Accessibility links

კონდოლიზა რაისის მემუარებისა და ევროპარლამენტის რეზოლუციის კვირა


კონდოლიზა რაისი

კონდოლიზა რაისი

კვირის განმავლობაში წინა პლანზე წამოიწია ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის მემუარები, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამოვიდა. წიგნში ერთი თავი მთლიანად აგვისტოს ომს ეძღვნება. ასეც ჰქვია: ”საქართველოში ომი დაიწყო”. რაისი დაწვრილებით აღწერს იმ კონტექსტს, რომელშიც ომი დაიწყო; საუბრობს კოსოვოს საკითხზე და მას უკავშირებს რუსეთის აგრესიას, როგორც სავარაუდო პასუხს ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებაზე, რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ეღიარებინა კოსოვო. კონდოლიზა რაისი ამბობს, რომ მან ომამდე რამდენიმე თვით ადრე გააფრთხილა პრეზიდენტი სააკაშვილი, არავითარ შემთხვევაში არ გამოეყენებინა ძალა და არ მიეცა საშუალება რუსული არმიისთვის პროცესში ჩართულიყო. შემდეგ კონდოლიზა რაისი აღწერს დეტალურად როგორ გახსნეს ცეცხლი სამხრეთ ოსეთიდან აჯანყებულმა რაზმებმა და როგორ გადაწყვიტა საქართველოს ხელმძღვანელობამ ”საკონსტიტუციო წესრიგის” დამყარება და სრულმასშტაბიანი სამხედრო კამპანიის წამოწყება, რასაც, რაისის თქმით, 30 წუთში რუსული არმიის ასევე სრულმასშტაბიანი თავდასხმა მოჰყვა. რაისი იგონებს სერგეი ლავროვთან თავის სატელეფონო საუბარს, რომლის დროსაც ლავროვს მისთვის უთქვამს, ჩვენში დარჩეს და ერთ-ერთი მოთხოვნა პრეზიდენტ სააკაშვილის თანამდებობიდან გადაყენება არისო:

”თუ ქართველებს სურდათ სააკაშვილი დაესაჯათ ომის გამო, მათ ამის შანსი ექნებოდათ საკუთარი კონსტიტუციური პროცესების შესაბამისად, მაგრამ რუსეთს არ ჰქონდა უფლება მოეთხოვა მისი გადაყენება.”

აქვე უნდა შევჩერდეთ კონდოლიზა რაისის მემუარებში წამოწეულ ნატოს თემაზეც. რაისი ამბობს,ევროპელებმა საქართველოს ერთი მილიარდი დოლარი გამოუყვეს რეკონსტრუქციისთვისო და იქვე - როგორც ჩანს,იუმორით - შენიშნავს, ”იმაზე მეტი ფული, ვიდრე საქართველოს შეეძლო დაეხარჯაო”. თუმცა, ამასთანავე, იხსენებს იმ განცხადებებს, რომლებსაც ევროპელი პოლიტიკოსები იმ პერიოდში აკეთებდნენ: ევროპულ სტრუქტურებში ჯერჯერობით არ არის არასტაბილური ქვეყნის ადგილი, ქვეყნისა, რომელიც ასეთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს იღებსო. რაისი აღნიშნავს, იმ ეტაპზე ევროპელი პოლიტიკოსები საკმაოდ კრიტიკულად აფასებდნენ მიხეილ სააკაშვილის ქმედებებს, რადგან მან მთელი ევროპა რისკის წინაშე დააყენა, თუმცა აღნიშნავდნენ იმასაც, რომ რუსული მხარის ქმედება უკანონო იყო, როცა ის სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიჭრაო.

ევროპარლამენტი

ევროპარლამენტი

ამ კვირაში ევროპელებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმ ფაქტს, რომ რუსეთს აგვისტოს ომის შემდგომი შეთანხმებები არ შეუსრულებია და ჯარები ომამდელი დისლოკაციის ტერიტორიებზე არ დაუბრუნებია. ევროპელები კიდევ ერთხელ აფიქსირებენ თვიანთ პოზიციას და ამბობენ, რომ ამას ოკუპაცია ჰქვია. ამასთანავე, კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ, მეორე მხრივ, საქართველო ევროინტეგრაციისთვის მზად არ არის. მაგალითად, საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლით საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის თქმული ’ჰო’, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, გაგრძელდა საუბრებით ევროპასთან ’ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის’ ფორმატზე, ამჯერად უშუალოდ საქართველოს მხრიდან. საუბარია ევროპულ ბაზარზე ქართული პროდუქციისათვის მარტივად შესვლის გზებზე. საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა, თუმცა სხვადასხვა დონეზე საუბრები მიმდინარეობს. ერთ-ერთი მიზეზი, რაც ევროპელების მხრიდან საქართველოს ამ პრობლემის დადებითად გადაწყვეტას საორჭოფოდ ხდის, ისევ და ისევ არასაკმარისი დემოკრატიაა.
მხოლოდ და მხოლოდ მორიგი არჩევნების წინ ჩატარებული გარკვეული ვარჯიშია, რომლითაც სხვადასხვა პარტიები ასაქმებენ საკუთარ აქტივს...

სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გადამზადებაში საკონსტიტუციო სასამართლო ერთვება. იქმნება იუსტიციის სკოლა, სადაც მოსამართლენი თეორიული ცოდნის პრაქტიკულ იმპლემენტაციას თორმეტი თვის განმავლობაში შეეცდებიან. ამას თავად მოსამართლეობის მსურველთა ნაწილიც მიესალმება. მედიაში ვრცელდება ციტატები იმის თაობაზე, რომ მოსამართლის მანტია გარანტირებული იქნება ყველასთვის, ვინც პრაქტიკული სწავლების პერიოდში თავს გამოიჩენს, თუმცა ნაკლებია საუბარი იმაზე, თუ რა კრიტერიუმებით ფასდება ეს თავის გამოჩენა…

ამ კვირაშივე რამდენიმე საზოგადოებრივი პროექტი ამუშავდა, რომელიც თეორიულად საარჩევნო პროცესში მოქალაქეთა ჩართვას ემსახურება. ამის აუცილებლობაზე ისევ საუბრობენ ქვეყანაში არსებული დასავლური ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ყოველ ჯერზე აღნიშნავენ, რომ საზოგადოების მაღალი ჩართულობა გარანტიაა იმისა, რომ პროცესები ღიად და სამართლიანად წარიმართოს. ჯერჯერობით ჩართულობა ხშირად მხოლოდ ორგანიზაციული სტრუქტურებით და სახელებითა და გვარებით შემოიფარგლება. ნაკლებია საუბარი პროცესების შინაარსობრივ მხარეზე და მეტი იმაზე, თუ ვინ იმსახურებს ან არ იმსახურებს ნდობას. მაგალითად, ლეგენდარული საარჩევნო სიების თემაზე მომუშავე კომისიის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ირაკლი ჩიქოვანი ასეთ აზრს გამოთქვამს:

”მხოლოდ და მხოლოდ მორიგი არჩევნების წინ ჩატარებული გარკვეული ვარჯიშია, რომლითაც სხვადასხვა პარტიები ასაქმებენ საკუთარ აქტივს და რეალურად საარჩევნო სიების გამოსწორებას ისინი ვერ ახდენენ.”

დემოკრატიულ პროცესებზე საუბრისას უნდა აღინიშნოს ამ კვირაში გახმიანებული წუხილი, რომელიც პარლამენტში საკანონმდებლო პროცესის მართვას შეეხება. კერძოდ, პარლამენტის სხდომების დროს პარლამენტარები არაერთხელ შეამჩნიეს ერთმანეთის პულტებით მანიპულირებაში - პარლამენტარები, განსაკუთრებით უმრავლესობის მხრიდან, კანონებს ჯერ საკუთარი, შემდეგ კი დარბაზში არმყოფი სხვა პარლამენტარების პულტებით აძლევენ ხმას. ამაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი თოფურია ლაპარაკობს:
პულტი გაქვს დატოვებული მურთაზისთვის? რა ხელებს იქნევ...

„არის ხოლმე ზოგჯერ ისეთი შემთხვევები, რომ ერთი დეპუტატი ადგება კენჭისყრის დროს და ოთხი-ხუთი დეპუტატის ნაცვლად აფიქსირებს ხმას. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ დეპუტატებს წინასწარ აქვთ გადმოცემული ის უნიკალური საიდენტიფიკაციო ბარათები, რომლის მეშვეობითაც ისინი არადამსწრე კოლეგების ნაცვლად აფიქსირებენ ხმას.“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პარლამენტს ოფიციალურადაც მიმართავს და სთხოვს საკითხში გარკვევას, რადგან მსგავსი ქმედება, კანონის თანახმად, უნდა ისჯებოდეს. თუმცა პარლამენტი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსათვის“ გაცემულ პასუხში, ღიად დაფიქსირებული ვიდეოკადრების მიუხედავად, მსგავსი ფაქტების არსებობას უარყოფს. პარლამენტში კი ისმის პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მიხეილ მაჭავარიანის ხმა:

„პულტი გაქვს დატოვებული მურთაზისთვის? რა ხელებს იქნევ…შენ ხელფასის გარეშე დარჩები და მურთაზი - სამსახურის გარეშე.“

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

რამდენიმე დოკუმენტში თუ სტრატეგიაში გაწერილი და ხშირად ნახსენები ინტეგრაციის მიუხედავად, ხელისუფლება, სავარუდოდ, ისევ აგრძელებს გამორიცხვის პოლიტიკას. გამოირიცხება ის, ვინც იურისდიქციის ჩარჩოში არ ჯდება. სიტყვა ’სავარაუდოდ’ ვახსენეთ იმიტომ, რომ განათლების სამინისტრო ჯერჯერობით დუმს. საუბარია სკოლების წარმომადგენლების წუხილზე ახალგორში, სადაც ჯერ კიდევ ელიან ატესტატებს. გამოითქმება აზრი, რომ ახალგორს საქართველო საგანმანათლებლო სისტემაში ვერ ჩართავს იმის გამო, რომ ის საქართველოს კონტროლის ფარგლებში ვერ ჯდება. გამოითქმება ასევე ეჭვი, რომ ხელისუფლება ამ ნაბიჯით უბიძგებს ადამიანებს მიატოვონ ტერიტორია და გადაინაცვლონ იქ, სადაც საქართველოს კონტროლი სრულფასოვნად ვრცელდება. თუმცა ეს მხოლოდ მოსაზრებაა, რომელსაც მხარეები გამოთქვამენ. მდგომარეობა მედიას ჯერჯერობით ადგილზე არ შეუსწავლია, განათლების სამინისტრო კი დუმს.

საბოლოოდ გაირკვა, რომელი მეთოდი უფრო ეფექტური იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის გზაზე. მას შემდეგ, რაც საკითხი საქალაქო სასამართლოში წავიდა, საზოგადოების ნაწილში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, გავრცელდა საზოგადო მოღვაწეთა მიმართვები, გამოითქვა აზრი ბლოგებსა თუ პატრიარქის ქადაგებაში, სადაც საკითხი მორალური კუთხით დაისვა.

საბოლოოდ, გადაწყდა, რომ საკითხი უფრო იურიდიული ხასიათისაა და, კანონმდებლობის თანახმად, ის უშუალოდ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეხება, რამდენადაც გადაწყვეტილება სწორედ მან უნდა მიიღოს. ამიტომ ივანიშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ, იურიდიული პროცესების შესაბამისად, ისინი თხოვნით სწორედ პრეზიდენტს მიმართავენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG