Accessibility links

logo-print
საახალწლოდ გორს განახლებული სპორტული სკოლა ექნება. რამდენიმე თვეა შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. გარე ფასადიდან დაწყებული, დარბაზების გათბობით და კეთილმოწყობით დასრულებული, ყველაფერი მაღალ დონეზე კეთდება. ამ შენობის აღდგენა გორის ბიუჯეტს მილიონ ლარამდე უჯდება.

გორის სპორტული სკოლა აშენების შემდეგ არ გარემონტებულა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ფანჯრებჩამტვრეულ დარბაზებში, სადაც სახურავიდან წყალიც ჩადიოდა, ვარჯიშები მაინც არ შეწყვეტილა და ამ რთულ პირობებში სკოლაში მაინც იზრდებოდნენ მსოფლიოს, ევროპის და ოლიმპიური ჩემპიონები. შენობის აღდგენითი სამუშაოები ჯერ დასრულებულიც არ არის, მაგრამ დარბაზები მაინც სავსეა. ახალგაზრდა კალათბურთელი ნიკა ვანიშვილი ამბობს, რომ უკეთეს პირობებში შედეგებიც უკეთესი ექნებათ.

კალათბურთის უფროსი მწვრთნელი დავით რუსიშვილი იმ რთულ პერიოდს იხსენებს, როცა ვარჯიშების ჩატარება ფანჯრებჩამტვრეულ დარბაზში უხდებოდა.

სპორტსკოლის დირექტორი იაგო ჯალაბაძე ამბობს, რომ აღდგენითი სამუშაოები ახალ წლამდე დასრულდება და სპორტსკოლას ახალი სპორტული ინვენტარიც ექნება. ამჟამად გორის სპორტსკოლა 500-ზე მეტ მოსწავლეს ემსახურება.

გორის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი გია პაპიტაშვილი იმ საქმიანობის შესახებ გვიამბობს, რაც ქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის კეთდება. უკვე მიმდინარეობს ცენტრალური სტადიონის როგორც ბალახის საფარის გამოცვლა, ისე ტრიბუნების შეკეთება. სპორტული სკოლის გარდა, ძიუდოისტებს გურამ პაპიტაშვილის სახელობის საჭიდაო დარბაზი აქვთ. დაგეგმილია თავისუფალი სტილით მოჭიდავეთათვის კიდევ ერთი დარბაზის აგება. პაპიტაშვილის განცხადებით, ახალგაზრდებს ყველა პირობა შეექმნებათ იმისთვის, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესით იცხოვრონ.

გორი არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც ცნობილია როგორც ჭიდაობის ქალაქი. ბევრ დიდ ქვეყანას მართლაც შეშურდება იმდენი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი, რაც მარტო ამ პატარა ქალაქში გაიზარდა. გორში ხშირად ჩამოდიან ხოლმე ერთობლივი ვარჯიშებისთვის საბერძნეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და სხვა ქვეყნების მოჭიდავეთა ნაკრებები. მათი ინტერესი ისაა, რომ გორელი მოჭიდავეებისგან გამოცდილება შეიძინონ. ეს ფაქტი ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაითვალისწინა და სპორტული სკოლის ზედა სართულზე სასტუმროც მოაწყო. აქ უკვე საერთაშორისო ტურნირების ჩატარებაც იქნება შესაძლებელი, რაც ამ სპორტულ ბაზას საერთაშორისო იმიჯს შესძენს და ადგილზე დამატებით შემოსავლებსაც გააჩენს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG