Accessibility links

logo-print

რაზე ილაპარაკეს ამერიკელმა კონგრესმენებმა და ქართველმა ოპოზიციონერებმა?


22-24 ნოემბერს თბილისს სტუმრობს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დელეგაცია, ორი რესპუბლიკელი და ერთი დემოკრატი კონგრესმენის შემადგენლობით. ვიდრე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებოდნენ, 23 ნოემბერს, დღის პირველ ნახევარში, დახურულ კარს მიღმა გაიმართა შეხვედრა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან. რაზე ილაპარაკეს ამერიკელმა კონგრესმენებმა და ქართველმა ოპოზიციონერებმა?

ამერიკელი კონგრესმენებისა და ქართველი ოპოზიციონერების დაახლოებით ერთსაათიან არასაჯარო შეხვედრას 23 ნოემბერს აშშ-ის საელჩო მასპინძლობდა. რესპუბლიკელი კონგრესმენები დევიდ დრაიერი და ედ უიტფილდი და დემოკრატი კონგრესმენი დონალდ პეინი ხუთი ოპოზიციური პარტიის - თავისუფალი დემოკრატების, რესპუბლიკური პარტიის, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის, ახალი მემარჯვენეებისა და ეროვნული ფორუმის - ლიდერებს შეხვდნენ. ამერიკელ სტუმრებს კომენტარი არ გაუკეთებიათ, ხოლო როგორც ქართველი ოპოზიციონერების განმარტებებიდან ირკვევა, ძირითად განსახილველ თემებს საქართველოს უსაფრთხოება, ოკუპაციის პრობლემა, დემოკრატიული განვითარება და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები წარმოადგენდა.
ჩიკაგოს სამიტმა უნდა უპასუხოს პრეზდენტ მედვედევს, ბატონ პუტინს და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩაიშალა ეს პერსპექტივა...

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ყურადღება განსაკუთრებით გაამახვილეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე, რაც უშუალოდ უკავშირდება ქვეყნის სამომავლო უსაფრთხოებას. მათი აზრით, ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა რუსეთის პრეზიდენტის 21 ნოემბრის იმ განცხადების კონტექსტში, რომლის მიხედვითაც 2008 წლის აგვისტოს ომით რუსეთმა ჩაშალა ნატოს გაფართოების პერსპექტივა.

”ჩიკაგოს სამიტმა უნდა უპასუხოს პრეზდენტ მედვედევს, ბატონ პუტინს და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩაიშალა ეს პერსპექტივა. პირიქით, მე მგონია, რომ უნდა დაჩქარდეს ეს ყველაფერი და ჩვენ აუცილებლად უნდა გავხდეთ ნატოს წევრი”, - ამბობს ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე.

ასევე ნატოს ჩიკაგოს სამიტს უკავშირდება იმედი, რომელიც ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ჯერ ამერიკელ კონგრესმენებს, ხოლო შემდეგ მედიის წარმომადგენლებს გაუზიარა. მისი მოლოდინია, რომ, ამერიკელი და ევროპელი მეგობრების დახმარებით, ჩიკაგოს სამიტზე საქართველო ”მნიშვნელოვან გზავნილს” მიიღებს.

ნატოსკენ მიმავალი საქართველოსთვის ამერიკელების მხარდაჭერის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია და რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი. 23 ნოემბერს კონგრესმენებთან შეხვედრაზე გაისმა თხოვნა, რომ ამერიკელების მხარდაჭერა ამ მხრივ აუცილებლად უნდა გაძლიერდეს. თუმცა აქვე ოპოზიციონერების მხრიდან ხაზი ესმება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, რაც ნატოსთან საქართველოს დაახლოების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს და სადაც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მომავალი არჩევნების თემა.
ირაკლი ალასანია

ირაკლი ალასანია


”უნდა აღმოიფხვრას დემოკრატიის დეფიციტი... ქვეყანა სათანადოდ უნდა მოემზადოს მომავალი არჩევნებისთვის... დასავლელი პარტნიორები და ჩვენ ვთანხმდებით იმაში, რომ მოახლოებულ არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს დემოკრატიისთვის”, - აცხადებს ირაკლი ალასანია, ხოლო დავით უსუფაშვილი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საარჩევნო პროცესის წარმატება მტკიცე კავშირშია ქვეყნის უსაფრთხოებასთან:

”დემოკრატიზაციის ნაწილში ჩვენ პრაქტიკულად შევთანხმდით და ერთ საკითხამდე მივედით, რომ ქვეყანაში ხელისუფლების სამართლიანი არჩევნების გზით, თავისუფალი არჩევნების გზით გადაცემა, ეს არის უპირველესი ტესტი, რომელიც საქართველომ უნდა ჩააბაროს. და ეს იქნება წინააპირობაც და სერიოზული ნაბიჯიც უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.”

ინტერესთა თანხვედრა აშკარაა ეროვნული ფორუმის ლიდერის კახა შარტავასთვისაც. კონგრესმენებთან შეხვედრის შემდეგ მან გამოხატა მოლოდინი, რომ საქართველოს პარტნიორები ”კიდევ უფრო გაფაციცებით დააკვირდებიან” ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, პლურალიზმის დამკვიდრებასა თუ ადამიანის უფლებების დაცვას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG