არ წასულა (...) ამ საკითხში რადიკალურად არ ვეთანხმებით რუსებს - ეს ხდება პრეზიდენტების შეხვედრის დროს, ეს ხდება, როცა სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ხვდება საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს და ამას ჩვენც გავაგრძელებთ, რუსეთში შეერთებული შტატების ელჩად ჩემი დამტკიცების შემთხვევაში“, - განაცხადა მაკფოლმა გასულ თვეში, შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა ევროპის საკითხების ქვეკომიტეტში გამართულ მოსმენაზე. მაშინ, შეიძლება ითქვას, ეჭვს არ იწვევდა მაკფოლის კანდიდატურის მიმართ სენატის მხარდაჭერა.

მაშ, რატომ ხვდება მას დაბრკოლება ახლა? აი, როგორ პასუხობს ამ შეკითხვას ვაშინგტონელი ექსპერტი, მეთიუ როჯანსკი - კვლევით ცენტრ „კარნეგის ფონდის“ რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის დირექტორის მოადგილე. „ჩემი აზრით, სავსებით ნათელია, რომ საქმე მასში (მაკფოლში) არ არის. ორივე პარტიის წარმომადგენლებს - არა მარტო ახლა, არამედ მისი კანდიდატურის დასახელებისას და მანამდეც კი, როცა გაჟონა ინფორმაციამ მისი სავარაუდო ნომინაციის შესახებ - ძალიან პოზიტიურ შეფასებები აქვთ გამოთქმული მის შესახებ. ის, რაც იწვევს უარყოფით დამოკიდებულებას, არის „გადატვირთვის პოლიტიკა და ობამას ადმინისტრაცია. საკითხმა პოლიტიკური შეფერილობა მიიღო,“ - ამბობს მეთიუ როჯანსკი და მიუთითებს პოლიტიკურ კონტექსტზე - შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებაზე. არჩევნები, როგორც ცნობილია, მომავალ წელს იმართება.

მარტო ეს ექსპერტი არ ფიქრობს, რომ ოპოზიციური რესპუბლიკური პარტია მოსკოვში აშშ-ის მომავალი ელჩის საკითხს იყენებს რუსეთის მიმართ თეთრი სახლის პოლიტიკის გამო უკმაყოფილების გამოსათქმელად. მაკფოლის შემთხვევაში მოხდა ის, რომ მისი კანდიდატურა 15 ნოემბერს უნდა განეხილა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს. მაგრამ მანამდე ამ კომიტეტის წევრმა, რესპუბლიკელმა სენატორმა ბობ კორკერმა (ტენესიდან) გამოთქვა პროტესტი მოთხოვნით, რომ ობამას ადმინისტრაციამ ჯერ უნდა უზრუნველყოს აშშ-ის ბირთვული არსენალის მოდერნიზაციის დაფინანსება.

სენატორის პრესმდივანმა რადიო თავისუფლებას ელექტრონული ფოსტით გამოუგზავნა შემდეგი განმარტება: „სენატორი კორკერი მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ შეერთებულმა შტატებმა დააფინანსოს ჩვენი ბირთვული იარაღისა და კომპლექსის საჭირო მოდერნიზაცია, როგორც ამას განსაზღვრავს ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაცია, ჩვენი ბირთვული შემაკავებელი სისტემის უსაფრთხოებისა და სანდოობის უზრუნველსაყოფად“, ნათქვამია ტექსტში, რომელშიც მაკფოლს არ ახსენებენ.

რესპუბლიკელი სენატორის ზემოხსენებული მოთხოვნის გამო გადაიდო მაკფოლის კანდიდატურის შესახებ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში 15 ნოემბრისათვის დანიშნული კენჭისყრა. კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი მასაჩუსეტსიდან ჯონ კერი იმედოვნებს, რომ კენჭისყრა მალევე დაინიშნება, მისთვის შექმნილი დაბრკოლების მოგვარების შემდეგ.

მაგრამ კომიტეტში მხარდაჭერის შემთხვევაშიც კი, მაკფოლის კანდიდატურას შესაძლოა, მორიგ დაბრკოლებები შეხვდეს სენატში. რესპუბლიკელები, სავარაუდოდ, ისარგებლებენ შემთხვევით და ისევ გამოხატავენ კრიტიკულ დამოკიდებულებას „გადატვირთვის პოლიტიკის“ მიმართ. 47 წლის მაიკლ მაკ ფოლი ამ პოლიტიკის ერთ-ერთი ინიციატორი და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია.
XS
SM
MD
LG