Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვერა ქობალია: მომავალი წლიდან რუსეთისთვის აუცილებელი იქნება ემბარგოს გაუქმება


რუსეთის ბაზარზე კომპანიების "სარაჯიშვილისა" და "ბორჯომის" პროდუქციის შესაძლო დაბრუნების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. ამასთან, ვერა ქობალიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად რუსეთმა საქართველოსთან მოლაპარაკება დაასრულა და მომავალი წლიდან ორგანიზაციის წევრი გახდება, მისთვის აუცილებელი იქნება ემბარგოს გაუქმება. ქობალიას თქმით, ამას დასჭირდება დრო და შემდეგ ქართულ ღვინოს და სხვა პროდუქციას რუსეთის ბაზარზე გასვლის საშუალება ექნება. მინისტრის განცხადებითვე, საქართველოსთვის რუსეთის ბაზარი ერთადერთი არ უნდა იყოს, რადგან ის არამყარია. რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა ”როსპოტრებნადზორმა” ხუთშაბათს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზოგიერთი ქართული კომპანიის, მათ შორის ”სარაჯიშვილისა” და ”ბორჯომის” წარმომადგენლებთან ბოლო ორი თვის განმავლობაში გამართული შეხვედრების შემდეგ, მათი პროდუქციის ხარისხის შესამოწმებლად მიღებულია შესაბამისი მასალები. ”როსპოტრებნადზორის” განცხადებით, მისი ექსპერტები ამჟამად მასალებს სწავლობენ და შედეგებს ქართული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ.
XS
SM
MD
LG