Accessibility links

logo-print

ქართველი და ოსი მკვლევარები სამშვიდობო გზის ძიებას შეეცადნენ


საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში პროექტი “ქართულ-ოსური კონფლიქტი: სამშვიდობო გზის ძიება” ერთი წლის განმავლობაში მზადდებოდა, მისი ერთ-ერთი მიზანი კი ქართულ-ოსურ მხარეთა შორის ნდობის აღდგენის პოტენციალის შესწავლა იყო. კვლევის დასრულების შემდეგ ქართველ და ოს მკვლევართა ნაშრომების კრებული გამოიცა.
სამშვიდობო გზის ძიება ქართულ-ოსურ კონფლიქტში სამმა ქართველმა მკვლევარმა იტვირთა. მათ ერთი წლის განმავლობაში შეისწავლეს ქართულ-ოსურ ურთიერთობებში არსებული აქტუალური საკითხები, რაც, საბოლოო ჯამში, კრებულის სახით გამოქვეყნებულ ნაშრომებში აისახა და ქართულ, ოსურ და რუსულ ენებზე გამოიცა. აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი ტიპის აკადემიური კვლევა, პარალელურად, სამხრეთ ოსეთში მცხოვრებმა მკვლევარებმაც ჩაატარეს. კრებული მათ ნაშრომებსაც აერთიანებს. მთავარია, მკითხველმა გადაშალოს წიგნი და ის ოსი მკვლევარების თვალით დანახულ პრობლემებს გაეცნობა.
ჩვენებმა საქართველოდან ხაჭაპურები, ჩურჩხელები წამოიღეს და ჩვენებურად, კავკასიური ტრადიციის ფარგლებში, მოვემზადეთ, ...

შეთანხმებას ერთობლივი კვლევის ჩატარების შესახებ ქართველმა და ოსმა მკვლევარებმა შუამავლის, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის სამშვიდობო ფონდის წარმომადგენლების საშუალებით მიაღწიეს. შეთანხმება კი, ასე ვთქვათ, ნეიტრალურ ტერიტორიაზე - სტამბულში - შედგა. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის თანამშრომელი და პროექტის კოორდინატორი არჩილ გეგეშიძე ერთ-ერთ შეხვედრას იხსენებს: 2011 წლის ძველით ახალი წელი. ოსური და ქართული დელეგაციების წევრები მოლაპარაკებების შემდეგ არაფორმალურ სიტუაციაში, ძველით ახალი წლის აღსანიშნავად, საერთო მაგიდას უსხდებიან.

“ჩვენებმა საქართველოდან ხაჭაპურები, ჩურჩხელები წამოიღეს და ჩვენებურად, კავკასიური ტრადიციის ფარგლებში, მოვემზადეთ, მაგრამ, როგორც მერე გაირკვა, ოსებიც კარგად მომზადებულან. დელეგაციის ერთ-ერთ წევრს 23 კილოგრამიანი აკორდეონი ჰქონდა წამოღებული. დალია ქართული ხელოვნების, კულტურის და განსაკუთრებით ქართული სიმღერის სადღეგრძელო და ამის შემდეგ აკორდეონის თანხლებით “ყვავილების ქვეყანა” იმღერა. ისე ჰყვარებია ეს სიმღერა, რომ თვითონვე უთარგმნია”, - ამბობს არჩილ გეგეშიძე.

არჩილ გეგეშიძე აქვე იმ მთავარ მისიაზე საუბრობს, რაც პროექტის შექმნას დაედო საფუძვლად:

“იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ სხვადასხვა კუთხით დანახულ სიტუაციაში ურთიერთშეხების წერტილის, მსგავსების დანახვა მომხდარიყო, რათა სამომავლოდ იქნებ მართლა მოხერხდეს ნდობის აღდგენის პროცესის დაწყება და, თუ კიდევ უფრო შორს წავალთ, იქნებ შერიგებამდეც მივიდეთ”, - ფიქრობს არჩილ გეგეშიძე.
კრებულში, რომელიც სამი ქართველი და სამი ოსი მკვლევარის ექვს პუბლიკაციას მოიცავს, ასახულია ისეთი საკითხები, როგორიცაა დევნილთა დაბრუნების პერსპექტივები, სამოქალაქო საზოგადოება და სამშვიდობო პროცესი, სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური რეაბილიტაცია, ადამიანური ფაქტორის როლი ნდობის აღდგენის პროცესში და სხვ. გიორგი თარხან მოურავი, ივლიანე ხაინდრავა და რევაზ გაჩეჩილაძე – ეს ის ქართველი მკვლევარები არიან, რომლებმაც აღნიშნულ თემებზე იმუშავეს და მუშაობის შედეგი ჟურნალისტებს გააცნეს. იძულებით გადაადგილება და დაბრუნების პერსპექტივები – გიორგი თარხან-მოურავს სწორედ ამ საკითხზე მოუწია კვლევის ჩატარება და, საბოლოოდ, ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციებიც შეიმუშავა. როგორც მის პუბლიკაციაში ვკითხულობთ, პროექტის ყველა მონაწილე ექსპერტი იმ აზრისაა, რომ სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული პრობლემა უახლოეს დროში ვერ გადაწყდება. გიორგი თარხან-მოურავის თქმით კი, ასეთი პესიმიზმის რამდენიმე მიზეზი არსებობს: ერთ-ერთი პირველი საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობის პოზიციების პრინციპული შეუთავსებლობაა. ის მიუთითებს ასევე ოფიციალური თბილისის მხრიდან ეფექტური, მიზანდასახული და გრძელვადიანი სტრატეგიული მიდგომის არარსებობაზე.
რა თქმა უნდა, ორმაგდება როლი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების, შუამავლების, რომლებიც, მათ სასახელოდ უნდა ითქვას, კარგად ასრულებენ თავიანთ საქმეს...

“მინდა განსაკუთრებით გავამახვილო ყურადღება თემაზე, რომელიც ეხება 2008 წლის შემდეგ იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემებს, რომელთა მომავალი არის გაურკვეველი და ეს არის კიდევ ერთი საფუძველი ზოგადი პესიმიზმისა, რადგან, ერთი მხრივ, დაბრუნების სწრაფი პერსპექტივა არ არსებობს და, მეორე მხრივ, მათი სოციალური მდგომარეობა, მათი სოციალური ინფრასტრუქტურა, მათი შემოსავალი გაურკვეველია. როგორ უნდა იცხოვრონ მათ მომავალში და როგორ უნდა მოხდეს მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი”, - მიაჩნია გიორგი თარხან-მოურავს.

რა როლი შეიძლება ითამაშოს სამოქალაქო საზოგადოებამ სამშვიდობო პროცესის ჩამოყალიბებაში? ამ კითხვაზე პასუხის მოძიებას პროექტში მონაწილე კიდევ ერთი მკვლევარი, კონფლიქტოლოგი ივლიანე ხაინდრავა შეეცადა. კვლევის შედეგად ის ასკვნის, რომ სამშვიდობო პროცესის შექმნის ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელი პირობა თბილისის, ცხინვალისა და მოსკოვის ხელმძღვანელობების მიერ გამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს დარჩენილ ადამიანთა შორის კონტაქტების აუცილებლობის უგულებელყოფაა. და აქვე იმ ერთ-ერთ მთავარ დასკვნაზე საუბრობს, რაც მუშაობის შედეგად გამოიტანა.

“განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლებების მხრიდან, უპირველეს ყოვლისა პოლიტიკური მოტივაციით, არ არის უშუალო დიალოგის, კონტაქტებისა და მიმოსვლის ხელშეწყობა, ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ორმაგდება როლი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების, შუამავლების, რომლებიც, მათ სასახელოდ უნდა ითქვას, კარგად ასრულებენ თავიანთ საქმეს, მაგრამ მათ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევითა და უკეთესი კოორდინაციით უნდა შეასრულონ ეს მისია”, - ამბობს ივლიანე ხაინდრავა.

იმისათვის, რომ პროექტის მესამე მკვლევარს, აღმოსავლეთმცოდნე რევაზ გაჩეჩილაძეს ეპოვა პასუხი კითხვაზე, თუ რა როლი შეიძლება შეასრულოს ადამიანურმა ფაქტორმა ხალხთა შორის ნდობის აღდგენის პროცესში, გამოკითხვის მეთოდს მიმართა, უფრო კონკრეტულად კი, საქართველოში მცხოვრები ოსების თვალსაზრისი შეისწავლა. კვლევამ აჩვენა, რომ გაუცხოება სახიფათოა ორივე ხალხისათვის და რომ აუცილებელია კონტაქტების ჩამოყალიბება საზოგადოებების დონეზე. ძალიან შორეულ პერსპექტივაში, მაგრამ მაინც მაქვს ოპტიმიზმის მიზეზი, ასე იწყებს საუბარს საკუთარი კვლევის შედეგებზე რევაზ გაჩეჩილაძე. მისი თქმით, ქართულ-ოსური კონფლიქტი განსხვავებულია ყველა სხვა კავკასიური კონფლიქტისაგან და არასწორი იქნებოდა მისი დაყვანა წმინდა ეთნიკურ და თუნდაც წმინდა ეთნოტერიტორიულ კონფლიქტამდე. ის უფრო მეტად პოლიტიკური კონფლიქტია, რომლის გაღვივებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა გარეშე ძალამ, ამბობს რევაზ გაჩეჩილაძე:

”არავითარი სახალხო დიპლომატია არ მუშაობს იმ შემთხვევაში, თუ არ არის მისი მხარდაჭერა ხელისუფლების მხრიდან, - ლაპარაკია ორივე მხარეზე, - რადგან სხვა შემთხვევაში, სახალხო დიპლომატია იქნება მხოლოდ ის, რომ, მაგალითად, ქართველმა კაცმა ოსი ქალი შეირთოს ცოლად ან პირიქით. ეს არის და ეს. თუკი ნდობის აღდგენა გადაიქცევა საერთო სურვილად და გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მყოფი სამოქალაქო საზოგადოების საერთო პროექტად, ამ შემთხვევაში ოკუპანტ სახელმწიფოსაც კი, რომელიც ყველაზე ნაკლებად არის დაინტერესებული, რომ კონფლიქტი დარეგულირდეს, რაღაც მომენტში მოუწევს ყურის დაგდება ასეთი მოთხოვნისათვის. ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს, თუმცა ძალიან, ძალიან ზომიერი”, - მიაჩნია რევაზ გაჩეჩილაძეს.

ქართველი მკვლევარები მიუთითებენ იმაზეც, რომ, რიგ შემთხვევაში, მათი და ოსი მკვლევარების აზრები სრულ თანხვედრაში მოდის ერთმანეთთან და მათ ამის საილუსტრაციოდ ერთ-ერთი ოსი მკვლევარის, მერაბ ჩიგოევის, პუბლიკაციიდან ამონარიდი მოჰყავთ:

“აუცილებელია კონფლიქტის მხარეებმა შექმნან ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების დაბრუნებისათვის საჭრო პირობები, მოსახლეობაში უნდა აღმოიფხვრას ერთმანეთის მიმართ მტრული დამოკიდებულების ნებისმიერი გამოვლინება. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ინციდენტებთან დაკავშირებული რისკები. ეს ზომები კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის გაზრდას შეუწყობს ხელს.”

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ქართველი და ოსი მკვლევარების მიერ შექმნილი კრებული 2008 წლის ომის შედგომ პერიოდში ქართულ-ოსურ კონფლიქტთან დაკავშირებული მოვლნებისა და პროცესების მეცნიერულად გააზრების პირველი მცდელობაა. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ამის გარეშე გაჭირდება არსებული ვითარებისათვის გასაღების მოძიება.
XS
SM
MD
LG