Accessibility links

logo-print
ამას წინათ, ტაქსით მგზავრობისას, მძღოლს გამოველაპარაკე. ალბათ, გგონიათ, რომ დიპლომებზე მესაუბრა ან კიდევ ტრადიციული რუბრიკა წარმომიდგინა: „რას გვიშვრება ეს მთავრობა?!“ - ნურას უკაცრავად! ტაქსისტი კი არა, კაცი-ვიკიპედია აღმოჩნდა. თანაც ისეთი ინფორმირებული, ნებისმიერ საინფორმაციო სააგენტოს შეშურდებოდა. მგონი, შიოდა. ამიტომ ჭორვილელი პინგვინების უდროო გარდაცვალებით დაიწყო: ბეღურა არაფერ შუაშია, მარხვაზე ჰყავდათ ხოლმე, ნიგვზიან ბადრიჯანს აძალებდნენ და მწვავე გასტრიტმა შეიწირაო. შემდეგ უცხოპლანეტელების მოსალოდნელ ინტერვენციასაც შეეხო: გონს დროზე თუ არ მოვალთ, ცოდვები მოგვეკითხება და - ასე, სადღაც აგვისტოში - ყველას ცოცხლად შეგვჭამენო.

მოკლედ, ამ კაცთან შეხვედრამ დღევანდელი საუბრის თემა მიკარნახა. ვინაიდან რუბრიკა მუსიკალურია, იმ რამდენიმე მითს გავიხსენებ, ჩვენს ბავშვობაში საბჭოთა მელომანის უცნაურ ტვინში რომ იბადებოდა.

ჟანრის კლასიკით დავიწყებ - ისტორიით, რომელიც, სავარაუდოდ, ჯონ ლენონისა და „Deep Purple“-ის თაყვანისმცემლების ქიშპობის ნაყოფი გახლდათ. თუმცა დღემდე ბუნდოვანია, ეს უცნაური დაჯგუფებები რატომ გადაეკიდნენ ერთმანეთს, მით უმეტეს, რა ჰქონდათ გასაყოფი. მაგრამ ფაქტია, პირველი ქვა, მაინც იმ კაცის ფანმა ისროლა, „რაც კი გჭირდება, მხოლოდ სიყვარულიაო“, რომ ირწმუნებოდა...



თანაც ისტორია იმდენად სახალისოა, თხრობა ასეთი ინტონაციით უნდა დაიწყო: ჰოოდა, ერთხელ „ფარფლების“ კონცერტია თურმე და... სცენაზე გამოსულებს, ცარიელი დარბაზი დახვედრიათ. გაჰკვირვებიათ ბიჭებს – ამდენი გვიწვალია და ცოლ-შვილი მაინც მოსულიყოო. წინა რიგში კი ჯონ ლენონი წამოჭიმულიყო, ყველა ბილეთი შეეძინა და ისე ცინიკურად უღიმოდა გაოგნებულ „ფარფლებს“, თითქოს ეუბნებოდა: „აბა, თქვე ლაწირაკებო, მიდით ერთი, გამართეთო“. ესეც არ აკმარა, სკამის საზურგეზე ფეხები შემოაწყო, ფეხსაცმლის ძირებზე კი ჯგუფის სახელი ამოეტვიფრა: მარჯვენაზე - Deep, მარცხენაზე კი - Purple. ასეთ შეურაცხყოფას, „დიფ ფარფლის“ ფანები როგორ შეეგუებოდნენ და ამბის გაგრძელებაც ეგრევე გამოცხვა: განრისხებულ იან გილანს მუსიკოსები კულისებში გაუყვანია, სადაც ცხელ გულზე ცნობილი სიმღერა Fireball-ი დაუწერიათ და თავხედი ლენონისთვის სულ დედა უგინებიათ, თანაც ექსპრომტად შექმნილი ლირიკით: „ჯონ ლენონ, ფაქ იუ, შოუ მი ვეა იუარ ფრომ?“



დევიდ ბოუის და მიკ ჯაგერის ფან-კლუბები კი გაცილებით შორს წავიდნენ. ყველაფერი კი 1985 წლის 13 ივლისს დაიწყო, როცა ეთიოპიის დახმარების მიზნით საკონცერტო მარათონი - “Live Aid” გაიმართა. მარვინ გეის სიმღერა “Dancing In The Street“ დუეტში უნდა შესრულებულიყო: უემბლის სტადიონიდან ბოუის უნდა ემღერა, ფილადელფიიდან კი ჯაგერს. ვიდეოტრანსლაციის სინქრონიზაცია ტექნიკური პრობლემების გამო ვერ მოხერხდა და წამოწყება ჩაიშალა. თუმცა მალე კლიპი გადაიღეს, სადაც იმდენი იმაიმუნეს და იცელქეს, ქართველი ვაჟკაცი მელომანებიც დააეჭვეს კაცურკაცობაში.

ჰოდა, მორიგმა მითმაც არ დააყოვნა: ბოუის მეუღლე - მოდელი ანგელა ბარნეტი - სამსახურიდან შინ დაღლილი რომ დაბრუნებულა, საყვარელი ქმარი მიკ ჯაგერის მკლავებში უპოვია მიძინებული. „რას მიკეთებ, დათოო?“ - ერთი კი დაუკივლია თავზარდაცემულს, თუმცა მაინც კლასიკური პასუხი მიუღია:

„ანჟელა, ეს ის არაა, რასაც შენ ფიქრობ.“

მოკლედ, ასე დაუნდობლად დაანგრიეს ეს ანგელოზივით ოჯახი, ჯაგერის ფანებს კი სახელის გამტეხი დღემდე ვერ უპოვიათ.



ამგვარ ლეგენდებს რა გამოლევს, მათ გახსენებას კი 7 წუთში ნამდვილად ვერ მოვახერხებთ. ამიტომ ჩემი საყვარელი მითით დავასრულებ.

როგორც ყველა ხალხური ნაწარმოების, ამ თქმულების ავტორიც უცნობია. თუმცა, როგორც ჩანს, „პინკ ფლოიდის“ ფანი იყო და როჯერ უოტერსის წასვლას საშინლად განიცდიდა. მუსიკოსის შეუცვლელობაშიც ღრმად გახლდათ დარწმუნებული, რის გამოც ჯგუფს სამარცხვინო დაშლას უწინასწარმეტყველებდა. მაგრამ, როგორც ვიცით, Pink Floyd არ ჩამოიშალა და ისიც გაბოროტდა.
თან ეს ის პერიოდია, რიგითი ქართველები განათლების მიღებას, ბოდიში და, მხოლოდ ტუალეტში წიგნის კითხვით რომ ვჯერდებოდით. ამიტომ უცნობ ავტორს მეტი კრეატიულობა არ აღმოაჩნდა და გილმორს, სწორედ აქ, ამ სანუკვარ ადგილას, გაუსწორდა - რა თქმა უნდა, უოტერსის ხელით.

ჰეროიკული აქტი კი მეტად ბანალური გამოდგა: ავტორმა როჯერ უოტერსს ტუალეტის ქაღალდი სპეციალურად შეაკვეთინა, ზედ დევიდ გილმორი დაახატინა და... როგორც სულხან-საბა იტყოდა, „ბოღმა შურიც არს“ და ხელის ერთი მოძრაობით განიქარვა „მწუხარებაი გილმორისა სიკეთესა ზედა.“

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG