Accessibility links

logo-print
22 ნოემბერს გამოსული ქართული გაზეთების დიდი ნაწილი პირველ გვერდზე აქვეყნებს ცნობას იმის შესახებ, რომ გაურკვეველი ვადით გადაიდო საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ პრეზენტაცია, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, 25 ნოემბერს სპორტის სასახლეში უნდა გამართულიყო. მიზეზის ასახსნელად ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნომ გაავრცელა საგანგებო განცხადება, რომელსაც „საქართველოს რესპუბლიკა“ აქვეყნებს. განცხადებაში ვკითხულობთ: „3 ნოემბრიდან დღემდე მიმდინარეობს მოლაპარაკება სპორტის სასახლის ადმინისტრაციასთან. ვითხოვდით დარბაზის გამოყოფას ნებისმიერ დღეს, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით. მივიღეთ სიტყვიერი უარი, მიზეზად კი უკვე ჩანიშნული ღონისძიებები დასახელდა. სპორტის სასახლის ადმინისტრაციას წერილობითაც მივმართეთ, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.“

ივანიშვილის პერსსამდივნოს განცხადებით, საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციის ზუსტი თარიღი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

ბიძინა ივანიშვილისათვის შექმნილ პრობლემებზე წერს გაზეთი „რეზონანსიც“, რომლის მეწინავე სტატიის სათაურია „ახალი კანონით ივანიშვილს პარტიის დაფინანსებას უზღუდავენ“. გაზეთის მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებული კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, იურიდიულ პირს აეკრძალება პოლიტიკური პარტიის დაფინანსება. ასევე დაწესდება ლიმიტი, თუ რა თანხა შეიძლება გადარიცხოს ფიზიკურმა პირმა პარტიის ანგარიშზე, რამდენი შეიძლება შეიტანოს თითოეულმა წევრმა საწევროს სახით. რაც მთავარია, განისაზღვრება იმ თანხის მაქსიმალური ოდენობა, რომლის მიღება პარტიას შეუძლია, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსების ჩათვლით. ნამატი კი სახელწიფო ბიუჯეტში უნდა გადარიცხოს. გარდა ამისა, წერს „რეზონანსი“, პარტიის ფინანსურ ანგარიშგებას ცესკოს ნაცვლად კონტროლის პალატა განახორციელებს.

ქართული გაზეთები ასევე ეხმიანებიან რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის განცხადებას რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ. გაზეთ „ახალ თაობაში“ გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიას სათაურად წამძღვარებული აქვს რუსეთის პრეზიდენტის მიერ ვლადიკავკაზში გაკეთებული შემდეგი განცხადება: „აგვისტოს ომი რომ არა, საქართველოს ნატოში მიიღებდნენ.“ წერილის მიხედვით, ჩრდილო ოსეთში ყოფნისას მედვედევს ადგილობრივი ჟურნალისტებისათვის უთქვამს: რომ არ ყოფილიყო ომი საქართველოსთან, ახლა სხვა გეოპოლიტიკური ვითარება იქნებოდა და, რუსეთის უარყოფითი პოზიციის მიუხედავად, ნატოში რამდენიმე ქვეყანას ხელოვნურად შეათრევდნენო.

მიმოხილვას დავასრულებთ გაზეთ „24 საათში“ გამოქვეყნებული სტატიით -„სპეცოპერაციები უცხოეთში და დაკავებული საქართველოს მოქალაქეები“. წერილის მიხედვით, ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში სამართალდამცველებმა ზედიზედ ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციები ჩაატარეს. შედეგად, დაკავებულთა შორის აღმოჩნდნენ საქართველოს მოქალაქეებიც. ამონარიდი სტატიიდან: „საფრანგეთის პოლიციამ ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქეებისგან შემდგარი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა, რომლებსაც ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ქურდული 23-კაციანი ბანდა ჰქონდათ შექმნილი. ბანდაში საქართველოს, რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეები შედიოდნენ“. სტატიაში ასევე მოტანილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის კომენტარი, რომლის მიხედვითაც, საგარეო უწყება მომხდარი ფაქტის თაობაზე ინფორმირებულია, დეტალების გარკვევას კი საფრანგეთში საქართველოს საელჩო ცდილობს. ამ და სხვა სტატიებს 22 ნოემბრის „24 საათში“ წაიკითხავთ.
XS
SM
MD
LG