Accessibility links

სასამართლომ დაზარალებული ჟურნალისტების პროცესი გადადო


ნესტან ცეცხლაძე, ჟურნალისტი

ნესტან ცეცხლაძე, ჟურნალისტი

22 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 მაისის ღამით - საპროტესტო აქციის დარბევის დროს - დაზარალებული ჟურნალისტების სარჩელი განიხილა, რომლითაც ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს მატერიალური ზარალის ანაზღაურებას სთხოვენ. სასამართლომ მოსარჩლე მხარის შუამდგომლობა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა - ისინი დამატებით დოკუმენტაციას ითხოვდნენ და, შვიდი მოწმის დაკითხვის შემდეგ, სხდომა 12 დეკემბრისათვის გადაიდო.
ჩვენთვის ყველაზე ღირებულია დაგვიბრუნონ ზუსტად ის კამერები, 26 მაისს გადაღებული კადრებით...

26 მაისს დაზარალებული ჟურნალისტების სამოქალაქო საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში სამ საათს გაგრძელდა და, საბოლოოდ, 12 დეკემბრისათვის გადაიდო. მოსამართლე თეა თადაშვილმა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დაცვის შუამდგომლობა, რომლითაც ის სასამართლოზე მოპასუხე მხარისგან დამატებით დოკუმენტაციას მოითხოვდა, კერძოდ კი, როგორც ჟურნალისტების ინტერესების დამცველი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატი ნათია კაპანაძე ამბობს, შემდგომ მასალებს:

”საქმის მასალების შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ შსს ეყრდნობოდა იმ თავდაპირველ მიმართვას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს და რომელშიც 26 მაისის ღამით ჟურნალისტების დაზიანების შესახებ იყო ლაპარაკი. ჩვენი შუამდგომლობა კი ეხებოდა იმას, რომ საქმეში ჩაიდოს ის ჩვენებები, რაც მოსარჩლეების დაკითხვის დროს დაიდო. ასევე ვითხოვდით შს მინისტრის იმ ბრძანებას, რომლითაც მან რამდენიმე სამართალდამცავს დისციპლინური სახდელი დააკისრა, თუმცა ჩვენი ეს შუამდგომლობა მოსამართლემ მხოლოდ იმ ნაწილში გაითვალისწინა, რომ ჩვენ შეგვიძლია გავეცნოთ მხოლოდ არასამთავრობოების მიმართვაში აღწერილ ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტებს.”

სასამართლომ 7 მოწმე დაკითხა, შვიდივე - ჟურნალისტი. მათი ნაწილი 26 მაისის ღამით თავისუფლების მოედანზე მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა, ნაწილიც რედაქციიდან უწევდა კოორდინაციას კოლეგების მუშაობას. ყველა მათგანი 22 ნოემბერს ჰყვებოდა როგორ წაართვეს კამერა მას ან მის კოლეგას, როგორც მიაყენეს სპეცრაზმელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა. ”ინტერპრესნიუსის” რეპორტიორმა დარეჯან პაატაშვილმა გაიხსენა, როგორ ჩამოჰგლიჯა მას უცნობმა ფორმიანმა ჟურნალისტობის დამადასტურებელი მოწმობა; ”ნეტგაზეთის” მთავარი რედაქტორი ნესტან ცეცხლაძე იხსენებდა, როგორ დაიბრუნა ერთხელ ვიდეოკამერა და როგორ წაართვეს ის მოგვიანებით ასევე ფორმიანმა პირებმა... ნესტან ცეცხლაძე ამბობს, რომ რადგან პროკურატურამ საქმე არ აღძრა ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელის შეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლით, ახლა ისინი მხოლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ:

”ჩვენთვის ყველაზე ღირებულია დაგვიბრუნონ ზუსტად ის კამერები, 26 მაისს გადაღებული კადრებით. მაგრამ თუკი ამის დაბრუნება შეუძლებელია, მაშინ, ცხადია, ვითხოვთ ამ კამერების ღირებულების ანაზღაურებას. მაგალითად, ჩვენ, ”ნეტგაზეთს”, გვქონდა მხოლოდ ეს ორი კამერა და ორივე იმ ღამით წაგვართვეს და ვიდრე ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმა არ გვაჩუქეს ახალი კამერა, რედაქციაში ტექნიკა არ გაგვაჩნდა.”
კამერა ნამდვილად წამართვეს. მაგ დროს არც წინააღმდეგობას ვუწევდი, არც გავრბოდი, მხოლოდ ვამბობდი, რომ ჟურნალისტი ვიყავი...

შეგახსენებთ, კონსტანტინ სტალინსკი, თაზო კუპრეიშვილი, ნატო გოგელია, ”რადიო ცენტრი პლუს”, შპს ”ახალი ამბები”, შპს ”ჩოხატაურის მოამბე”, გაზეთი ”ბათუმელები” - ეს ის ჟურნალისტები და მედიაორგანიზაციები არიან, რომლებმაც, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” დახმარებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გაერთიანებული სარჩელი წარადგინეს და სამართალდამცველთა მიერ მათი ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანისა და ტექნიკის დაკარგვით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება მოითხოვეს. ”ნეტგაზეთის”კიდევ ერთ ჟურნალისტს, თაზო კუპრეიშვილს, სასამართლო სხდომაზე რამდენჯერმე ჰკითხეს, აღნიშნული კამერა წაართვეს თუ არეულობის დროს დაკარგა. კუპრეიშვილი, რომელსაც იმ ღამეს რამდენიმე სპეცრაზმელმა სცემა, დღესაც აცხადებს:

”კამერა ნამდვილად წამართვეს. მაგ დროს არც წინააღმდეგობას ვუწევდი, არც გავრბოდი, მხოლოდ ვამბობდი, რომ ჟურნალისტი ვიყავი და თავი დაენებებინათ. ამ დროს ძირს ვეგდე და მახსოვს, რომ ლამის ხელი მომამტვრიეს, ისე ძალით ამაგლიჯეს კამერა, რომელიც ხელზე მისივე პატარა საბელით მქონდა დამაგრებული”...

”მედია.გე”-ს რედაქტორი, ჟურნალისტი დავით მჭედლიძე, რომელიც სასამართლოზე მოწმის სტატუსით დაიკითხა, იხსენებს ”გურია ნიუსის” ჟურნალისტის, ნატო გოგელიასა და სამართალდამცავების შეხლა-შემოხლის ფაქტს:

”დავინახე როგორ ეჯაჯგურებოდნენ პოლიციელები ნატოს. ამ არეულობის მერე ისევ შევხვდი. ტიროდა, მითხრა, ტექნიკა წამართვესო. ფოტოც კი გადავუღე მაშინ.”

კიდევ ერთმა ფოტოგრაფმა კი, ალექსანდრე შარვაძემ, დაადასტურა, როგორ სწვდნენ თმაში გოგელიას სამართალდამცავები და წაართვეს კამერა და მობილური ტელეფონი.
მოწმეთა შორის იყო ჟურნალისტი თამარ ჩხეიძეც, რომელმაც სასამართლოზე ყველაზე მძაფრი მომენტები გაიხსენა და დაადასტურა, რომ მისმა კოლეგებმა იმ ღამით კამერები კი არ დაკარგეს, მათ ისინი სამართალდამცველებმა წაართვეს.

კითხვა-პასუხის და მოწმეების დაკითხვის შემდეგ მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება მორიგი სასამართლო სხდომა ჟურნალისტების საქმეზე 12 დეკემბერს პაექრობის სტადიიდან გაგრძელდეს. ჟურნალისტებს ჯერ კიდევ იმედი აქვთ, რომ სასამართლო მათ სარჩელს დააკმაყოფილებს და 26 მაისის ღამით წართმეულ ტექნიკას დაიბრუნებენ, დამტვრეული აპარატურის ხარჯების გადახდა კი შესაბამის სახელმწიფო უწყებას დაეკისრება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG