Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადაიდო საზოგადოებრივი მოძრაობის "ქართული ოცნების" პრეზენტაცია


გადაიდო ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობის "ქართული ოცნების" პრეზენტაცია, რომელიც 25 ნოემბრისთვის იყო დაგეგმილი. ბიზნესმენის პრესსამდივნოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 3 ნოემბრიდან ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ სპორტის სასახლისა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ადმინისტრაციასთან, რათა ყველა მსურველს ჰქონოდა "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე დასწრების საშუალება. პრესსამდივნო აღნიშნავს, რომ მოლაპარაკების პროცესში მუდმივად სთავაზობდნენ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზს, მაგრამ შემდგომში გაირკვა, რომ 25 ნოემბერს შენობის ნაწილში, ”ივენთ-ჰოლში” სხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. ”ისედაც შეზღუდული სივრცის მხოლოდ ნაწილში პრეზენტაციის გამართვა შეუძლებელი გახდებოდა და საზოგადოების უკმაყოფილებას გამოიწვევდა” - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს დღევანდელ განცხადებაში. რაც შეეხება სპორტის სასახლეს, პრესსამდივნოს ცნობით, დარბაზს ითხოვენ ნებისმიერ დღეს 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, რაზეც სიტყვიერი უარი მიიღეს და განუმარტეს, რომ დარბაზი 1 იანვრამდეა დაკავებული. ბიზნესმენის პრესსამდივნოს განცხადებით, სპორტის სასახლის ადმინისტრაციას გაუგზავნეს წერილი, რომელზეც პასუხი დღემდე არ მიუღიათ. ივანიშვილის პრესსამდივნო აღნიშნავს, რომ შეეცდება უახლოეს დღეებში გაავრცელოს ინფორმაცია ”ქართული ოცნების” პრეზენტაციის ახალი, კონკრეტული თარიღის შესახებ.
XS
SM
MD
LG