Accessibility links

logo-print

გაეროს ბავშვთა ფონდი: ”საქართველოში ბავშვების მდგომარეობა გაუმჯობესდა”


გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოში ბავშვთა მდგომარეობის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის პრეზენტაციაც 24 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში მოეწყო. ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში არსებული ვითარება, ათი წლის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით, შესამჩნევად გაუმჯობესდა. ამ ათი წლის მთავარი მონაპოვარი, ანგარიშის ავტორების შეფასებით, ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებაა, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კი - სიღარიბის დაძლევა, რომელშიც დღემდე საქართველოში ათასობით ბავშვი ცხოვრობს.

ათი წლის წინ საქართველოში დაბადებულ ბავშვს სიცოცხლის შენარჩუნების, დაბადებისას რეგისტრაციისა და საბაზო მომსახურების ხელმისაწვდომობის ნაკლები შანსი ჰქონდა. და მიუხედავად იმისა, რომ დღესაც საქართველოში მცხოვრები ბავშვების ერთ მეოთხედზე მეტი სიღარიბეში ცხოვრობს, პროგრესი აშკარაა - მოკლედ ასე შეიძლება გადმოვცეთ გაეროს ბავშვთა ფონდის ახალი ანგარიშის დედააზრი. თავად ანგარიში, რომელშიც საქართველოში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა დეტალურად, სფეროების მიხედვით არის განხილული, საზოგადოებას გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში რულანდ მონაშმა გააცნო:

”ანგარიში მოიცავს როგორც მიღწევებს ამ სფეროში, ისე გამოწვევებსაც, რომელიც საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების წინაშე დგას. მიღწევებიდან მნიშვნელოვანია 5 წლამდე ბავშვებში სიკვდილიაონობის შემცირება, ორსულთათვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის უზრუნველყოფა, ასევე დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დაწყება, რის შედეგადაც სულ უფრო ნაკლები ბავშვი დარჩება ბავშვთა სახლებში. თუმცა რჩება გამოწვევებიც, როგორიცაა, მაგალითად ის, რომ ძალიან ბევრი ბავშვი ცხოვრობს სიღარიბეში, ახალგაზრდობა კი უმუშევარია. პროგრესი აშკარაა, თუმცა ერთად მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, რომ საქართველომ საბოლოო წარმატებას მიაღწიოს”, - აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში რულანდ მონაში და მთავრობას მოუწოდებს უფრო ეფექტური ზომები მიიღოს ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავების, ახალგაზრდების დასაქმების თვალსაზრისით, გაიზარდოს მთელი რიგი სოციალური სერვისების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მით უმეტეს, რომ საქართველო, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ჯერ კიდევ ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა, სოციალური დანახარჯების მხრივ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის და დსთ-ს ქვეყნებს შორის,.
ბოლო ათი წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს არ უარყოფს არც საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში. თუმცა აქვე უნდა გავიხსენოთ მისი ბოლო წლიური ანგარიში, რომლის ბავშვთა უფლებების ნაწილში სახალხო დამცველის შეფასებები საკმაოდ მკაცრია. დღესაც გიორგი ტუღუში ამბობს, რომ ხშირად ბავშვებს არ აღიქვამენ უფლებების მქონე სუბიექტებად. ბავშვებიც ხშირად ჩივიან იმაზე, რომ მათ აზრს არავინ ითვალისწინებს. სახალხო დამცველის აპარატის მიერ შექმნილმა ბავშვთა მრჩეველთა საბჭომ პირველივე შეხვედრაზე გამოავლინა რა აწუხებდათ ბავშვებს:

”ბავშვებმა პირველივე შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ სამი მთავარი პრობლემა არსებობს: ბავშვთა მიმართ ძალადობა, ბავშვთა აზრის გაუთვალისწინებლობა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობები, რომელიც წარუშლელ კვალს ტოვებს ბავშვის განვითარებაზე.”

გიორგი ტუღუში პროგრესად მიიჩნევს ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობას, იმას, რომ მნიშვნელოვნად მოწესრიგდა რეგისტრაციის სისტემა, უფრო მეტ ბავშვს აქვს დაბადების მოწმობა, თუმცა, მისი თქმით, რჩება სფეროები, სადაც გადადგმული ნაბიჯები საკმარისი არ არის:

”ეს კვლევა მიუთითებს, რომ ინსტიტუციებში მოხვედრილ ბავშვთა რაოდენობა მკვეთრად ნაკლებია, ვიდრე ადრე, და ათჯერ არის ასეთი ბავშვების რაოდენობა შემცირებული, თუმცა იმ ბავშვების უფლებები, ვინც იქ რჩება, დღემდე ირღვევა და სახალხო დამცველის ანგარიშში ამის შესახებ დეტალურად წერია. ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა ბავშვთა მიმართ ძალადობაა როგორც ასეთ დაწესებულებებში, ისე ოჯახებშიც. დაიწყო ამაზე მუშაობა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ ჯერჯერობით ხელშესახები შედეგი არ გვაქვს.”

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ანდრია ურუშაძეს ბოლო წლების მიღწევად მიაჩნია ოფიციალური სტატისტიკისა და დამოუკიდებელი კვლევების სტატისტიკის თანხვედრა, რომლის მიხედვით, მაგალითად, საქართველოში ორი მესამედით არის შემცირებული ბავშვთა სიკვდილიანობა. ურუშაძე ამბობს, რომ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება არ არის მხოლოდ სახელმწიფოს დამსახურება და რომ არასამთავრობო სექტორის როლიც ძალიან დიდია. ურუშაძე ლაპარაკობს უახლოეს მომავალში განსახორციელებელ გეგმებზეც:

”ეს საკმაოდ მძიმე ათი წელი იყო, რომლის განმავლობაშიც ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სწორედ თანამშრომლობით სახელმწიფოს, არასამთავრობო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის. დღეს, პროგრესის მიუხედავად, ჩვენს ჯანდაცვის სტრატეგიაში მთავარი ამოცანა ისევ ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებაა. ისედაც ჩვენს გეგმებში იყო დღევანდელი შედეგი - ორი მესამედით სიკვდილიანობის შემცირება, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი. გარდა ამისა, ჩვენს უახლოეს გეგმებშია ყველა ე.წ. ბავშვთა სახლის დახურვა და მათი ჩანაცვლება საოჯახო ტიპის სახლებით, რაც არა მხოლოდ გააუმჯობესებს ხელმისაწვდომობას ჯანდაცვაზე, არამედ ბავშვებს მეტ საშუალებას მისცემს განათლებისთვის, განვითარებისთვის.”

დაბოლოს, ბავშვთა მდგომარეობის თვალსაზრისით საქართველოში არსებული ვითარების შეფასება ვთხოვეთ ორგანიზაცია ”ევრი ჩაილდის” დირექტორს ანდრო დადიანს, რომელმაც გვითხრა, რომ არის სფეროები, რომელშიც საქართველო ევროპულ ქვეყნებს ნამდვილად არ ჩამოუვარდება. თუმცა საქართველოსთვის დამახასიათებელ მთავარ პრობლემად ის მაინც სიღარიბეს და მისით გამოწვეულ პრობლემებს ასახელებს. ანდრო დადიანის თქმითვე, საქართველოში რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესიც:

”სამწუხაროდ, დღემდე არსებობს არასამთავრობო, ეკლესიის მფარველობის ქვეშ მყოფი ბავშვთა სახლები, რომლებიც, ჩემი აზრით, ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა, რადგან იქ არ რეგულირდება ბავშვთა შედინება. მაშინ როდესაც სახელმწიფო ბავშვთა სახლები იკეტება, ეკლესია, პირიქით, ასეთ სახლებს ხსნის და თან იქ იმდენი ბავშვია, რამდენიც საბჭოთა კავშირის დროსაც კი არ არსებულა ყველაზე დიდ ბავშვთა სახლშიც და ეს ყველა სტანდარტის დარღვევაა. დადასტურებულია, რომ სადაც ბავშვების რაოდენობა აღემატება ათ ბავშვს, იქ ძალადობის რისკიც მეტია და ზრუნვაზეც საუბარი ზედმეტია.”

ანგარიშის ავტორები და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე სხვა ორგანიზციებიც აცხადებენ, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ 2015 წლამდე მთავარ გამოწვევებს გაუმკლავდეს და ათასწლეულის განვითარების მიზნებს მიაღწიოს.
XS
SM
MD
LG