Accessibility links

logo-print
საქართველოს მთავრობის 2011-2015 წლების სტრატეგიული განვითარების ათპუნქტიანი გეგმა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს ქვეყნის პარლამენტს წარუდგინა. გეგმის პრეზენტაციას მთავრობის მეთაურმა საათზე მეტი დაუთმო, თუმცა დოკუმენტის ქმედობაუნარიანობაში ძირითადად მმართველი პარტიის წარმომადგენლების დარწმუნება შეძლო. გეგმა მომავალი სამი წლის განმავლობაში ქვეყნის მოდერნიზაციასა და უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას ისახავს მიზნად. უმრავლესობისგან განსხვავებით, საპარლამენტო უმცირესობას ათპუნქტიანი გეგმისა და მთავრობის არ სჯერა.
შექმნილია საგადასახადო კოდექსი, შექმნილია რეგულაციები, შექმნილია ინფრასტრუქტურა, რომელიც ყველანაირად ხელს უწყობს კერძო სექტორს იმისათვის, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას ...

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული განვითარების გეგმა მოდერნიზაციისა და დასაქმებისათვის ქვეყნის 2011-2015 წლების სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის მთავარ მიმართულებებსა და მიზნებს მოიცავს. ქვეყნის განვითარების დინამიკის, გლობალური და რეგიონალური კონტექსტის გათავლისწინებით, დოკუმენტის განახლება ყოველ 6 თვეში ერთხელ იგეგმება. გეგმის მთავარი მიზანი უმუშევრობის შემცირებაა. როგორც საპარლამენტო ტრიბუნიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით უკვე გადადგმულია:

” გადადგმულია იმ მხრივ, რომ შექმნილია ქვეყანაში გარემო, როდესაც კერძო სექტორისთვის ძალიან კომფორტულია ეს გარემო; შექმნილია საგადასახადო კოდექსი, შექმნილია რეგულაციები, შექმნილია ინფრასტრუქტურა, რომელიც ყველანაირად ხელს უწყობს კერძო სექტორს იმისათვის, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას და უმუშევრობა შემცირდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. და ეს ჩვენ კარგად გვესმის. მე მინდა ვთქვა, რომ წელს არის პირველი წელი, როდესაც უმუშევრობა შემცირდა გარკვეულწილად, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან მაღალია.”

ათპუნქტიანი გეგმის მთავარი სტრატეგიული მიმართულებები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დეტალურად გააცნო დეპუტატებს. ეს მიმართულებებია მაკროეკონომიკური სტაბილურობა, მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესება, საუკეთესო საინვესტიციო და ბიზნესგარემოს შექმნა და შენარჩუნება, ქვეყნის რეგიონალურ სავაჭრო და ლოგისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სოფლის მეორნეობის განვითარება, განათლების სისტემის გაუმჯობესება, სოციალური პოლიტიკის დახვეწა, ხელმისაწვდომი, მაღალხარისხიანი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბება და, ბოლოს, ურბანული და რეგიონალური განვითარება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სტრატეგიული გეგმის ცალკეული მიმართულებების დაწვრილებით პრეზენტაციას, თავის მხრივ, საზეპიროების გამეორება უწოდა ქრისტიან-დემოკრატმა ლევან ვეფხვაძემ. მისი შეფასებით, ქვეყანას განვითარებისთვის, ცრუ დაპირებების ნაცვლად, სჭირდება ეკონომიკური კონცეფცია, რომელიც 4 პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს:
რამდენ კომპანიას შემოაქვს ქვეყანაში ბენზინი? სულ ორ კომპანიას და რატომ, ხომ ვერ მეტყვით? რატომ არ ცდილობს ვინმე მესამე და მეოთხე ასეთ მაღალრენტაბელურ ბიზნესში იყოს ჩართული? ...

” ჩვენ გთავაზობთ, პირველი, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, შემდეგი არის ტარიფების დაწევით პირდაპირი ეკონომიკის სტიმულირება, მესამე პრინციპია მონოპოლიების შეზღუდვა და კონკურენციის გაფართოება და შემდეგია დასაქმების ბაზარზე აქტიური, სახელმწიფოს მხრიდან აქტიური ჩარევა. ჩვენთან არ მიმდინარეობს ამ მიმართულებით სახელმწიფოს აქტიურობა, მაშინ როცა სტაბილურად განვითარებულ ქვეყნებში სახელმწიფოს გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის შრომის ბაზარზე.”

თავის მხრივ, ხელისუფლება ელიტურ კორუფციასა და ნეპოტიზმში დაადანაშაულა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ:

”თქვენ ხომ არ მეტყვით, რამდენ კომპანიას შემოაქვს ქვეყანაში ბენზინი? სულ ორ კომპანიას და რატომ, ხომ ვერ მეტყვით? რატომ არ ცდილობს ვინმე მესამე და მეოთხე ასეთ მაღალრენტაბელურ ბიზნესში იყოს ჩართული? იმიტომ, რომ ელიტური კორუფცია, მონოპოლისტური კორუმპირებული კლანები ამის უფლებას არ აძლევენ. ბატონო ნიკა, თქვენი ძმა არის ერთ-ერთი ძლიერი ბანკის, ”საქართველოს ბანკის”, მმართველი. პრეტენზია არც ბანკთან მაქვს, არც თქვენს ძმასთან. მაგრამ პრეზიდენტი რომ მივა იმ ბანკთან, რომელსაც თქვენი ძმა მართავს, და რომ იტყვის, ეს ყველაზე კარგი ბანკია და ფული აქ უნდა გადარიცხოთო, ამას რა ჰქვია? ამას არ ჰქვია ნეპოტიზმი, პროტექციონიზმი და ელიტური კორუფცია?”

ხელისუფლების კრიტიკის მიმართულებით არანაკლებ შორს წავიდა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პაატა დავითაია, რომელმაც საქართველოს მთავრობის ათპუნქტიან გეგმას ეკონომიკურად გაუაზრებელი, ფუჭი დოკუმენტი უწოდა და ქვეყნის პრეზიდენტს მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების მოწოდებით მიმართა;

”მიმაჩნია, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტიც და პრიორიტეტების გეგმაც მხოლოდ კეთილი ნების იმიტაციაა. სინამდვილეში კი ამ ყველაფრის მიზანია ქვეყანაში ილუზორული კეთილდღეობის შექმნა, რომელიც ხელისუფლებას მომავალ არჩევნებში გამარჯვებისთვის სჭირდება. მე წარმატებებს გისურვებთ თქვენ ამ გამოწვევებში, მაგრამ ამ პრიორიტეტებში თითქმის ვერაფერს ვხედავ სახალხოს. მინდა გითხრათ, რომ ხმას ვერ მივცემ მომავალი ბიუჯეტის პროექტს და ვერც, მით უმეტეს, ამ დოკუმენტის ავტორ მინისტრებს. მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, თუ თქვენ ქვეყნის მოდერნიზაცია მართლაც გსურთ, მიმაჩნია, რომ მოდერნიზაცია სწორედ მთავრობის შემადგენლობის შეცვლით უნდა დაიწყოს და მინისტრთა კაბინეტს უნდობლობა უნდა გამოუცხადოთ.”
საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ცდილობს თავისი პრობლემები მოაგვაროს. და არსებობს საქართველოს მთავრობა, რომელმაც იცის, რომ დასაქმება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა არის ყველაზე კარგი სოციალური პროგრამა...

საქართველოს მთავრობის ათპუნქტიანი გეგმის გარშემო დებატებზე პარლამენტში ოპოზიციის რიგებიდან ხელისუფლების კრიტიკისას ითქვა ისიც, რომ ქვეყნის ეკონომიკა საერთოდ არ არსებობს. ოპოზიციის ბრალდებებს მმართველი გუნდი პასუხობდა იმის მტკიცებით, რომ, ოპოზიციისგან განსხვავებით, ხელისუფლებას თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების მისია აქვს. დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა:

” დიახ, საქართველო ჯერ არ არის მდიდარი ქვეყანა. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ცდილობს თავისი პრობლემები მოაგვაროს. და არსებობს საქართველოს მთავრობა, რომელმაც იცის, რომ დასაქმება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა არის ყველაზე კარგი სოციალური პროგრამა, ყველაზე კარგი სოციალური დაცვა. ამიტომ სწრაფი ეკონომიკური ზრდა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ექსპორტის ზრდა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ის მშენებლობები, ის ინვესტიციები, გინდაც კერძო კომპანიების და გინდაც სახელმწიფოს მიერ განხორციელებული, სწორედ ის არის, რაც სამუშაო ადგილების შექმნას გამოიწვევს.”

საქართველოს მთავრობის 2011-2015 წლების სტრატეგიული გეგმის შესახებ დებატები ქვეყნის პარლამენტში შემაჯამებელი სიტყვით კვლავ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დაასრულა. მისი შეფასებით, მოლოდინი, რომელიც უმცირესობისგან ალტერნატიული გეგმის მოსმენასთან დაკავშირებით ჰქონდა, გაუცრუვდა. საზოგადოებას პრემიერ-მინისტრი გეგმის ბოლომდე განხორციელებას დაჰპირდა.
XS
SM
MD
LG