Accessibility links

logo-print
2003 წლის ნოემბრის მოვლენებიდან, რომელსაც მოგვიანებით „ვარდების რევოლუცია“ ეწოდა, 8 წელი შესრულდა. 2003 წლის 23 ნოემბერს პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომით დასრულდა საპროტესტო გამოსვლები, რომელიც საპარლამენტო არჩევნების უხეში გაყალბების გამო დაიწყო, რამდენიმე თვეში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში კი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა.
ჩვენ ვაძლევთ პრეზიდენტს ნახევარ საათს და ამის შემდეგ, თუ თქვენი თანხმობა იქნება, დავიძრებით კრწანისის სამთავრობო რეზიდენციისკენ...

2003 წლის 23 ნოემბერს, სხდომის მიმდინარეობის დროს, საქართველოს პარლამენტში საპროტესტო აქციის მონაწილეები ვარდებით შეიჭრნენ და პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს სიტყვა გააწყვეტინეს. პრეზიდენტი დაცვამ გაიყვანა, დარბაზი კი მომიტინგეებმა დაიკავეს. რამდენიმე საათში პარლამენტის წინ შეკრებილ მომიტინგეებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართა:

„ჩვენ ვაძლევთ პრეზიდენტს ნახევარ საათს და ამის შემდეგ, თუ თქვენი თანხმობა იქნება, დავიძრებით კრწანისის სამთავრობო რეზიდენციისკენ.“

აქციის მონაწილეები კრწანისის რეზიდენციისკენ მართლა დაიძრნენ, თუმცა რადიკალური ქმედებების საჭიროება მალევე გამოირიცხა.
უსისხლოდ ის, რაც ხდება, არ ჩაივლის... რომ გამოვიყენო ის უფლება, რაც მაქვს კანონით მონიჭებული, მიგვიყვანს დიდ სისხლისღვრამდე...

ედუარდ შევარდნაძე: „უსისხლოდ ის, რაც ხდება, არ ჩაივლის... რომ გამოვიყენო ის უფლება, რაც მაქვს კანონით მონიჭებული, მიგვიყვანს დიდ სისხლისღვრამდე... ჩემი ხალხისთვის არასოდეს მიღალატია და ახლაც ვაცხადებ, რომ, ალბათ, ჯობია პრეზიდენტი გადადგეს.“

პრეზიდენტის გადადგომას თბილისელები მთელი ღამის განმავლობაში აღნიშნავდნენ: ქალაქში დაქროდნენ ავტომობილები, პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები კი ერთმანეთს გამარჯვებას ულოცავდნენ. საინტერესოა რას ფიქრობენ თბილისელები რვაწლისწინანდელ მოვლენებზე ახლა, 2011 წლის 23 ნოემბერს. გაამართლა თუ არა ვარდების რევოვოლუციამ მათი მოლოდინი?

მამაკაცი: „ჩემთვის იყო მშვენიერი დღე! მოვიდა მიშა და ააწყო ქვეყანა! ქუჩაში რომ გავდიოდი, პოლიცია მიჭერდა. დღეს ასეთი რამ არ ხდება!“

მამაკაცი: „რაც ხდებოდა, იმას გონიერი ადამიანი მაშინვე მიხვდებოდა. სააკაშვილი შევარდნაძემ დატოვა!“

მამაკაცი: „ამ დღემ, მის შემდეგ განხორციელებულმა ქმედებებმა ქვეყანაში ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ რევოლუცია ერთი დღის პროცესი ხომ არ არის?! ის დროში იწელება.“

ქალი: „ბევრი რამ გაკეთდა. სინათლეა, წყალია, შენდება რაღაცა, ლამაზდება...“

ქალი: „ვაიმე, ნეტა, სულ არ მოსულიყო მიშა!“

მამაკაცი: „ვარდების რევოლუცია ძალიან კარგი იყო, მაგრამ გაგრძელება მოჰყვა ძალიან ცუდი.“

ამ მოქალაქის მოსაზრებას იზიარებს დავით ზურაბიშვილი, რესპუბლიკური პარტიის წევრი და რვაწლისწინანდელი მოვლენების აქტიური მონაწილე:
დავით ზურაბიშვილი

დავით ზურაბიშვილი


„მაშინ ვიყავით ჩამოუყალიბებელი, დიდწილად, დეზინტეგრირებული სახელმწიფო. ახლა ვართ ტიპიური ავტორიტარული რეჟიმის გზაზე დამდგარი სახელმწიფო. ასევე გვაქვს დაკარგული ტერიტორიები, გვყავს ახალი ლტოლვილები, ანუ საგარეო და საშინაო პრობლემები, რომლებიც გვქონდა, არსებითად არც ერთი არ გადაჭრილა. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა კვლავ სიღატაკეში ცხოვრობს.“

დავით ზურაბიშვილის თქმით, ყველა ამ პრობლემას 2008 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების დაბრუნებაც დაემატა. ვარდების რევოლუციის მონაპოვარს ასევე კრიტიკულად აფასებს „გაერთიანებული დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია, თუმცა ის დადებით მომენტებსაც გამოყოფს:

„სერიოზული ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. ენერგოუსაფრთხოების, კრიმინალთან ბრძოლის კუთხით საქართველომ დიდი წინსვლა განიცადა, მაგრამ ვერ მოვიპოვეთ თავისუფლება და ვერ შევქმენით ეროვნული სახელმწიფო, რადგანაც დემოკრატიული ინსტიტუტები არის ჯერჯერობით ძალიან სუსტი. განსაკურთებით უნდა გამოიყოს მართლმსაჯულების ძალიან დაბალი ხარისხი.“
მსოფლიო რუკაზე საქართველო გაჩნდა, როგორც დამოუკიდებელი მოთამაშე, თავისი ინტერესების გამტარებელი...

ოპონენტების კრიტიკას არ იზიარებენ ხელისუფლების წარმომადგენლები. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა დარწმუნებულია იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლებას უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი შეცდომა არ დაუშვია, წარმატებებიდან კი ჩამოთვლის:

„პირველ რიგში, მსოფლიო რუკაზე საქართველო გაჩნდა, როგორც დამოუკიდებელი მოთამაშე, თავისი ინტერესების გამტარებელი. მეორე, ჩვენი პოლიტიკა გახდა ბევრად უფრო რაციონალური და, მესამე, საქართველო, როგორც სახელმწიფო, თავისი ყველა ატრიბუტით, შედგა! ის უზრუნველყოფს ყველა იმ ფუნქციას, რომელსაც უნდა უზრუნველყოფდეს ნორმალური, ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფო. ეს ასეა იმის მიუხედავად, რაც უნდა ნაცარი შეგვაყარონ თვალში ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა. ასე რომ, ეს რვა წელი იყო ძალიან კარგი, მაგრამ წინ არაერთი ისეთი რვა წელია, რომელიც წინსვლას გვიქადის.“
ან ახლა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ვახერხებთ და ცვლილებებს რეალურს ვხდით, ან ძალიან მძიმე და ხანგრძლივი პერიოდი გველის წინ...

ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში წარმატებით მიმდინარეობს თანამედროვე გამოწვევების შესაფერისი საზოგადოებრივი და პოლიტიკური სისტემის ფორმირება, თუმცა, მათივე მტკიცებით, ჯერჯერობით ყველა პროცესი შეუქცევადი არ გამხდარა. შესაბამისად, საჭიროა აღებული კურსის შენარჩუნება და ხელისუფლებაში ვარდების რევოლუციის შედეგად მოსული პოლიტიკური ძალის დარჩენა. მოვლენების ამგვარ განვითარებას ქვეყნისთვის დამღუპველად მიიჩნევს ოპოზიცია. დავით ზურაბიშვილის თქმით, თუ 2012 წელს არჩევნების გზით ხელისუფლება არ შეიცვლება, საქართველო დიდი ხნით ასცდება დემოკრატიის გზას და ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი ჩამოყალიბდება.

„ასეთი ორი ვარიანტია: ან ახლა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ვახერხებთ და ცვლილებებს რეალურს ვხდით, ან ძალიან მძიმე და ხანგრძლივი პერიოდი გველის წინ“, - უთხრა დავით ზურაბიშვილმა რადიო თავისუფლებას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG