Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა 2011 წლის ბიუჯეტის ცვლილებები დაამტკიცა


ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის გამოსვლა საქართველოს პარლამენტის სხდომაზე
ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის გამოსვლა საქართველოს პარლამენტის სხდომაზე
მიმდინარე წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი 219 მილიონი ლარით იზრდება და 7 მილიარდ 564 მილიონ ლარს მიაღწევს. ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების გაზრდა საქართველოს პარლამენტმა 24 ნოემბრის სხდომაზე დაამტკიცა. ბიუჯეტის მატების პროექტი საპარლამენტო ოპოზიციამ გააკრიტიკა, რადგან, მათი აზრით, მიმდინარე წლის საფინანსო გეგმის სოციალური ხარჯები, ზრდის ნაცვლად, მცირდება.

2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების კანონპროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტში, მიუხედავად იმისა, რომ წლის საფინანსო გეგმა თითქმის 220 მილიონი ლარით იზრდება, დაძაბული დებატების ფონზე წარიმართა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ოპოზიციურ საპარლამენტო ფრაქციებს არ მოეწონათ ის პრიორიტეტები, რომელთა მიხედვითაც დახარჯავს მთავრობა ბიუჯეტის ნამატ თანხებს. ის, თუ რას და რა რაოდენობით მოხმარდება გაზრდილი ბიუჯეტის თანხები, საქართველოს პარლამენტს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ გააცნო. მისი განცხადებით, ბიუჯეტის გაზრდა გამოიწვია ქვეყნის ეკონომიკის 6 პროცენტამდე გაზრდამ, ნაცვლად ნავარაუდევი 4.4 პროცენტისა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მთლიანმა შიდა პროდუქტმა, გასულ წელთან შედარებით, 3 მილიარდი ლარით მოიმატა:

”წარმოდგენილი ბიუჯეტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნირებები 219,6 მილიონი ლარით იზრდება და განისაზღვრება 7 მილიარდ 569 მილიონი ლარის ოდენობით. დონორების დაფინანსების ფარგლებში ასიგნირებები მცირდება 87,2 მილიონი ლარით, ხოლო საბიუჯეტო სახსრების ნაწილში იზრდება 300 მილიონი ლარით. მათ შორის ლტოლვილთა სახლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის დამატებით გამოიყოფა 13.2 მილიონი ლარი...”

საერთოდ, მაშინ რა საჭიროა ჯანდაცვის პროგრამები, ხალხნო, მაინც არ გვეყოფა ეს არანაირი ფული, ეს ხალხი დაიხოცება და თქვენ ნაკლები ხარჯი გექნებათ. შესაბამისად, გადმოიტანეთ ეს ფული სხვაგან - ცეკვა-თამაშზე, კუნტრუშზე და ასე შემდეგ ...
ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ სხვა სფეროებიც ჩამოთვალა, რომელთა დაფინანსებას ბიუჯეტის გაზრდილი მოცულობა მოხმარდება. მათ შორისაა სოფლის მეურნეობა - ხილისა და ბოსტნეულის წარმოების ინტენსიფიკაციისთვის გამოყოფილ თანხებს 7 მილიონზე მეტი დაემატება; ასევე ენერგეტიკა. ამ სფეროში მიმდინარე პროექტების ბიუჯეტი 30 მილიონი ლარით გაიზრდება. დამატებითი თანხა გამოიყოფა საბაგირო გზების მშენებლობისთვის გუდაურში და მესტიაში; 10 მილიონი ლარი მოხმარდება აეროპორტების განვითარებას და დამატებით დაფინანსდება რეგიონალური ინფრასტრუქტურული პროექტებიც.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ გაზრდილი ბიუჯეტიდან გაიზრდება თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება - თითქმის 45 მილიონი ლარით. ასევე იზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება.

მთავრობის ასეთმა პრიორიტეტებმა საპარლამენტო ოპოზიციის მკვეთრი რეაქცია გამოიწვია. ქრისტიან-დემოკრატიული ფრაქციის წევრების განცხადებით, ბიუჯეტის ზრდის მიუხედავად, დაფინანსება მოაკლდა განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებს. ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერისა და პარლამენტის ვიცე-სპიკერის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, საშუალო სკოლების პროგრამებს 5 მილიონი ლარი მორჩა, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამების ჯამური მოცულობა თითქმის 10 მილიონით მცირდება:
აქაც, მე მგონი, ესეც სემინარის ამბავია. არც ერთი პროგრამა არც ერთი მიმართულებით არ მცირდება...

”საოცარი რამე გავიგე, ხალხნო, დღეს. უმრავლესობის წევრები გამოდიან და გვეუბნებიან, რომ ავადმყოფი იმდენია ამ ქვეყანაში, ფული მაინც არ გვეყოფა და, საერთოდ, რაღაზე დავხარჯოთ ეს ფულიო. საერთოდ, მაშინ რა საჭიროა ჯანდაცვის პროგრამები, ხალხნო, მაინც არ გვეყოფა ეს არანაირი ფული, ეს ხალხი დაიხოცება და თქვენ ნაკლები ხარჯი გექნებათ. შესაბამისად, გადმოიტანეთ ეს ფული სხვაგან - ცეკვა-თამაშზე, კუნტრუშზე და ასე შემდეგ - და, შესაბამისად, მივიღებთ შედეგს, რომ გაჭირვებული ამ ქვეყანაში არავინ გვეყოლება და ვინც დავრჩებით ამ ქვეყანაში, ჯანმრთელები, ბედნიერები ვიქნებით იმით, რომ ამ კუნტრუშსს ვუყურებთ ტელევიზორში 24 საათი.”

ასევე ოპოზიციის კრიტიკა დაიმსახურა თავდაცვის სამინისტროს ხარჯების ზრდამ. ზოგიერთმა დეპუტატმა იკითხა, ”ომს ხომ არ ველოდებითო”. ლევან ვეფხვაძემ ამ თანხით უკვე იანვრიდან პენსიონერთა დაზღვევის დაფინანსება შესთავაზა მთავრობას. ოპოზიცია დაინტერესდა ასევე საარჩევნო პროცესების დაფინანსების საკითხით. ამ და სხვა კრიტიკას თუ შეკითხვებს ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე - ახლა კი პარლამენტის წევრი - გიორგი გოდაბრელიძე გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა კოლეგებისთვის ბიუჯეტის შესახებ სემინარის ჩატარების საჭიროებას:

”2012 წლის ბიუჯეტში უნდა აისახოს, ჩემო ბატონებო ... სხვა რაღაცას ვიხილავთ, სხვა კანონია ეს. კიდევ ერთი, ჯანდაცვის პროგრამების შემცირებასთან დაკავშირებით. აქაც, მე მგონი, ესეც სემინარის ამბავია. არც ერთი პროგრამა არც ერთი მიმართულებით არ მცირდება.”

გიორგი გოდაბრელიძის გარდა, ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს უმრავლესობის სხვა წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ და ინფრასტრუქტურული თუ ეკონომიკის სტიმულირებისთვის საჭირო სხვა პროექტების დაფინანსების ზრდის აუცილებლობაზე ისაუბრეს. მათი აზრით, ეს პროექტები ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და უმუშევრობის შემცირებას განაპირობებს.

მიმდინარე წლის ბიუჯეტის ზრდა საგადასახადო შემოსავლების 125 მილიონი ლარით მატებამ, ასევე სხვა შემოსავლების, არასაგადასახადო შემოსავლების 90 მილიონით ზრდამ და კიდევ სხვა შემოსავლების მატებამ განაპირობა.
XS
SM
MD
LG