Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 23 ნოემბერი, 2011


ვინ დაიწყო ომი - თემა, რომელიც წინა კვირას კიდევ ერთხელ წამოსწიეს წინა პლანზე, დღევანდელ პრესაში ისევ აქტუალურია. ეს თემა რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა. ამ თემის გაშლით შეგვიძლია დავაკვირდეთ გაზეთების პოზიციას. მაგალითად, გაზეთი „ოცდაოთხი საათი“ კითხვაზე, ვინ დაიწყო ომი, პასუხობს, დიახაც, რუსეთმა დაიწყო, საქართველოს ნატოსკენ სწრაფვის შესასუსტებლადო. ’რუსეთის ომი ნატოს წინააღმდეგ’- სათაურია ერთ-ერთი სტატიისა. ამ ფონზე გამოჩნდა ნუგზარ წიკლაურის განცხადებები, გაბნეული პრესაში, სადაც ის მოუწოდებს, მისი თქმით, ოპონენტებს, რომ თვალებში შეხედონ სიმართლეს. „ესეც ჩვენ ვართ?“ - შეიძლება ეწოდოს იმ განცხადებების კონტექსტს, რომლებიც დმიტრი მედვედევის განცხადებებს მოჰყვა. მეორე მხრივ, კონტექსტი ასეთია: ხელისუფლებამ იცოდა, რომ რუსეთი ხაფანგს უგებდა, მაგრამ ამ ხაფანგში თავი მაინც გაყოო. ამას ამბობს ექსპერტი მამუკა არეშიძე, რომელთანაც ვრცელ ინტერვიუს გაზეთი „ყველა სიახლე“ აქვეყნებს. იმასვე აცხადებს, ამჯერად „საქართველოს რესპუბლიკის“ ფურცლებზე, რესპუბლიკელი თინათინ ხიდაშელი: ”მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს ნებაყოფლობით შეაბიჯა პუტინის დაგებულ ხაფანგშიო”.

არც ერთი გაზეთი არ წერს თავად დმიტრი მედვედევის განცხადებაზე ან კონტექსტზე, რომელშიც ეს განცხადება გაკეთდა, და უფრო რეაქციების რეჟიმში ესაუბრებიან მკითხველს.

საინტერესოა გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებული პარლამენტის უმცირესობის წევრის ჯონდი ბაღათურიას ინტერვიუ. ჯონდი ბაღათურია, შეიძლება ითქვას, პარლამენტში დაწყებულ რღვევაზე საუბრობს და ამ რღვევის სტრუქტურას ამცნობს ჟურნალისტს და, შესაბამისად, მკითხველსაც. ბაღათურია ლაპარაკობს ასევე თავის მცდელობაზე, თავის დროზე დაეშალა უმცირესობა პარლამენტში და ამ გზით მიეღწიათ უმრავლესობაში რყევებისთვის, უფრო სწორად, მიეღწიათ იმისათვის, რომ გამოეცალათ უმრავლესობისთვის უმცირესობაზე ზეწოლის ბერკეტები, რადგან, როგორც ჯონდი ბაღათურია აღნიშნავს, უმცირესობა პარლამენტში უმრავლესობის ბუფერია, ლუფტი თავისუფლად მოქმედებისა, რომელიც ნებისმიერ, ხისტად ერთი პოზიციის გამომხატველ სისტემას სჭირდება. ჯონდი ბაღათურია ამ გზით სვლას დღესაც არ გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ უმრავლესობიდანაც შეიძლება მოხდეს გარკვეული გადაჯგუფებები…

23 ნოემბერი, როგორც რევოლუციური წლისთავი, ასევე წინა პლანზეა გაზეთებში. გაზეთების უმრავლესობის ძირითადი განწყობა საკმაოდ კრიტიკულია. ხშირად ისმება კითხვა: აქამდე როგორ მოვედით? იხსენებენ ზურაბ ჟვანიას, სანდრო გირგვლიანის საქმეებს და, ამ ფონზე, სამთავრობო რეაბილიტაციის პროექტებზე საუბრობენ.

ხელისუფლების რეაქციები ბიძინა ივანიშვილის გამოჩენაზე - თემატიკაა, რომელიც გაზეთებში ფიგურირებს, ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. იგივე თინათინ ხიდაშელი, რესპუბლიკელებიდან, აღნიშნავს, რომ რეაქცია შესაბამისია მთავრობის კურსისა, ანუ ხელისუფლება ხისტი მეთოდებით ცდილობს შეაჩეროს ის განწყობები, რომლებიც საზოგადოებაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას მოჰყვა. დღევანდელ პრესაში არ არის საუბარი ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე, რაც, კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტ სააკაშვილის რეზოლუციას საჭიროებს.

გაზეთებში წაიკითხავთ ასევე მთავრობის ბიზნესომბუდსმენის ინტერვიუს „ქართუ ბანკისა“ და საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ. ვფიქრობ, რომ ეს მთელ საბანკო სივრცეს ასუსტებს და ამიტომ მთავრობას რეკომენდაციით მივმართავთო, აღნიშნავს მთავრობის ბიზნესომბუდსმენი.

ადვოკატების დევნის ახალ ტალღაზე წერს „ახალი თაობა“. გაზეთი აქვეყნებს წერილს ერთ-ერთი ადვოკატისა, რომელსაც,მისი თქმით, დოკუმენტზე ხელი ზეწოლით მოაწერინეს, მიანიჭეს ნომერი 0107 და უთხრეს, იფიქრე, ვის ჩაუშვებო. ადვოკატი, როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ემიგრაციაში წავიდა, ხოლო ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ფაქტის შესახებ პრესას ამცნო.
XS
SM
MD
LG