Accessibility links

logo-print

სამხედრო მმართველობის წინააღმდეგ ეგვიპტელები მილიონიან მსვლელობას მოაწყობენ


ეგვიპტის სამხედროთა მიერ შექმნილმა მთავრობამ გუშინ განაცხადა, რომ სურს გადადგომა. ამ ნაბიჯით მთავრობა შეეცადა დაეშოშმინებინა კაიროს მთავარ მოედანზე უკვე ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებსაც პოლიციასთან შეტაკება ჰქონდათ, იყო მსხვერპლი. ათასობით ეგვიპტელი მაინც მივიდა სამშაბათს ტაჰრირის მოედანზე, სადაც პოლიციამ კვლავ გამოიყენა ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები. ამის ფონზე კი მმართველმა სამხედრო საბჭომ მოლაპარაკება დაიწყო სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან შექმნილი ვითარების თაობაზე.

ტაჰრირის მოედანზე შეკრებილთა სურვილი კატეგორიული და ცხადია: გადადგეს სამხედრო ხელისუფლება და ქვეყანა სამოქალაქო ადმინისტრაციამ მართოს. დემონსტრანტები სამხედრო მმართველობის წინააღმდეგ მიმართულ „მილიონიან მსვლელობას“ გეგმავენ. სამხედროთა გეგმით, 2012 წლის ბოლოს ან 2013 წლის დასაწყისში უნდა გაიმართოს საპრეზიდენტო არჩევნები. ეს „შორეული პერსპექტივა“ სამხედროებს საშუალებას აძლევს კიდევ დიდხანს მართონ ქვეყანა, რომელიც დიქტატურისგან გამოსვლებისა და სახალხო მღელვარების შედეგად განთავისუფლდა. ახლანდელი გამოსვლების მონაწილეები მოითხოვენ ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნები უკვე გაისად აპრილში. ეგვიპტის „მუსლიმთა საძმომ“ გამოაცხადა, რომ მიიღებს მონაწილეობას სამხედროებთან მოლაპარაკებაში იმის თაობაზე, თუ როგორ დაასრულონ სისხლიანი შეტაკებები, რაც საფრთხეს უქმნის მომავალი კვირისთვის, 28 ნოემბრისთვის, დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს.

კაიროში, ტაჰრირის მოედანზე, კვლავ უამრავი ადამიანია შეკრებილი, მათი რიცხვი ათასობითაა. გასულ დღეებში შეტაკებებში სულ მცირე 30 პირი დაიღუპა, 1200-მდე დაშავდა პოლიციის ძალადობის შედეგად. ხალხს არ სურს დაიშალოს, მიუხედავად მთავრობის განცხადებისა, რომ გადადგომა სურს. დემონსტრანტები პროტესტს გამოთქვამენ კაბინეტის წინადადების გამო, დაამტკიცონ საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც სამხედრო საბჭოს ძალაუფლებას შეუნარჩუნებს. ამ საბჭოს სათავეში უდგას მარშალი მოჰამედ ჰოსეინ ტანტავი.

ცვლილებების თანახმად, არმია დაცული იქნება სამოქალაქო ზედამხედველობისგან და მას ფართო ძალაუფლება მიენიჭება სახელმწიფო უშიშროების სფეროში.

ტაჰრირის მოედანზე იყო წუხელ მაჰმუდიც, რომელიც მოთხოვნებზე ლაპარაკობს: „ყველაზე მნიშვნელოვანია მარშალ ტანტავის, ასევე მისი მოადგილის, ოსამა ანანის, და სამხედრო საბჭოს ყველა წევრის გადადგომა, შემდეგ (ეს მეორე საკითხია) - მთავრობის გადადგომა. მეტს არაფერს მოვითხოვთ.“

მეორე დემონსტრანტი, ტაიმურ სალაჰი, ამბობს, რომ თებერვლის აქციის მონაწილეები, რომლებმაც მუბარაქი დაამხეს, ნანობენ, რომ შეწყვიტეს მაშინ გამოსვლები და დემოკრატიულ არჩევნებამდე აღმასრულებელი ძალუფლება სამხედრო საბჭოს დარჩა. მთავრობის სურვილს, გადადგეს, ის არასაკმარისად მიიჩნევს: „ეს უსარგებლო მთავრობა იყო. ტანტავი უნდა გადადგეს. დაგვღალა ამ მდგომარეობამ. ყველა ჩვენი პრობლემის გამო პასუხისმგებლობა არმიას ეკისრება. აქაურობას აღარ დავტოვებთ.“

გამოსვლები იყო ეგვიპტის სხვა ქალაქებშიც. ალექსანდრიაში პოლიციამ ასევე იხმარა ცრემლმდენი გაზი.

ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ, „ამნესტი ინტერნეიშნელმა“ განაცხადა, რომ ეგვიპტის სამხედრო მმართველებმა ადამიანის უფლებების დაცვას თავი საერთოდ ვერ გაართვეს. მისივე თქმით, შეიარაღებული ძალების უზენაესმა საბჭომ იგივე რეპრესიული მეთოდები გამოიყენა, რასაც მუბარაქის ხელისუფლება მიმართავდა. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ეგვიპტის ხელისუფლებისგან მოითხოვა, მისცეს ხალხს ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლების გარანტია.
ეგვიპტეში 28 ნოემბერს უნდა გაიმართოს საპარლამენტო არჩევნები. დღეს, მოგვიანებით, ხალხს ტელევიზიით მიმართავს სამხედრო საბჭოს თავმჯდომარე, მარშალი ტანტავი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG