Accessibility links

logo-print

არაბული ქვეყნების ლიგამ სამდღიანი ვადა მისცა სირიას, შეწყვიტოს ამბოხების ჩახშობა


სირია

სირია

მაროკოში, რაბათში, ოთხშაბათს გაიმართა არაბული ლიგის ქვეყნების შეხვედრა, რომელზეც სირიის მთავრობას სამდღიანი ვადა მისცეს, შეწყვიტოს ძალადობა საპროტესტო მოძრაობის მონაწილეთა მიმართ, თორემ სანქციებს დაუწესებენ.

არაბული ლიგის ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა შეხვედრაზე, რომელსაც სირიის წარმომადგენელი არ ესწრებოდა, ორგანიზაციაში მისი წევრობის შეჩერების გამო, გარდა ძალადობის შეწყვეტისა, სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს, მოსთხოვეს შეუშვას ქვეყანაში მეთვალყურეები, რომლებიც ადგილზე უნდა გაეცნონ ვითარებას. სირიის რეჟიმის მხრივ თანამშრომლობაზე უარის თქმის შემთხვევაში, ლიგა სანქციებით ემუქრება სირიას. კატარის პრემიერ-მინისტრმა, შეიხმა ჰამად ბინ ჯასემ ალ-თანიმ, შეხვედრის შემდეგ, პრესკონფრენციაზე თქვა, რომ არაბული ქვეყნების მოთმინების ფიალა სწრაფად ივსება.

არ შეგვიძლია მშვიდად ვუყუროთ, ჩაურევლად, როგორ ხოცავენ ხალხსო, - თქვა მან, - მივიღეთ რთული გადაწყვეტილება, რადგან პასუხისმგებელი ვართ, ჩვენი ძმების სისხლისღვრა შეწყდესო. ალ თანიმ სანქციებზეც ილაპარაკა და, როგორც ხუთშაბათს გავრცელდა ცნობა, ექსპერტები ამზადებენ წინადადებებს, რა სახის სასჯელი დაუწესონ სირიას, თუ არ ითანამშრომლებს. 22 წევრიანმა ლიგამ ისიც განაცხადა, რომ მიმართავს ზომებს სამოქალაქო პირთა დასაცავად, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ყოველგვარი უცხო ინტერვენციის წინააღმდეგია. არაბულმა ლიგამ 12 ნოემბერს სირიას თავის რიგებში წევრობა შეუჩერა. ეს იყო შედეგი სირიის უარისა, მიეღო არაბული ქვეყნების გეგმა, რომელიც გულისხმობდა ტანკების გაყვანას იმ ქალაქებიდან, სადაც გამოსვლები იყო, და დემონსტრანტებზე თავდასხმების შეეწყვიტას. გეგმა ასევე მოითხოვდა დამასკოსგან, დაეწყო დიალოგი ოპოზიციასთან. დაწესებული ვადა ძალაში შევიდა ხუთშაბათიდან. თვითონ სირიამ გადაწყვეტილებას უწოდა სახიფათო ნაბიჯი და აშშ-ის მიერ წაქეზებულ სვლად შეაფასა ის. ვაშინგტონი მიესალმა გადაწყვეტილებას, მოსკოვმა კი მას არაკორექტული უწოდა. ამავე დროს, სირიის იზოლაციაზე მიანიშნებს ისიც, რომ მაროკომ და საფრანგეთმა ელჩები გაიწვიეს სირიიდან. ახალი ძალადობის პირობებში, განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალან ჟუპემ, გადავწყვიტეთ დაგვეხურა მისიები ალეპოსა და ლატაკიაში და ელჩები პარიზში გაგვეწვიაო. ჟუპე გულისხმობდა შაბათ-კვირას საფრანგეთის და ასევე საუდის არაბეთისა და თურქეთის მისიებზე თავდასხებს. ოთხშაბათს სირიის რეჟიმის მომხრეებმა იერიში მიიტანეს არაბული საამიროების - კატარის, ასევე მაროკოს - საელჩოებზე. ჟუპემ პარიზში განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არაბული ლიგის წევრებთან ერთად მუშაობს გაეროს რეზოლუციის პროექტზე, რომელშიც უნდა დაიგმოს ძალადობა სირიაში. რუსეთმა და ჩინეთმა მსგავს რეზოლუციას გასულ თვეში ვეტო დაადეს. თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა ანკარაში თქვა, რომ თუ ასეთი თავდასხები საელჩოებზე განმეორდა, მას შედეგები მოჰყვება.

სირიიდან იუწყებიან, რომ სამხედროებმა, რომლებმაც დატოვეს ამ ქვეყნის არმიის რიგები და ოპოზიციის მხარეს გადავიდნენ, თავდასხმა მოაწყვეს დაზვერვის სამსახურის შტაბბინაზე დამასკოში და ექვსი სამხედრო მოკლეს. აქტივისტების თქმით, მათვე დახოცეს რვა ჯარისკაცი და დაჭრეს ათეულობით პირი ჰამაში უშიშროების სამსახურის საგუშაგოზე თავდასხმისას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამგვარი ძალადობა ასადის რეჟიმის წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან სირიის ოპოზიცია მშვიდობიანი მოძრაობაა. სირიის უშიშროების ძალებმა ჰომსში, იდლიბსა და დამასკოში 13 სამოქალაქო პირი მოკლეს. გაეროს მონაცემებით, მარტის შემდეგ სირიაში უშიშროების ძალებმა 3500-ზე მეტი დემონსტრანტი დახოცეს.
XS
SM
MD
LG