Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა, ბრიტანეთმა და კანადამ ირანს ახალი სანქციები დაუწესეს


ირანის ბირთვული საწარმო
ირანის ბირთვული საწარმო
ორშაბათს აშშ-მა, ბრიტანეთმა და კანადამ თითქმის ერთდროულად გამოაცხადეს, რომ თეირანის წინააღმდეგ, მისი ბირთვული პროგრამის გამო, ახალ დამსჯელ ზომებს მიმართავენ. ვაშინგტონი ენერგეტიკულ და სანავთობო-ქიმიურ სექტორს მიაყენებს ზიანს, ბრიტანეთმა ყოველგვარი საფინანსო კავშირის გაწყვეტა მოსთხოვა თავის საბანკო ინსტიტუტებს, ანალოგიურ ზომებს მიმართა კანადამაც.
რისკს სწევთ, რომ მხარს უჭერთ ირანის უკანონო ქმედებებს. ესენია ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობა, ტერორიზმისთვის მხარდაჭერა...

ახალი სანქციები - ირანისთვის შემოსავლის წყაროების შეზღუდვით და უკანონო ქმედებებში ხელის შეშლით - ირანზე ზეწოლის გაზრდას ისახავს მიზნად, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ეხება გაზის და ნავთობის მრეწველობას და რომელზეც ირანის სახელმწიფო შემოსავლის 70 პროცენტი მოდის. ვაშინგტონმა სიას, რომელშიც შედიან ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებული კომპანიები და კერძო პირები, დაამატა 11 ახალი სუბიექტი და მათ საბანკო ანგარიშები გაუყინა. ამერიკის ფინანსთა მინისტრის, ტიმოთი გაიტნერის თქმით, ვაშინგტონი ირანის საფინანსო სექტორს მიიჩნევს ფულის გათეთრების მთავარ უწყებად, რაც ამ ქვეყნის კიდევ უფრო მეტად იზოლაციის საშუალებას იძლევა, საფინანსო თვალსაზრისით:

„თუ წარმოადგენთ მსოფლიოს რომელიმე საფინანსო ინსტიტუტს და ახორციელებთ საფინანსო ოპერაციებს ტრანსაქციებში ირანის ცენტრალურ ბანკთან ან ირანის სხვა ბანკთან ერთად, რომელიც ან ირანში, ან მის გარეთ მოქმედებს, რისკს სწევთ, რომ მხარს უჭერთ ირანის უკანონო ქმედებებს. ესენია ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობა, ტერორიზმისთვის მხარდაჭერა, ასევე მცდელობა შეცდომაში შეიყვანოს საფინანსო ინუტიტუტები და აირიდოს სანქციები.“

რაზეც აშშ ჯერ ვერ წავიდა, ირანის საბანკო სისტემასთან კავშირის გაწყვეტაა, რადგან შიშობს, რომ ამას ნავთობის ფასების ზრდა და, შესაბამისად, აშშ-ის ეკონომიკური გაჯანსაღებისთვის ხელის შეშლა მოჰყვებოდა. თუმცა გაინტნერმა არ გამორიცხა, რომ მომავალში აშშ-ს სანქციების დაწესება მოუხდეს ირანის ცენტრალური ბანკისთვის, რომელშიც სახელმწიფოს ხელში არსებული ნავთობიდან მიღებული შემოსავალი გროვდება.ჰილარი კლინტონმა ისიც თქვა, რომ თუკი ირანის ლიდერები არ შეცვლიან კურსს და არ შეასრულებენ საერთაშორისო ვალდებულებებს, თეირანის მიმართ სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება.
ყოველგვარ კონტაქტს ვწყვეტთ გაერთიანებული სამეფოს საფინანსო სისტემასა და ირანის საბანკო სისტემას შორის...

დასავლეთის სურვილი, გაუძლიეროს სანქციები ირანს, გაღრმავდა, როცა საერთაშორისო ატომურმა სააგენტომ თავის ახალ ანგარიშში ჩაწერა, რომ აქვს სარწმუნო საბუთი, რომ ირანი ადრე, და შეიძლება დღესაც, ცდილობდა შეექმნა ბირთვული ქობინები. თეირანი უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა სამშვიდობო ხასიათისაა. რუსეთმა დაგმო ახალი სანქციები ირანის მიმართ და მათ მიუღებელი, უკანონო უწოდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ სანქციები ხელს უშლის თეირანთან დიალოგის შესაძლებლობას. ადრე გაეროს მიერ დაწესებული სანქციების ოთხმა რაუნდმა, შარშანდლის ჩათვლით, შედეგი ვერ მოიტანა. ამის მიუხედავად, დასავლეთი ცდილობს მიმართოს მათ ცალმხრივად, რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის გარეშე. ორივე, რუსეთიცა და ჩინეთიც, რომელთა კომპანიები დიდ ხეირს ნახულობენ დასავლეთის ფირმების ირანთან კავშირების შეფერხების შედეგად, ავსებენ ნიშებს და, ფაქტობრივად, დასავლეთი კონკურენტებს უთმობს ირანის ბაზარს. ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, მისმა საფინანსო ინსტიტუტებმა საერთოდ გაწყვიტონ კავშირი ირანის ბანკებთან, კიდევ უფრო მკაცრი სანქციებია. ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა ჯორჯ ოსბორნმა განაცხადა, რომ ეს პირველი ასეთი შემთხვევაა, როცა ურთიერთობის სრული შეწყვეტა ხდება. მაგრამ ოსბორნს სჯერა, რომ ამ ნაბიჯით ხელი შეეშლება ირანის მცდელობას განავითაროს ბირთვული იარაღი, ანუ მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდება:

„ყოველგვარ კონტაქტს ვწყვეტთ გაერთიანებული სამეფოს საფინანსო სისტემასა და ირანის საბანკო სისტემას შორის. იმის გამო ვაკეთებთ ამას, რომ მსოფლიოს აქვს საბუთი გასამხედროებული ბირთვული პროგრამის განვითარებაში ირანის ბანკების მონაწილეობის შესახებ. ამას ვაკეთებთ არა მხოლოდ მთელი მსოფლიოს, არამედ გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით.“

ბრიტანეთი დაუშვებს გამონაკლისებს, თუ ურთიერთობა ჰუმანიტარულ აქციებს ან კერძო საქმეებს, ან დაზღვევის სფეროს ეხება. შესაბამის სუბიექტებს საშუალება ექნებათ ირანის ბანკებთან კონტაქტის უფლება მოიპოვონ. რაც შეეხება კანადას, ამ ქვეყანამ შეწყვიტა ირანისთვის ყოველგვარი ისეთი საქონლის მიწოდება, რომელიც სანავთობო და ქიმიურ, ასევე გაზის მრეწველობაში გამოიყენება, ასევე აღარ ექნებათ კანადის ბანკებს ურთიერთობა ისლამური რესპუბლიკის ბანკებთან.

ევროკავშირი პირველ დეკემბერს აპირებს ირანისთვის ახალი სანქციების დადებაზე იმსჯელოს. საფრანგეთი გამოვიდა მოწოდებით დაუწესდეს ირანს „ჯერ არნახული განზომილების“ სანქციები, რათა აიძულონ თეირანი დაემორჩილოს უცხო ქვეყნების მოთხოვნას ბირთვულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG