Accessibility links

კოლეგიალობა პულტებით და იგნორირებული კანონი

  • ნინო როდონაია

ამ კვირაში საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ახალი ვიდეომასალა, რომელიც კვლავ ადასტურებს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები კენჭისყრაში კოლეგების ნაცვლადაც მონაწილეობენ. საკუთართან ერთად სხვისი პულტით ხმის მიცემა და, შესაბამისად, კანონის იგნორირება ქვეყნის პარლამენტისთვის სიახლე არ არის. წინა თუ ამჟამინდელი მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანისგან არაერთხელ მოუსმენიათ, მაგალითად, ამ შინაარსის გაფრთხილება: ”კენჭისყრა გაიმართება ხუთ საათზე. გაფრთხილებთ, რომ ყველანი მობრძანდეთ ხუთ საათზე. არანაირი sms ფრაქციიდან არ მოგივათ.” ან ამგვარი: ”დეპუტატებო, შორს ნუ წახვალთ დარბაზიდან! ორ საათზე კენჭისყრას ჩავატარებთ. მთელ ხელფასს დაგიქვითავთ, ახალი წლის წინ დარჩებით გაღიმებულები!”

პარლამენტის რეგლამენტის 140-ე მუხლი დეპუტატს საკუთარი ხმის დელეგირების უფლებას არ აძლევს...
ის, რაც წინ კენჭისყრას უძღვის, ანუ პლენარულ სხდომებზე კანონპროექტების განხილვა, დეპუტატებისგან თითქმის დაცარიელებულ დარბაზში არცთუ იშვიათად მიმდინარეობს. მაგრამ პარლამენტის წევრებმა, განსაკუთრებით უმრავლესობიდან, კარგად იციან, რომ თავად კენჭისყრას მაქსიმალურად მობილიზება სჭირდება. კენჭისყრისას დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის ან სხდომის სხვა წამყვანებისგან ხშირად ასეთი გაფრთხილებაც ისმის: ”ორგანული კანონია, ყურადღებით! მაღალი კვორუმით!” მსგავსი გაფრთხილება იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრისთვის განსაკუთრებული მობილიზებაა აუცილებელი. სხვა კანონებთან ერთად, რამდენიმე ორგანულიც იყო დასამტკიცებელი გასული კვირის პლენარულ სხდომაზე, რომლის დასრულების შემდეგ ”პალიტრა TV”-მ დეპუტატების მიერ ხმის სხვისი პულტებითაც მიცემის ახალი ვიდეოკადრები გაავრცელა. ამჯერადაც კარგად ჩანს, რომ ძირითადად ერთმანეთთან საუბრით ან რაიმე სხვა საქმით გართულ დეპუტატებს რამდენიმე წამით ყურადღება პულტებზე გადააქვთ, თან არა მხოლოდ საკუთარზე, არამედ დარბაზში არმყოფი კოლეგების პულტებზეც და სადამდეც ხელი მიუწვდებათ, ღილაკებს თითს აჭერენ. მსგავსი რამ არაერთხელ უნახავს ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” საპარლამენტო თანაშემწე გიორგი თოფურიას, რომელმაც პულტებით მანიპულირებას ბლოგებიც მიუძღვნა. მისი განმარტებით:

”პარლამენტის რეგლამენტის 140-ე მუხლი დეპუტატს საკუთარი ხმის დელეგირების უფლებას არ აძლევს. თუ პარლამენტის წევრს სურს კენჭისყრისას საკუთარი ხმა დააფიქსიროს, ის აუცილებლად უნდა იმყოფებოდეს სხდომათა დარბაზში. არ შეიძლება მან სხვა დეპუტატს გადასცეს საკუთარი საიდენტიფიკაციო ბარათი, რომლის მეშვეობითაც ხდება ხმის მიცემა. ზოგჯერ არის შემთხვევები, რომ ერთი დეპუტატი კენჭისყრის დროს ადგება და 4-5 დეპუტატის ნაცვლად აფიქსირებს ხმას. ეს მიუთითებს, რომ ამ დეპუტატებს წინასწარ აქვთ გადაცემული უნიკალური საიდენტიფიკაციო ბარათები, რომელთა მეშვეობით არადამსწრე კოლეგების ნაცვლად აძლევენ ხმას.”

სხვისი პულტების გამოყენება არაერთხელ ქცეულა საპარლამენტო ოპოზიციის პროტესტის მიზეზად, რაც ზოგიერთ შემთხვევაში საფუძვლიანად მიუჩნევია ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანსაც: ”კაცი სამი კვირაა ბიულეტენზეა და მას არავისთვის საკუთარი პულტი არ დაუტოვებია. ამიტომ მანდატურის სამსახურს ვთხოვ გაარკვიოს, ვინ გამოიყენა და როგორ გამოიყენა. რა არის, პულტი გაქვს დატოვებული მურთაზისთვის?! შენ ხელფასის გარეშე დარჩები და მურთაზი სამსახურის გარეშე.”

მიხელ მაჭავარიანის მუქარა უხელფასოდ დარჩენის შესახებ პარლამენტის რეგლამენტს ეფუძნება. ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” საპარლამენტო თანაშემწის გიორგი თოფურიას თქმით, ”ეს ნორმატიული აქტი სხვისი პულტის გამოყენებისთვის დეპუტატის დაჯარიმებას ითვალისწინებს. საკმაოდ საინტერესოა, რომ ფინანსური ჯარიმა ვრცელდება არა იმ პირზე, რომელიც ხმას უშუალოდ აძლევს, არამედ საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელზე. პირველი დარღვევისთვის ეჭრება ერთი თვის ხელფასი, მეორე დარღვევისთვის - სამი თვის ხელფასი და ყოველი მომდევნო დარღვევისთვის უკვე ნახევარი წლის ხელფასი. შესაბამისად, რეგლამენტი საკმაოდ მკაცრად განსაზღვრავს, რომ ეს არის სერიოზული დანაშაული და დეპუტატი, რომელიც ჩართულია ასეთ კანონდარღვევაში, სერიოზულად დაისჯება.”
ეს შეურაცხყოფა და თვალში ნაცრის შეყრაა. მაშინ, როდესაც შენ ქმნი კანონმდებლობას, სხვას მიუთითებ კანონიერებისკენ და არღვევ შენ მიერვე მიღებულ კანონს...

იმის გასარკვევად, თუ რამდენი დეპუტატი დაისაჯა ამ მოწვევის პარლამენტში სხვისი პულტებით ხმის მიცემისთვის, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” მიმართა პარლამენტის მანდატურის სამსახურს, რომელსაც კანონით ევალება მსგავს დარღვევაზე რეაგირება. თუმცა, მანდატურის სამსახურის ნაცვლად, პასუხი პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტისგან მიიღეს. გიორგი თოფურიამ რადიო თავისუფლებას უამბო, რომ ”მიუხედავად ყველა იმ ვიდეოჩანაწერისა, რომელიც მიგვითითებს, რომ ეს ყველაფერი მართლაც ხდება, წერილში ნათქვამი იყო, რომ საქართველოს პარლამენტში პულტებით მანიპულირების ფაქტები დაფიქსირებული არ ყოფილა.” კანონდარღვევის უარყოფა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” საპარლამენტო თანაშემწისთვის იმის მანიშნებელია, რომ ამ პრობლემის გამოსწორება პარლამენტს არ აინტერესებს და მსგავსი დარღვევები გაგრძელდება. გიორგი თოფურია მიიჩნევს, რომ დეპუტატების მიერ სხვისი პულტების გამოყენება, კანონის დარღვევის გარდა, ამომრჩევლისადმი უპატივცემულობაცაა. მსგავსი აზრი გამოთქვეს ამომრჩევლებმაც, რომლებიც რადიო თავისუფლებამ საგანგებოდ ქუთაისში, მომავალ საპარლამენტო დედაქალაქში, გამოკითხა.

”ეს შეურაცხყოფა და თვალში ნაცრის შეყრაა. მაშინ, როდესაც შენ ქმნი კანონმდებლობას, სხვას მიუთითებ კანონიერებისკენ და არღვევ შენ მიერვე მიღებულ კანონს, ეს ცუდი ქმედებაა დეპუტატების მხრიდან”, - გვითხრა ერთ-ერთმა რესპონდენტმა.

”მიჩნდება განცდა, რომ დეპუტატი, რომელმაც აიღო ვალდებულება, უპასუხისმგებლოა. ვერ აცნობიერებს იმას, თუ სად არის და რატომ. ისინი არიან უფუნქციო დეპუტატები, რომლებიც, სამწუხაროდ, მეც ხშირად შემიმჩნევია პარლამენტის სხდომებზე. ჩემი აზრით, მონიტორინგი უნდა განხორციელდეს მსგავს პარლამენტარებზე. იმაზეც, ვინც სხვის პულტს იყენებს და იმაზეც, ვინც აძლევს საშუალებას მისი პულტი სხვამ გამოიყენოს”, - უთხრა რადიო თავისუფლებას კიდევ ერთმა რესპონდენტმა.

ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ პარლამენტის რომელი დეპუტატები მიმართავენ პულტებით მანიპულირებას და რამდენად რეალურად მოქმედებს რეგლამენტით გათვალისწინებული სანქციები, აუცილებლად ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რადგან წარმომადგენლობითი დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი საკუთარი ამომრჩევლისადმი კანონმდებლის ანგარიშვალდებულებაა, - ამბობს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” საპარლამენტო თანაშემწე გიორგი თოფურია. მისივე თქმით, სამართლებრივი კვლევის საგნად უნდა იქცეს რამდენად კანონიერია კვორუმის არარსებობის პირობებში დამტკიცებული კანონები. ამ საკითხზე ხანგრძლივად და სერიოზულად მუშაობის შედეგი სამომავლოდ, შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლადაც იქცეს. მანამდე კი ”საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” მხოლოდ ის დარჩენია, რომ საქართველოს პარლამენტს მის მიერვე შექმნილი კანონის დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდოს.
XS
SM
MD
LG