Accessibility links

logo-print

უწიგნოდ დარჩენილი ბავშვები და არაინფორმირებული დევნილები


დევნილი ბავშვების დიდი ნაწილი ახლაც სასკოლო სახელმძღვანელოების გარეშეა დარჩენილი. სექტემბერში ხელისუფლება პირობას დებდა, რომ სოციალურად დაუცველ ბავშვებს წიგნებით დაეხმარებოდა, მაგრამ ეს პირობა მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა. გორში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები დაინტერესდნენ, რის გამო შეიქმნა ეს პრობლემა და გამოარკვიეს, რომ დევნილები, რომლებმაც სოციალური შემწეობა პირდაპირი დანიშვნის წესით მიიღეს, არ არიან დაფიქსირებულნი სიღარიბის პროგრამის მოსარგებლეთა მონაცემთა ერთიან ბაზაში. როგორც ცნობილია, აგვისტოს ომის შედეგად დევნილ მოსახლეობას სწორედ პირდაპირი დანიშვნის წესით მიანიჭეს სოციალურად დაუცველის სტატუსი. დევნილებში იყვნენ ისეთები, ვისაც სოციალური სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა ომამდე ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ სარეიტინგო ქულების მქონე ოჯახების შვილებმა სახელმძღვანელოები მიიღეს, დანარჩენებმა კი ვერა. არსებობს ორი სია, განათლების სამინისტრომ კი მხოლოდ ერთი, სარეიტინგო ქულამინიჭებულთა სიით იხელმძღვანელა და ბევრი დევნილი მოსწავლე უწიგნოდ დარჩა. საზოგადოება „ბილიკის“ ხელმძღვანელი მარიკა მღებრიშვილი ამბობს, რომ ასეთ პრობლემას ყველა დასახლებაში წააწყდნენ.

გორში მოქმედ 13 არასამთავრობო ორგანიზაციას საკოორდინაციო საბჭო აქვს შექმნილი. საბჭოს სხდომებზე დევნილთა დასახლებებში არსებული პრობლემების განხილვა და მთავრობისთვის რეკომენდაციების შემუშავება მიმდინარეობს ხოლმე. მათი რჩევაა სიღარიბის პროგრამის მოსარგებლეების მონაცემთა ერთიანი ბაზისა და პირდაპირი დანიშვნის წესით სიღარიბის პროგრამაში ჩართული დევნილი მოსახლეობის მონაცემთა ბაზის ინტეგრირება მოხდეს. განათლების სამინისტრო წელს ამ ხარვეზს ვეღარ გამოასწორებს, რადგან ხელახლა წიგნების დაბეჭდვა დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. არაერთი დევნილი ოჯახი კი დღემდე ვერ ყიდულობს შვილებისთვის სახელმძღვანელოებს. არასამთავრობო სექტორმა უკვე მიიღო პირობა, რომ მომავალი წლისთვის მათ შენიშვნებს გაიზიარებენ.

კოდევ ერთი პრობლემა, რომელზეც საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე იმსჯელეს, დევნილების არაინფორმირებულობაა. დასახლებებში ხმა გავრცელდა, რომ თუ დევნილი ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსის მოსაპოვებლად სოციალური მომსახურების სააგენტოში განაცხადს შეიტანს, იგი ავტომატურად დევნილის სტატუსს დაკარგავს. ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მეტი გააკეთოს იძულებით გადაადგილებულ პირთა ინფორმირების დონის ასამაღლებლად. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის - „აფხაზეთის“ - წარმომადგენელი ზაზა ჭიპაშვილი მიიჩნევს, რომ სწორედ მთავრობის ფუნქციაა დევნილების ინფორმირება.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დევნილთა ინფორმირების საკითხებში მედიის როლზეც ისაუბრეს და გულისტკივილით აღნიშნეს, რომ ეროვნული მედია ნაკლებ ყურადღებას იჩენს მათი პრობლემების მიმართ. არასამთავრობოების აზრით, აუცილებელია, რომ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ დევნილებისთვის ერთგვარი საინფორმაციო კამპანიაც კი წამოიწყოს.
XS
SM
MD
LG