Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მმართველი პარტიის შენობას დამასკოში ჭურვები მოხვდა


სირიის დედაქალაქ დამასკოში მმართველი პარტიის, „ბაათის“ შენობას ჭურვები მოხვდა, იუწყებიან ადგილობრივი მცხოვრებლები და აქტივისტები. თუკი ცნობა დადასტურდა, ეს იქნება პირველი ასეთი თავდასხმა მას მერე, რაც დაიწყო ანტისამთავრობო გამოსვლები მარტში. დღესვე, დამასკოში ორი აფეთქების შესახებ იუწყებიან. სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა ბრიტანეთის „სანდეი ტაიმსს“ განუცხადა, რომ ის არ აპირებს ქედი მოიხაროს საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის წინაშე, თუ ის განხორციელდა მისი რეჟიმის მიერ ანტისამთავრობო ძალების ჩახშობის და აქტივისტების დახოცვის გამო. ასადმა გაზეთს უთხრა, რომ ის უცხოეთის ინტერვენციის წინააღმდეგ საბრძოლველად მზად არის. სირიის მიერ შეთავაზებული ცვლილებები გეგმაში, რომელიც არაბულმა ლიგამ შეიმუშავა, ამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის მოგვარების მიზნით, ლიგამ უარყო. ლიგის მიერ დაწესებული ულტიმატუმის ვადა გუშინ დასრულდა. არაბული ქვეყნები სირიისგან საპროტესტო გამოსლების ჩახშობის შეწყვეტას მოითხოვდნენ, სხვა შემთხვევაში სანქციებით დაემუქრნენ სირიას. სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვალიდ ალ-მოალემმა განაცხადა, რომ დასავლეთი არაბულ ლიგას იყენებს „იარაღად,“ რათა სირიის საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოზე იქნეს გატანილი. შაბათს, სულ მცირე 15 ადამიანი იქნა მოკლული მთავრობის უშიშროების ძალების მიერ, დღეს, ქალაქ ჰომში სულ მცირე ორი პირი და ქვეყნის ჩრდილოეთში კი, ერთი ადამიანი იქნა მოკლული.
XS
SM
MD
LG