Accessibility links

logo-print

მოსკოვში შეიქმნა ევრაზიის ეკონომიკური კავშირი


რუსეთი, ბელორუსია და ყაზახეთი შეთანხმდნენ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნაზე. ეს სამი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა აქამდე გაერთიანებული იყო საბაჟო კავშირში. დღეს რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა და მისმა ბელორუსმა და ყაზახმა კოლეგებმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ და ნურსულთან ნაზარბაევმა მოსკოვში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საერთო აღმასრულებელი ორგანოს შექმნას, მჭიდრო ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესის გასაძღოლად. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სათავე ოფისი მოსკოვში განთავსდება. „დღეს ჩვენ პირველად შევთანხმდით ზეეროვნული, ჩვენი ქვეყნების მიმართ ნეიტრალური ორგანოს ფორმირებაზე. მას თანდათან გადაეცემა ახალი უფლებამოსილებები. ეს არის, რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. განსაკუთრებით აღვნიშნავ, რომ კომისიის ჩარჩოებში გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმი აბსოლუტურად გამორიცხავს რომელიმე ერთი ქვეყნის დომინირებას მეორეზე“, - განაცხადა მოსკოვში პრეზიდენტმა მედვედევმა. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნის ინიციატივა ეკუთვნის რუსეთის პრემიერ-მინისტრს, ვლადიმირ პუტინს, რომლის თქმითაც, ასეთი კავშირი ჯერ მოიცავს რუსეთს, ბელორუსიასა და ყაზახეთს და შემდეგ მასში გაწევრიანება შეეძლებათ ამის მსურველ სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსაც. ოპონენტების შეფასებით, საქმე ეხება ყოფილი საბჭოთა იმპერიის აღდგენის მცდელობას. პუტინის განმარტებით, „ევრაზიის კავშირი“ ეკონომიკური მიზნებით შემოიფარგლება და ევროკავშირის მოდელით იხელმძღვანელებს.
XS
SM
MD
LG