Accessibility links

logo-print

გაზეთმა ”ბათუმელებმა” შანტაჟისტი იპოვა, ახლა გამოძიების ჯერია


რამდენიმე ხნის წინათ გამართული გაზეთ ”ბათუმელების” საპროტეტსო აქცია

რამდენიმე ხნის წინათ გამართული გაზეთ ”ბათუმელების” საპროტეტსო აქცია

კოალიციამ ”მედიაადვოკატირებისათვის” დღეს, 21 ნოემბერს, გავრცელებულ განცხადებაში შეშფოთება გამოთქვა გაზეთ ”ბათუმელების” ჟურნალისტის, თედო ჯორბენაძის მიმართ 2009 წლის 25 ნოემბერს ჩადენილი დანაშაულისა და 2011 წლის 20 ნოემბერს მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით. გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტებმა თავად მიაკვლიეს იმ პიროვნებას, რომელიც 2009 წელს თედო ჯორბენაძეს შანტაჟის გზით აიძულებდა სპეცსამსახურებთან ეთანამშრომლა. გაზეთის თანამშრომლებმა ამ პიროვნების საცხოვრებელ ადგილსაც მიაკვლიეს და ადილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, თუმცა, გაზეთ „ბათუმელების“ წარმომადგენელთა განცხადებით, საპატრულო პოლიციამ არ გააფორმა სათანადო აქტი და გამოძახების ადგილი მიატოვა.

გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტებმა, ორწლიანი დამოუკიდებელი ძებნის შემდეგ, თავად მიაკვლიეს იმ პიროვნებას, რომელიც გაზეთ „ბათუმელების“ საგამოძიებო ჯგუფის კოორდინატორს, თედო ჯორბენაძეს, 2009 წლის 25 ნოემბერს ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს (ადრე უშიშროების სამინისტროს კუთვნილ) შენობაში, შანტაჟის გზით აიძულებდა სპეცსამსახურებთან ეთანამშრომლა. გაზეთმა „ბათუმელებმა“ 2009 წლის 26 ნოემბერს მიმართა პროკურატურას საქმის აღძვრის მოთხოვნით. ორი წლის განმავლობაში საქმე არ გახსნილა და პროკურატურა აცხადებდა, რომ ვერ ხერხდება იმ პირების პოვნა.
სამწუხაროდ, პატრულმა საათნახევრიანი მოძრაობის შემდეგ გვითხრა, რომ ოქმს ვერ შეადგენდნენ, რომ ამ სახლზე მათ მიერაც მიმდინარეობს თვალთვალი, და წავიდნენ...

გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტებმა 20 ნოემბერს თავად მიაგნეს ამ პიროვნებას და ადგილზე საპატრულო პოლიციაც გამოიძახეს. გაზეთ „ბათუმელების“ დირექტორი მზია ამაღლობელი ჰყვება, თუ რა მოხდა გუშინ, 20 ნოემბერს:

”კარები თვითონ გამიღო და მკითხა, რატომ მოხვედიო. ვუთხარი, რომ ჩვენ ვეძებდით დამნაშავეს და რადგანაც ის პროკურატურამ ვერ იპოვა, მე ვნახე და ამ ინფორმაციას მივაწვდიდი პროკურატურას. მან დაგვიხურა კარი. გამოვიძახეთ პატრული. მთელი ერთი საათის განმავლობაში ეზო სავსე იყო პატრულის და სხვადასხვა პოლიციის მანქანებით. სამწუხაროდ, პატრულმა საათნახევრიანი მოძრაობის შემდეგ გვითხრა, რომ ოქმს ვერ შეადგენდნენ, რომ ამ სახლზე მათ მიერაც მიმდინარეობს თვალთვალი, და წავიდნენ.”
ვაპირებთ მივმართოთ პროკურატურას და რა დამატებითი ინფორმაციაც გვაქვს, მივაწოდოთ...

როგორც მზია ამაღლობელი ამბობს, საპატრულო პოლიციამ ადგილზე სათანადო აქტი არ გააფორმა და გამოძიების ადგილიც დატოვა.

საპატრულო პოლიციის ქმედებას დღეს კოალიცია” მედიაადვოკატირებისათვის” გამოეხმაურა. კოალიცია კატეგორიულად მოითხოვს სამართალდამცავი ორგანოებისგან უპასუხოს საზოგადოებას, თუ რატომ არ მოახდინეს პოლიციის წარმომადგენლებმა სრულყოფილი კანონიერი რეაგირება გუშინ, 20 ნოემბერს, გაზეთის წარმომადგენლების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, და საჯაროდ გასცეს პასუხი ყველა იმ შეკითხვას, რომელიც უკავშირდება გაზეთ „ბათუმელების” ჟურნალისტის, თედო ჯორბენაძის მიმართ 2009 წლის 25 ნოემბერს განხორციელებული შანტაჟისა და იძულების ფაქტების თაობაზე გამოძიების მიმდინარეობას. კოალიცია ასევე მოითხოვს დაისვას იმ პოლიციელთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც 2011 წლის 20 ნოემბერს არასრულყოფილად შეასრულეს საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობა, და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაკითხონ გაზეთ „ბათუმელების” ჟურნალისტები.

გაზეთ ”ბათუმელების” რედაქტორი ეთერ თურაძე რადიო თავისუფლებასათან საუბარში აცხადებს, რომ პოლიციელებმა საკუთარი ქცევით დაარღვიეს კანონი და ამის გამო გაზეთის სახელით შსს-ს წერილით მიმართავენ:
მე ვერ ვიხსენებ ვერც ერთ შემთხვევას, როცა ჟურნალისტზე ზეწოლის, მისი დაშანტაჟების გამო, საქმიანობაში ხელის შეშლის გამო, ვინმე დაისაჯათ...

”დღეს ჩვენ მივმართეთ ვანო მერაბიშვილს თხოვნით გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენი აზრით, გუშინ პოლიციელებმა დაარღვიეს კანონი და შინაგან საქმეთა მინისტრს ვთხოვთ, რომ ამაზე მოახდინოს რეაგირება, ასევე ვაპირებთ მივმართოთ პროკურატურას და რა დამატებითი ინფორმაციაც გვაქვს, მივაწოდოთ.”

საქართველოს რეგიონალური მედიის ასოციაციის თავმჯდომარე ია მამალაძე, რომელიც მედიაკოალიციის წევრია, ამბობს, რომ ეს ფაქტი იქნება ხელისუფლებისთვის ერთგვარი ტესტი იმისა, არსებობს თუ არა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება და რამდენად ფასეულია ის ხელისუფლებისთვის:

”მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ერთგვარი ტესტი, არსებობს თუ არა სიტყვის თავისუფლება. აი, ახლაც ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა, ღირსეული გამოძიების და ღირსეული პასუხის შემთხვევაში, შესაბამისად დაისაჯოს ის, ვინც ჟურნალისტზე ზეწოლას ახდენს და დადგეს იმ პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ამას ახორციელებდა. მე ვერ ვიხსენებ ვერც ერთ შემთხვევას, როცა ჟურნალისტზე ზეწოლის, მისი დაშანტაჟების გამო, საქმიანობაში ხელის შეშლის გამო, ვინმე დაისაჯათ.”

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG