Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი არმიას დიდი ომებისათვის ამზადებს


აშშ-სა და ნატოსთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიუხედავად, სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხში რუსეთი მაინც საკუთარ აზრზე რჩება - დასავლეთის სამხედრო ალიანსს ის თავის ერთ-ერთ უმთავრეს პოტენციურ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს. მეტიც, რუსეთის გენერალური შტაბი გასულ კვირაში ღიად ალაპარაკდა დასავლეთთან ფართომასშტაბიანი ომის მაღალ ალბათობაზე, რის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად რუსი სამხედრო სტრატეგები ბალტიის ზღვის ქვეყნებისა და საქართველოს ანტირუსულ პოლიტიკას მიიჩნევენ. როგორ ემზადება რუსეთი დიდი ომებისათვის?
გარკვეულ პირობებში მე არ გამოვრიცხავ, რომ ლოკალური და რეგიონალური შეიარაღებული კონფლიქტები გადაიზარდოს მსხვილმასშტაბიან ომში...

რამდენიც არ უნდა გადატვირთოს დასავლეთმა ურთიერთობა რუსეთთან და რამდენი ქათინაურიც არ უნდა თქვას ნატომ ავღანეთისათვის განკუთვნილი სამხედრო ტვირთებისათვის რუსეთის სატრანსპორტო დერეფნის გამოყენების გამო, სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხში რუსეთი მაინც საკუთარ აზრზე რჩება.

„გარკვეულ პირობებში მე არ გამოვრიცხავ, რომ ლოკალური და რეგიონალური შეიარაღებული კონფლიქტები გადაიზარდოს მსხვილმასშტაბიან ომში, მათ შორის, ბირთვული იარაღის გამოყენებით“, - განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა მაკაროვმა მოხსენებაში, რომელიც 17 ნოემბერს წაიკითხა რუსეთის საზოგადოებრივი პალატის სხდომაზე. რუსმა გენერალმა იქვე დასძინა, რომ ეს საკითხი საგანგებო საუბრის თემაა. „დოქტრინაში ყველაფერი გაწერილია, თუ როდის უნდა გამოვიყენოთ ბირთვული იარაღი და დოქტრინით ვიხელმძღვანელებთ.“

რუსეთის გენშტაბის უფროსის განცხადებას „ავისმომასწავებელი“ უწოდა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურთან საუბარში „ფაინენშელ ტაიმსის“ ყოფილმა კორესპონდენტმა დევიდ სატერმა, რომელიც რუსეთის საქმეების სპეციალისტად ითვლება.

„ვფიქრობ, რომ ეს რუსეთის თვითდამკვიდრების კიდევ ერთი მაგალითია. მისი პრეტენზიაა იმაზე, რომ ისაა ძალა, რომელსაც აუცილებლად უნდა გაუწიონ ანგარიში, რომ იგი იტოვებს უფლებას ჩაერიოს თავის საზღვართან არსებულ ნებისმიერ რეგიონალურ კონფლიქტში,“-აცხადებს დევიდ სატერი და დასძენს: „გენერალ მაკაროვის თეზისი იმაზე, რომ რუსეთი შესაძლოა ჩართული აღმოჩნდეს კონფლიქტებში მის საზღვრებთან, მე გაცილებით უფრო „ავისმომასწავებელად“ მიმაჩნია.“
განაგრძეთ ასეთი ენერგიით მოქმედება, განაგრძეთ რეფორმები და ბოლომდე მიიყვანეთ ისინი. თქვენ სწორ გზაზე დგახართ...

რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის განცხადება ამერიკულმა საინფორმაციო სააგენტოებმა აღიქვეს როგორც დასავლეთის გაფრთხილება იმ გეგმის გამო, რომელიც ალიანსს აქვს უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით. საგულისხმოა, რომ გენერალ მაკაროვის განცხადებამდე ერთი კვირით ადრე თბილისში მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ „საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ნატოს.“

„განაგრძეთ ასეთი ენერგიით მოქმედება, განაგრძეთ რეფორმები და ბოლომდე მიიყვანეთ ისინი. თქვენ სწორ გზაზე დგახართ. და მე მოუთმენლად ველოდები იმ დღეს, როდესაც საქართველო ნატოს სრულფასოვანი წევრი გახდება.“

ჩვენ მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ასევე რუსეთის არაპროგნოზირებადი საქციელი...
ეს სიტყვები ნატოს გენმდივანმა 10 ნოემბერს თბილისში წარმოთქვა და შესაბამისი აუდიოფაილი დღესაც დევს ალიანსის მთავარ საიტზე. გენერალ მაკაროვის ზემოხსენებული ანგარიში კი ერთი კვირის თავზე გაკეთდა უფრო მცირე აუდიტორიისათვის, თუმცა მისი შინაარსი მოგვიანებით მაინც გახდა ხელმისაწვდომი. როგორც 17 ნოემბრის გაზეთი „კომერსანტი“ წერს, რუსეთის მთავარი სამხედრო შტაბის ხელმძღვანელმა ერთ-ერთ ფაქტორად, რომელმაც რუსეთი შესაძლოა სამხედრო მოქმედებაში ჩააბას, არის „ბალტიის ქვეყნებისა და საქართველოს ანტირუსული რიტორიკა.“ ეს, რაც შეეხება შესაძლო საომარ დაპირისპირებას დასავლეთის მიმართულებით და დასავლეთის სამხედრო სტრუქტურებთან.

პერსპექტივაში, რუსეთის გენშტაბი ასევე არ გამორიცხავს, რომ რუსეთი ჩაბმული აღმოჩნდეს საომარ მოქმედებაში, თუკი „ირანის და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პოტენციალის ზრდის პრობლემა გადაიჭრება ძალისმიერი ზემოქმედებით და აშშ-ის დახმარებით.“

დევიდ სატერის თქმით, ვაშინგტონში მაკაროვის განცხადება ნეგატიურად იქნება აღქმული:

„ცხადია, ეს უარყოფითად აისახება ორმხრივ ურთიერთობაზე, ვინაიდან გენერალი შეგვახსენებს, რომ, გარდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებული განსხვავებული პრობლემებისა, - როგორიცაა ირანის ბირთვული პროგრამა და მუქარა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან, - ჩვენ მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ასევე რუსეთის არაპროგნოზირებადი საქციელი. ყველაფერი ეს არ უწყობს ხელს საერთაშორისო სტაბილურობის შენარჩუნებას.“

რუსეთის ამ არაპროგნოზირებადობას ემატება რუსი გენერლების საკმაოდ უცნაური რეკომენდაციები. სექტემბერში გენერალმა მაკაროვმა ეგვიპტის, ტუნისის და ლიბიის რევოლუციების ანალიზის საფუძველზე განაცხადა, რომ ქვეყნის არმია არა მხოლოდ სახელმწიფოს საზღვართან ომისათვის უნდა ემზადოს, არამედ შიდა დესტაბილიზაციის აღსაკვეთადაც. „რუსეთის არმიაში გაიზრდება სნაიპერების რაოდენობა, რადგან ასეთი ქვედანაყოფები აქტუალურია ქალაქში ბრძოლების დროს,“- განაცხადა რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა.

მაგრამ თუკი შეიძლება ვილაპარაკოთ გენერალ ნიკოლაი მაკაროვის ანგარიშის რაიმე ღირსებაზე, ეს რუსეთის არმიის ბრძოლისუნარიანობის და მისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შეულამაზებელი შეფასებაა. რუსული წარმოების ტ-90 ტიპის ტანკები და ნაქები „სმერჩის“ ტიპის სარაკეტო-საარტილერიო სისტემა სროლის სიშორით ჩამორჩებიან დასავლურ პროტოტიპებს - ისრაელის ტანკ „მერკავას“ და HIMARS (მაღალი მობილურობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემას). რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის თანახმად, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი არ არის მზად შესაძლო ომისათვის, რის გამოც იარაღის მწარმოებელი საწარმოების მოდერნიზებამდე რუსეთს დეფიციტური საბრძოლო იარაღის შესყიდვა საზღვარგარეთ მოუწევს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG