Accessibility links

logo-print

მედვედევი ევროკავშირის საზღვრებთან რაკეტების განთავსების გაფრთხილებით გამოდის


პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი თავის რაკეტებს მიმართავს ევროპაში აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვისათვის განკუთვნილი ობიექტების წინააღმდეგ, თუ შეერთებული შტატები არ გაითვალისწინებს მოსკოვის შეშფოთებას, რომელსაც იწვევს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის გეგმა. მედვედევმა დღევანდელ სატელევიზიო გამოსვლაში აღნიშნა, რომ რუსეთმა რაკეტები შესაძლოა, განათავსოს დასავლეთში მდებარე კალინინგრადის ოლქში და სხვა რეგიონებში, თუ მოსკოვი და ვაშინგტონი ვერ მიაღწევენ შეთანხმებას შეერთებული შტატების გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის განთავსებას 2020 წლამდე. მედევედის თქმით, მოსკოვმა შესაძლოა, ასევე მიზანშეწონილად მიიჩნიოს ბირთვული შეიარაღების კონტროლის საკითხზე შეერთებულ შტატებთან შეთანხმებებიდან გამოსვლა და შეიარაღების კონტროლზე სხვა შეთანხმებების შესახებ მოლაპარაკების შეჩერება, თუ ვაშინგტონი გააგრძელებს ამჟამინდელი გეგმის განხორციელებას: „სიტუაციის არასასურველი გზით განვითარების შემთხვევაში, რუსეთი იტოვებს უფლებას უარი თქვას შემდგომი ნაბიჯების გადადგმაზე განიარაღების სფეროში - და, შესაბამისად, შეიარაღების კონტროლის სფეროში. გარდა ამისა, იმ განუყოფელი კავშირის გათვალისწინებით, რომელიც არსებობს სტრატეგიულ შემტევ და თავდაცვით შეიარაღებას შორის, შესაძლოა შეიქმნას ისეთი ვითარება, რომ ჩვენი ქვეყანა გამოვიდეს ბირთვული იარაღების შემცირების შეთანხმებიდან“ - განაცხადა მედვედევმა. ვაშინგტონში, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრეს-მდივანმა, ტომი ვიეტორმა განაცხადა, ევროპაში აშშ-ის ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გეგმა ვითარდება და მისი შეჩერების საფუძველს ვერ ვხედავთო. ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ „ძალიან იმედგაცრუებულია“ რუსეთის მუქარით ევროკავშირის საზღვრებთან რაკეტების განთავსების თაობაზე. გავრცელებულ განცხადებაში რასმუსენი ამბობს, ასეთი ნაბიჯი წარსულს შეგვახსენებს და არ შეესაბამება იმ სტრატეგიულ ურთიერთობას, რომლის მიღწევისთვის მუშაობაზე ნატო და რუსეთი შეთანხმებული არიანო. შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ანტისარაკეტო თავდაცვა საჭიროა ისეთი ქვეყნებიდან მომდინარე პოტენციური საფრთხის გამო, როგორიც არის ირანი, მაგრამ რუსეთი შიშობს, რომ ანტისარაკეტო სისტემა მის ბირთვულ არსენალს დაასუსტებს.
XS
SM
MD
LG