Accessibility links

logo-print

საქართველოში დაარსდა რეიგანის სახელობის თავისუფლების ცენტრი


რეიგანის სახელობის თავისუფლების ცენტრის პრეზენტაცია

რეიგანის სახელობის თავისუფლების ცენტრის პრეზენტაცია

23 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა რონალდ რეიგანის სახელობის თავისუფლების ცენტრის პრეზენტაცია. ეს ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ პირველი ცენტრია, რომელსაც ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის სახელი მიენიჭა და რომელიც რეიგანის საპრეზიდენტო ფონდის ოფიციალური პარტნიორი იქნება საქართველოში. თავისუფლების ცენტრი გეგმავს კვლევითი პროგრამების განხორციელებას, ნაშრომების გამოცემას, საჯარო პოლიტიკის საკითხებზე დებატებისა და დისკუსიების გამართვას, გაცვლითი პროგრამების განხორციელებასა და სტიპენდიების გაცემას.

პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს, ე.წ. განზრახულობათა წერილს, რომლითაც გაფორმდა რეიგანის სახელობის თავისუფლების ცენტრის დაფუძნება საქართველოში, ხელი რონალდ რეიგანის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა აშშ-ში ჯონ ჰაიბუშმა და ქართული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მოაწერეს. თავის მისასალმებელ სიტყვაში ჯონ ჰაიბუშმა აღნიშნა, რომ რონალდ რეიგანის ფონდი 20 წლის შეიქნა და ის მთელ მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. ამ მიზნებს ფონდი დღესაც სხვადასხვა გზით ახორციელებს - გასცემს სტიპენდიებს, მასპინძლობს მსოფლიო ლიდერებს, აწყობს საპრეზიდენტო დებატებს და ა.შ. ფონდი იმედს გამოთქვამს, რომ თავისუფლების ცენტრიც საქართველოში რეიგანის ფონდის ღირსეულ პარტნიორად იქცევა:
ჩვენ ქართველებს დავეხმარებით კვლევების ჩატარებაში, კონფერენციების მოწყობაში, ერთად განვახორციელებთ გაცვლით პროგრამებსა და გავცემთ სტიპენდიებს...

”რეიგანის ფონდი მიიჩნევს, რომ ეს დოკუმენტი საფუძველია იმ საბოლოო ხელშეკრულებისა, რომელიც კიდევ ერთი, მეტად მნიშვნელოვანი დადებული ქვაა თავისუფლებისმოყვარე ქართველებსა და მათი მეგობარი ამერიკელების ურთიერთობის მშენებლობის პროცესში. ასე რომ, მომდევნო წლებში ჩვენ ქართველებს დავეხმარებით კვლევების ჩატარებაში, კონფერენციების მოწყობაში, ერთად განვახორციელებთ გაცვლით პროგრამებსა და გავცემთ სტიპენდიებს. დაბოლოს, რეიგანის სიტყვებით რომ დავასრულო, თავისუფლება არ არის ისეთი რამ, რაც მემკვიდრეობით გადაიცემა, მისი მოპოვებისათვის თითოეულმა თაობამ თვად უნდა იბრძოლოს.”

არასამეწარმეო და არაპარტიული, კვლევასა და განათლებაზე, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე ორიენტირებულ ცენტრს მიზნებიც შესაბამისი აქვს, ამბობს მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბათუ ქუთელია:
ბათუ ქუთელია

ბათუ ქუთელია


”ცენტრის ამოცანაა თავისუფლების იდეალების განვრცობა ჩვენს საზოგადოებაში და თავისუფალი საზოგადოება კი ვერ იფუნქციონირებს, თუ ის არ იქნება ჩართული საზოგადოებრივ პოლიტიკაში. ამ მიზნების განსახორციელებლად საჭირო ყველა საქმიანობა იქნება ჩვენი ცენტრის დღის წესრიგში, იქნება ეს საგანმანათლებლო პროგრამები, პოლიტიკური დებატები თუ დისკუსიები და ა.შ.”

ქართული საინიციატივო საბჭოს კიდევ ერთი წევრი კი, ვასილ სიხარულიძე, განმარტავს, რომ ცენტრის ძირითად მიმართულებებს სპეციალური საბჭო განსაზღვრავს, შემდგომ, კონკურსის საფუძველზე, მკვლევარებს მოიწვევს, რომლებიც კონკრეტულ სფეროებში იმუშავებენ და სრული დამოუკიდებლობა ექნებათ. ცენტრი დაეთმობა არა მხოლოდ პოლიტიკურ დებატებს, არამედ დისკუსიებს ყველა საინტერესო საკითხზე. ამ კონკრეტული მიზნების გარდა, თავისუფლების ცენტრს და იმას, რომ ის რეიგანის სახელს ატარებს, სიმბოლური დატვირთვაც აქვს, ამბობს ვასილ სიხარულიძე:

”წელს არის რეიგანის დაბადებიდან ასი წლისთავი, ასევე 20 წლისთავი საბჭოთა კავშირის დაშლიდან, რეიგანმა კი უდიდესი როლი ითამაშა, როგორც თავად უწოდებდა, ”ბოროტების იმპერიის” დანგრევაში და მის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგია ისიც, რომ 250 მილიონზე მეტი ადამიანი გათავისუფლდა ტოტალიტარული რეჟიმისგან.”
ეს ცენტრი ხელს შეუწყობს საქართველოში თავისუფლების შენების, ქართველი ხალხის თვითგამორკვევის პროცესებს, რაც საქართველოში ვარდების რევოლუციიის შემდეგ მიმდინარეობს...

პარტნიორობის დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიას საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკელი კონგრესმენებიც ესწრებოდნენ. დელეგაციის ხელმძღვანელმა დევიდ დრაიერმა აღნიშნა, რომ ეს დღე სამ მნიშვნელოვან თარიღს უკავშირდება:

”დღევანდელი დღე სამი ფაქტორის გამოა მნიშვნელოვანი: საქართველოში წმინდა გიორგის სახელობის დღესასწაულს ზეიმობენ, დღესაა ვარდების რევოლუციის მერვე წლისთავი და დღესვე თბილისში იხსნება რონალდ რეიგანის მონუმენტი და მისი სახელობის ცენტრი საქართველოში. ვფიქრობ, ეს ცენტრი ხელს შეუწყობს საქართველოში თავისუფლების შენების, ქართველი ხალხის თვითგამორკვევის პროცესებს, რაც საქართველოში ვარდების რევოლუციიის შემდეგ მიმდინარეობს.”

რეიგანის სახელობის თავისუფლების ცენტრის მნიშვნელობას ხაზს უსვამდნენ პრეზენტაციაზე მისული როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ისინი თანხმდებოდნენ იმ აზრზე, რომ გზა, რომელსაც თავისუფლების ცენტრი დაადგა, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან კიდევ უფრო დაახლოებას შეუწყობს ხელს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG