Accessibility links

logo-print

”ახალი მემარჯვენეების” ათი წელი და ”განახლების სტრატეგია”


პოლიტიკურმა პარტიამ ”ახალი მემარჯვენეები” პარტიის არსებობის ათი წლისთავი 18 ნოემბერს საიუბილეო ყრილობაზე აღნიშნა და საზოგადოების წინაშე განახლებული სტრატეგიითა და სიმბოლიკით წარდგა. უახლოესი წლების განმავლობაში ”ახალმა მემარჯვენეებმა” მთავარ ამოცანად საქართველოში საშუალო ფენის ჩამოყალიბება დაისახეს, რაც დაედო კიდეც საფუძვლად პარტიის ”განახლების სტრატეგიას”. რიგით მეხუთე ყრილობაზე პარტიის წევრებმა ”ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარის პოსტზე კვლავაც დავით გამყრელიძე აირჩიეს.

პოლიტიკური პარტია ”ახალი მემარჯვენეების” საიუბილეო ყრილობა სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული ნახევარსაათიანი ფილმით გაიხსნა, რომელშიც ბოლო ათი წლის განმავლობაში ამ პოლიტიკური ძალის ისტორიის მთავარი მომენტები გაერთიანდა. ფილმის ყურებისას პარტიის ლიდერს, დავით გამყრელიძეს, ამ ათწლიანმა ისტორიამ ასეთი სიტყვები ათქმევინა:
თუ ბიზნესი არ გაძლიერდა, არ იქნება დოვლათი ქვეყანაში, არ იქნება შემოსავალი, ფული ბიუჯეტში და სამუშაო ადგილები ქვეყანაში...

”სხვადასხვანაირი ემოციაა, - ბევრი ტკივილიც, გულდაწყვეტაც, მაგრამ სიამაყის გრძობაც, - რადგან რთული, მაგრამ საამაყო ათი წელის გავიარეთ.”

”ახალი მემარჯვენეების” ყრილობაზე დავით გამყრელიძის 40 წუთიანი სიტყვის პირველი ნაწილი განვლილი ათი წლის განმავლობაში მისი პარტიის მიერ გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯების შეფასებას დაეთმო, მეორე ნაწილი კი იმ სიახლეებს, რომელთაც ”ახალი მემარჯვენეები” თავის ამომრჩეველს მომავალში სთავაზობს. პარტის ლიდერმა, რომელიც 18 ნოემბერს გამართულ ყრილობაზე კვლავაც ”ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარედ აირჩიეს, საზოგადოებას ”განახლების სტრატეგია” წარუდგინა. მთავარ პოლიტიკურ დოკუმენტში წერია, რომ ახალმა მემარჯვენეებმა უახლოეს წლებში ქვეყანაში საშუალო ფენის ჩამოყალიბება უნდა უზრუნველყონ. მთავარი მიზანი ოთხ ძირითად პრიორიტეტს ეფუძნება. პირველი სწორი ეკონომიკური პოლიტიკაა:

”თუ ბიზნესი არ გაძლიერდა, არ იქნება დოვლათი ქვეყანაში, არ იქნება შემოსავალი, ფული ბიუჯეტში და სამუშაო ადგილები ქვეყანაში. დღეს კი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი საქმიანობა ბიზნესსაქმიანობაა, რადგან ამ ხელისუფლებამ არაფერი იცის გარდა იმისა, როგორ დაიჭიროს და დააშინოს და წინასწარი პატიმრობა გამოიყენოს ამ ადამიანების წინააღმდეგ. მე მინდა პირობა მივცე ყველა ბიზნესმენს და ამ საქმით დაკავებულ ყველა ადამიანს, რომ ჩვენ გავაუქმებთ წინასწარ პატიმრობას ეკონომიკური დანაშაულისთვის. ხაზინა საურავებით და ჯარიმებით კი არ უნდა შევავსოთ, ბიზნესის განვითარებითა და ხელშეწყობით. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ცვლილებას - საგადასახადო კოდექსს ვაქცევთ ორგანულ კანონად და ყველა ცვლილება საგადასახადო კოდექსში დაექვემდებარება ერთთვიან წინასწარ განხილვას.”

”ახალი მემარჯვენეები” მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარების შემდეგი ინიციატივით გამოდიან:

”ჩვენ გვაქვს მცირე ბიზნესის განვითარების ფონდის ჩამოყალიბების იდეა და ვფიქრობთ, წელიწადში ამ ფონდმა 160 000 000 ლარის ფინანსური რესურსი უნდა მოიცვას და, ჩვენი გათვლებით, ყოველწლიურად დაახლოებით 10 000 პროექტი უნდა დაფინანსდეს, რაც ოთხი წლის განმავლობაში 160-180 000 დამატებით სამუშაო ადგილის შექმნას ნიშნავს.”

შემდეგი სფერო სოფლის მეურნეობაა. ”ახალი მემარჯვენეები” ახალი ქართული სოფლის ჩამოყალიბების ინიციატივით და აგრარული განათლების ხელშეწყობის იდეით გამოდიან:

”სიმინდის ტაროებით სოფლის მეურნეობას ვერ გადავარჩენთ. ამისთვის საჭიროა აგრარული სექტორი და აგრარული ბიზნესი გახდეს მიმზიდველი ბიზნესმენისთვის, მეწარმისთვის და ინვესტორისთვის. ამისთვის საჭიროა საგადასახადო სტიმულირება, საწვავის გადასახადისგან გათავისუფლება, სასოფლო-სამეურნეო დაზღვევაში თანაგადახდის შემოტანა. ჩვენ ასევე გამოვედით იდეით, რომ ქვეყანაში აგრარული საუნივერსიტეტო განათლება გახდეს პრიორიტეტული და ასეთი უნივერსიტეტი იყოს არა თბილისში, არამედ, მაგალითად, სიღნაღში.”

განათლების სფეროს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დავით გამყრელიძე ისეთი საგანმანათლებლო სისტემის შექმნას ასახელებს, რომელშიც, ძლიერი სკოლის პირობებში, მოსწავლეებს აღარ დასჭირდებათ რეპეტიტორების დახმარება.
ხელმისაწვდომი ჯანდაცვის მისაღწევად საქართველოს მოსახლეობას ”ახალი მემარჯვენეები” პოლიტიკურ პროგრამაში დაზღვევის პაკეტის საკუთარ ვარიანტს სთავაზობენ, რომლის არსებობის შემთხვევაში ადამიანებს აღარ მოუნდებათ, გასაგები მიზეზების გამო, სოციალურად დაუცველთა სიებში მოხვედრა:
თავიდან გაზაფხულის ფერად მოვიაზრეთ, მაგრამ მერე სხვანაირი შეფასებებიც გაჩნდა - ჯეჯილის ფერი, ახალი სიცოცხლის ფერი, და ეს ჩავდეთ კიდეც მთავარ იდეაში...

”ადამიანებს ქალაქად თუ სოფლად ძალიან დიდი მოტივაცია აქვთ, რომ მოხვდნენ სიღარიბის ზღვარს მიღმა მხოლოდ იმიტომ, რომ მიიღონ ჯანმრთელობის დაცვის პოლისი. რა გამოდის? - იმის მაგივრად, რომ ადამიანებს ვეხმარებოდეთ სიღარიბიდან ამოსვლაში, ჩვენ ადამიანებს ვუბიძგებთ, რომ სიღარიბიდან სიღატაკის სფეროში აღმოჩნდნენ და ეს არის დამღუპველი”, - ამბობს ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი, ფიქრია ჩიხრაძე.

”ახალ მემარჯვენეებს”, განახლების სტრატეგიის გარდა, სიახლეები აქვთ პარტიის სიმბოლიკაშიც. მათი ბანერიდან გაქრა სიტყვა ”ახლები”. ათი წელი პოლიტიკაში ახალს აღარ ნიშნავს - ეს არის ამ ცვლილების მთავარი მიზეზი. შეიცვალა პარტიის დროშისა და სხვა ატრიბუტების ფერიც ღია მწვანითა და ლურჯით. ფიქრია ჩიხრაძე განმარტავს, რომ რებრენდინგის ამ ნაწილს სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა:

”თავიდან გაზაფხულის ფერად მოვიაზრეთ, მაგრამ მერე სხვანაირი შეფასებებიც გაჩნდა - ჯეჯილის ფერი, ახალი სიცოცხლის ფერი, და ეს ჩავდეთ კიდეც მთავარ იდეაში.”

დაბოლოს, კიდევ ერთი ვადით არჩეულმა ”ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ სიტყვით გამოსვლისას ისიც თქვა, რომ ოპოზიციური პარტიების გაერთიანების - ”ალიანსი საქართველოსათვის” -დაშლის შემდეგ მისი პოლიტიკური ძალა არა მხოლოდ სერიოზული ფინანსური კრიზისის, არამედ პოლიტიკური სივრციდან საერთოდ გაქრობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, მაგრამ რთული პერიოდი ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა და ჰოლანდიის მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით გადალახა. და ახლა ყველა იმ ამოცანის განხორციელება, რომელიც ახალმა მემარჯვენეებმა დაისახეს, მათივე თქმით, შესაძლებელი იქნება ერთადერთ შემთხვევაში - თუ მომავალ პარლამენტში არ იქნება ერთპარტიული უმრავლესობა.
XS
SM
MD
LG