Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მადლიერების დღე და „შეწყალებული“ ინდაურები - „Liberty” და “Peace”


მადლიერების დღე
მადლიერების დღე
აშშ-ის ყველაზე პოპულარული დღესასწაული, მადლიერების დღე, მოძრავია, ანუ მისი თარიღი იცვლება, რადგან ყოველი წლის ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს აღინიშნება. ეს „მოძრაობა“ არ არის დამოკიდებული მზესა და მთვარეზე თუ ციური სხეულების მდგომარეობაზე, როგორც ეს ძველი რელიგიური ზეიმების შემთხვევაში ხდება. ამ დღეს შეერთებულ შტატებში აღნიშნავენ ქრისტიანებიც და მაჰმადიანებიც, იუდეველებიც და, საერთოდ, ყველა... უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით - მორწმუნენიც და ათეისტებიც.

„მადლიერების დღე, თავისი წარმოშობით, ისტორიული დღესასწაულია. მაგრამ ამერიკაში, რომელიც უკიდურესად რელიგიური ქვეყანაა, მას რელიგიური ინტერპრეტაცია ეძლევა. ჩვენს ოჯახში, მაგალითად, პატარა რომ ვიყავი, ამ დღეს ვახშამზე, მაგიდის გარშემო შეკრებილები ჩამოვთვლიდით ხოლმე მიზეზებს, თუ რატომ ვართ ღვთის მადლიერნი. მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო ის, რომ დადიხარ ამა თუ იმ სკოლაში ან გყავს ესა თუ ის მეგობარი, ან მადლიერი ხარ ოჯახის გამო, ან შენი საყვარელი ძაღლის გამო. რაც უნდა ყოფილიყო მიზეზი, გამოვთქვამდით მადლიერებას იმ მფარველობის გამო, რომელიც ღვთისგან მოდის. ამდენად, მადლიერების დღემ რელიგიური დღის ხასიათიც შეიძინა“, - ამბობს ჩემი კალიფორნიელი კოლეგა, კრისტინ დიზი.

ეს საერო დღესაწულია, რომელსაც ბევრი მაინც ეკლესიაში წასვლის საბაბად იყენებს - იქაც მადლიერებას გამოხატავენ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს არ არის რელიგიური, ეკლესიასთან დაკავშირებული დღესასწაული, როგორც სხვები, გვიხსნის კრისტინ დიზი. მისივე თქმით, არა უშავს, თუ ვინმე ათეისტია და არ იცის ვის უნდა უმადლოდეს თავის ცხოვრებაში სიკეთეს:

„ყველა ჩვენგანს აქვს ცხოვრებაში რაღაც, რაც გვახარებს. და თუ არც კი ვიცით მიზეზი, რატომ გვაქვს ეს „რაღაც“, მაინც შეიძლება თბილი განცდა გვქონდეს, შეიძლება სიამოვნებას ვღებულობდეთ საგანგებო ფორმით მადლიერების დღეს.“

კრისტინ დიზიმ ამ დღის ისტორულობა ახსენა. რიკ პინარიც ამერიკელია, ევროპის ისტორიის მკვლევარი, რომელიც ამ ამერიკული დღესასწაულის წარმოშობაზე გვიამბობს:

“პროტესტანტები, - არ ვიტყოდი ექსტრემისტები, მაგრამ ძალიან კონსერვატორი პროტესტანტები, - რომლებმაც დატოვეს ბრიტანეთი და 1620 წელს ჩავიდნენ ახალ კონტინენტზე, ღრმად მორწმუნენი, მაგრამ არაპრაქტიკული ადამიანები იყვნენ და როცა იქ ჩავიდნენ, - დეკემბრის თვე იყო, - თან არ ჰქონდათ არაფერი, ანკესი ან სხვა რამ, რითაც შეიძლებოდა საკვები მოეპოვებინათ. ასე რომ, ზამთარში მათი ნახევარი, თუ არ ვცდები, დაიხოცა. ადგილობრივი მოსახლეობა რომ არ დახმარებოდათ, - აი, ინდიელებს რომ ვუწოდებთ ხოლმე, - უთუოდ მთლიანად გაწყდებოდნენ. ერთად დაამუშავეს მიწა და შემდეგ, შემოდგომაზე, უკვე 1621 წელს, გადაწყვიტეს, მადლობა ეთქვათ ღვთისთვის იმის გამო, რაც მოსავლის სახით მოიწიეს. თავიანთ ინდიელ მეგობრებთან ერთად აღნიშნეს ეს დიდი დღესასწაული.”

სახელი ინდიელების იმ ტომისა, რომელმაც უმასპინძლა ბრიტანელებს, ვამპანოაგია. სხვათა შორის, არაერთ ენაში, ისევე როგორც ქართულში, ფრინველი, რომლისგანაც მზადდება მადლიერების სუფრის მთავარი კერძი, სწორედ ამერიკელ ინდიელთა სახელს უკავშირდება.

ინდაურსა და კერძებზე ოდნავ ქვემოთ გიამბობთ. რაც შეეხება ამ დღესასწაულის დაკანონებას, 1863 წელს აბრაჰამ ლინკოლნმა დაადგინა საბოლოოდ, რომ ეს სახელმწიფო დღესასწაული გამხდარიყო. მადლიერების დღედ ხუთშაბათის დაკანონებაც მისივე დამსახურებაა.

რაც შეეხება ინდაურს, ის, იმის გამო, რომ წმინდა ამერიკული ფრინველია, კინაღამ შტატების გერბის შემადგენელი ნაწილიც გახდა, მაგრამ, როგორც ჩანს, არწივის მომხრეებმა იმარჯვეს. თუმცა ინდაურის მიმართ არსებობს გარკვეული პატივისცემა - არა მარტო სიყვარული, როგორც კერძისა. ამით თუ აიხსნება ის - ახლა უკვე ტრადიციად ქცეული - ამბავი, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ყოველ წელს ორ ინდაურს შეიწყალებს ხოლმე. ეს სალაღობო ტრადიცია პრეზიდენტ ბუშის დროს დამკვიდრდა საბოლოოდ და სათავე 1947 წელს დაედო. მაშინ ინდაურის ეროვნულ ფედერაციას უჩუქებია აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტისთვის ერთი ცოცხალი ინდაური, ორი კი, უკვე კერძის სახით მომზადებული. ამბობენ, რომ ტრუმენს ინდაური შეუწყალებია და ის აღარ დაუკლავთ. ასეა დღემდე. ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, ასევე „შეიწყალა“ ორი ინდაური და ერთ-ერთის სახელად „ლიბერტი“- თავისუფლება - გამოაცხადა თეთრ სახლთან, კერძად გადაქცევას გადარჩენილი მეორე ინდაურის სახელი კი არის „პის“, ანუ მშვიდობა. ობამამ თქვა, რომ ეს ყველასათვის კარგი დღეა, ნამდვილი ამერიკული დღესასწაულია, მაგრამ ინდაურებისთვის არცთუ ისე გასახარებელი დღეაო. მართლაც, ძნელი წარმოსადგენია, რამდენი მილიონი ინდაური დაიკვლება ამ დღეს აშშ-ში.

ამერიკა დიდი ქვეყანაა. მის სხვადასხვა ნაწილშიც განსხვავებული ხალხი ცხოვრობს და ცალკეულ არეალებშიც განსხვავებული შრეები არსებობს მოსახლეობისა. კრისტინ დიზი ლაპარაკობს მადლიერების დღის აღნიშვნის ტრადიციებზე მის მშობლიურ კალიფორნიაში:

„ მე კალიფონიიდან ვარ. ეს ცხელი, მზიანი შტატია, სადაც ხალხი ტკბება გარეთ შემწვარი ხორცით, პლაჟებით და ჩვენც მადლიერების დღეს ჩვენს ინდაურს მაყალზე ვწვავთ ხოლმე. როცა ბევრნი ვართ ერთად, დიდ ინდაურს ვყიდულობთ და კერძის მომზადებას ადრევე ვიწყებთ. მე შეიძლება მიკერძოებული ვიყო, მაგრამ მაყალზე შემწვარი ინდაური გარედან იბრაწება და განსაკუთრებით გემრიელია. თუმცა, ტრადიციულად, ინდაურს ქურაში წვავენ.“

კალიფორნიელი თანამოსაუბრე ამბობს, რომ ეს არის ვახშამი, მაგრამ ადრე - ხუთ საათზე - იწყება, რადგან ხალხი მანამდე არაფერს ჭამს, რათა ინდაურით დატკბეს და რაც შეიძლება ბევრი ჭამოს. კრისტინ დიზის კვერს უკრავს რიკ პინარი, რომელიც თავის საყვარელ კონკრეტულ კერძს აღწერს:

“მე მიყვარს კომბინაცია - ეს არცთუ მთლად ჯანსაღი კომბინაციაა, მაგრამ ძალიან გემრიელია: ინდაურს ამოავსებთ პურით და სუნელებით და შეწვავთ. პური ცხიმს შეიწოვს, შემდეგ თეთრ ხორცს ჩამოაჭრით და წითელი მოცვის საწებელთან და შინ გამომცხვარ პურთან ერთად შეექცევით. მართლაც რომ ღვთიური რამ არის.“
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG