Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში უფლებადამცველის გასამართლებას საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა


ცნობილ აქტივისტს, უფლებადამცველი ცენტრის - „ვიასნას“ - („გაზაფხულის“) ხელმძღვანელს, ალეს ბელიატსკის დღეს ბელორუსიის სასამართლომ ოთხ-ნახევარი წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა. ევროკავშირი საქმეს გმობს და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

ოფიციალური მედიით გავრცელებული კომენტარების ტონი არ ტოვებდა იმედს, რომ ვერდიქტი უფრო ლმობიერი იქნებოდ ...
ბელიატსკი გადასახადებისთვის თავის არიდებაში დაადანაშაულეს. სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ევროკავშირისა და აშშ-ის დიპლომატებიც ესწრებოდნენ, მისი ქონების კონფისკაციის შესახებაც მიიღეს გადაწყვეტილება.

„ვიასნას ვერაფერი შეაჩერებსო“, - განაცხადა ბელიატსკიმ განაჩენის მოსმენის შემდეგ. 49 წლის აქტივისტის ადვოკატი ამბობს, რომ ვერდიქტს გაასაჩივრებენ.

ასეთი განაჩენი მოსალოდნელი იყოო, - უთხრა ჟურნალისტებს ბელიატსკის ცოლმა, ნატალია პინჩუკმა: „ის, რომ ასეთი განაჩენი იქნებოდა გამოტანილი, ზოგადად მოსალოდნელი იყო. ოფიციალური მედიით გავრცელებული კომენტარების ტონი არ ტოვებდა იმედს, რომ ვერდიქტი უფრო ლმობიერი იქნებოდა. რასაც მოველოდით, სწორედ ის მოვისმინეთ დღეს. ის, რომ მოვლენები ასე შეიძლებოდა განვითარებულიყო, ალესის დაპატიმრებამდეც კი ვიცოდი. ეს ჩვენი შეგნებული გადაწყვეტილება იყო. დაპატიმრებამდე ერთი თვით ადრე უკვე ვემზადებოდით ამისათვის.“

უფლებადამცველისთვის გამოტანილ განაჩენს საერთაშორისო კრიტიკა, დაგმობა და ბელიატსკის დაუყოვნებელი გათავისუფლების მოთხოვნისკენ მოწოდებები მოჰყვა. ეუთომ სასამართლოს განაჩენის ირგვლივ „ძლიერი უკმაყოფილება“ გამოხატა.

ევროპარლამენტის პრეზიდენტის პრესსპიკერმა რობერტ გოლანსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა ევროპელი ოფიციალური პირების მოთხოვნა, ბელიატსკის ყველა ბრალდება მოეხსნას და გაათავისუფლონ სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად.

გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდება ემყარება იმ გარემოებას რომ, როგორც ამბობენ, ბელიატსკი ლიტვასა და პოლონეთში გახსნილ პირად საბანკო ანგარიშებს იყენებდა იმ თანხების მისაღებად, რომელსაც საერთაშორისო დონორები ბელორუსიაში ადამიანის უფლებების მხარდაჭერისთვის გამოყოფდნენ.

ორივე ქვეყანამ - ლიტვამაც და პოლონეთმაც - უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ უფლებადამცველის საწინააღმდეგო საქმეში მათი მონაცემები გამოიყენეს და ოფიციალური ბოდიში გაავრცელეს იმის გამო, რომ მინსკის რეჟიმთან თავისდაუნებურად მოუწიათ თანამშრომლობა.

ბელიატსკი ავრცელებდა ცნობებს მთავრობის მხრიდან იმ საპროტესტო აქციების მონაწილეების რეპრესიების შესახებ, რომლებიც 2010 წლის დეკემბერში ჩატარებულ საპრეზდიენტო არჩევნებს მოჰყვა. ამ არჩევნებმა პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მორიგი ვადით დატოვა პრეზიდენტის სავარძელში.
ბელიატსკი 4 აგვისტოს დააპატიმრეს.
XS
SM
MD
LG