Accessibility links

21 ნოემბრის გაზეთი ”ახალი თაობა” პირველ გვერდს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატთან, ეკა ბესელიასთან, ინტერვიუთი ხსნის: ”ივანიშვილი დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს”, - აცხადებს ბესელია: ”ბატონ ბიძინას აქვს მზაობა, ნებისმიერი პროვოკაციისა თუ წინააღმდეგობის მიუხედავად, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს. სააკაშვილის უკანონობის მასშტაბი გადამწყვეტ ეტაპზე რა ხარისხში ავა, ამის პროგნოზირება რთულია, მთავარია, რომ საზოგადოების განწყობა თანხვედრია იმ სულისკვეთებისა, რაც აქვს ბიძინა ივანიშვილს და ახალ მოძრაობას, რომელსაც აყალიბებს”, - ვკითხულობთ ინტერვიუში. ”ახალი თაობა” მკითხველს ასევე სთავაზობს ინტერვიუს ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთ ლიდერთან, მამუკა კაციტაძესთან, რომელიც საზოგადოებას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ”კარგი საარჩევნო სიის” დადებას ჰპირდება. ”საარჩევნო სიას ხელისუფლება ვეღარ გააყალბებს”, - აცხადებს კაციტაძე და ამის გარანტად საკანონმდებლო ბაზას, საერთაშორისო მხარდაჭერას და ბიუჯეტიდან გამოყოფილ ფინანსებს ასახელებს.

გაზეთი ”24 საათი” წერს, რომ თბილისის 2012 წლის ბიუჯეტს ოპოზიცია აკრიტიკებს და საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, თინა ხიდაშელის არგუმენტებს იშველიებს: ”მსგავსი კორუფციულად საშიში ბიუჯეტი მრავალი წელია დედაქალაქის საკრებულოში არ შემოსულა. ბიუჯეტში ამდენი ფარული და გასაწერი მუხლი დიდი ხანია არ გვინახავს”, - ამბობს თინა ხიდაშელი. მას ეთანხმებიან ქრისტიან-დემოკრატებიც. საკრებულოს წევრი ზაზა გაბუნია გამოცემასთან საუბარში აცხადებს: ”ამ ბიუჯეტში მოსახლეობის ინტერესები ასახული არ არის და ის მხოლოდ ლოზუნგებით აღსავსე საარჩევნო დოკუმენტს წარმოადგენს”.

„24 საათი“ ასევე იუწყება, რომ საქართველოში ქართული ღვინის საერთაშორისო ინსტიტუტი აშენდება, ღვინის პოპულარიზაციის მიზნით კი ღვინის სკოლის გახსნაც იგეგმება.

გადავხედოთ 21 ნოემბრის ”ვერსიას”. დღევანდელი ნომრის ერთ-ერთი მთავარი თემა ხუდონჰესის მშენებლობა და მასთან დაკავშირებული რისკებია. ამ რისკებზე ლაპარაკობს შალვა ოგბაიძე: ”ხუდონჰესის მშენებლობის შედეგად უნდა ჩაიძიროს 28 ისტორიული სოფელი, წყლის სარკით დაიფაროს 528 ჰა ტერიტორია, მათ შორის ხაიში და წმინდა გიორგის სახელობის უნიკალური ტაძარი.” - ამ სიტყვების ავტორი შალვა ოგბაიძე გამოსავლად ხუდონჰესის ნაცვლად რამდენიმე მცირე ჰესის აგებას ასახელებს.

”მონუმენტური ტინგიცობა”, ანუ ისტერიული ‘ძეგლიადა’ ” - ასე ასათაურებს გაზეთი ”კვირის პალიტრა” გამხსნელ სტატიას, რომელიც ბოლო დროს თბილისსა და ბათუმში დადგმულ თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს ეხება. გიგანტური ველოსიპედისა და კვერცხებზე დადებული ”შლოპანცის” სკულპტურებს ”კვირის პალიტრასთან“ საუბარში არქიტექტორები აფასებენ. ”არ ვიცი ეს რა არის, კონკრეტული თაობა აგებს ამისთვის პასუხს, არ ვარ ამ ხელოვნების თაყვანისმცემელი, მაგრამ ეს მსოფლიო პროცესია”, - ამბობს მოქანდაკე გოგი ოჩიაური. ”ჯამბაზი რომ ხალხის წინაშე გამოვა და ცხვირზე ვაშლს გაიცერებს, ასეთი ტიპის ხელოვნებაა დღეს ჩვენთან პოპულარული”, - ასეთია კიდევ ერთი სკულპტორის, ლევან სალუქვაძის აზრი. ამ თემას ”კვირის პალიტრა” რამდენიმე სტატიას უძღვნის, გაზეთი ბეჭდავს ინტერვიუს სახელისუფლო გუნდის წარმომადგენელ გიგი წერეთელთან, რომლის განცხადებით, ”შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტმა მოქალაქეობა კიდეც აღუდგინოს”.

ხმაურიანი სათაურებით გამოირჩევა გაზეთ ”ასავალ- დასავალის ” მორიგი ნომერი. ”დავით ბაქრაძე, გიგი წერეთელი, მიხეილ მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი და სხვები სააკაშვილის გემიდან გადასახტომად ემზადებიან” - ამ სტატიაში გაზეთი უმრავლესობის წევრთა სავარაუდო პოლიტიკური ნაბიჯების შესახებ წერს. ”ასავალ-დასავალი” ვრცელ წერილს უთმობს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვერას. ივანიშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევისა და, ზოგადად, პოლიტიკური მოვლენების შესახებ ”ასავალ-დასავალი” თავის მკითხველს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან ინტერვიუსაც სთავაზობს. ”ზურაბ ჟვანია ჭკვიანი ბიჭი იყო, ამიტომ მოიშორეს, მოკლეს”, - აცხადებს ედუარდ შევარდნაძე.

დაბოლოს, გაზეთი ”კვირის ქრონიკა” ბეჭდავს ინტერვიუს ”ლეიბორისტების” ლიდერ შალვა ნათელაშვილთან, რომელიც, ”დაუმორჩილებლობის” კამპანიის ფარგლებში, 23 ნოემბერს აქციას ვაშინგტონში, თეთრ სახლთან გეგმავს. ”ქრონიკა” წერს 151-ე სკოლაში მომხდარი ფაქტის შესახებ, როდესაც მასწავლებელმა მოსწავლეს ისე სცემა, რომ ბავშვმა თავის ქალის ტრავმა მიიღო - ამის შესახებ ”ქრონიკასთან“ ინტერვიუში აცხადებს ”განათლების ლიგის“ პრეზიდენტი მანანა ნიკოლაიშვილი, რომელიც ე.წ. პოლიციური სკოლების შექმნაზე ლაპარაკობს. ”რა კავშირშია საპატრულოდან თანამშრომლების გაშვება ბიძინა ივანიშვილთან?” - ამ კითხვაზე პასუხის გაცემას გაზეთი მე-17 გვერდზე შეეცდება. ივანიშვილის თემას სხვადასხვა ასპექტში ” ქრონიკა” თითქმის ყველა გვერდზე ეხება. გაზეთი ასევე ბეჭდავს ბიძინა ივანიშვილის მიერ რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისათვის გამართული პრესკონფერენციის სრულ ტექსტურ ვერსიას.
XS
SM
MD
LG