Accessibility links

logo-print

სალმან რუშდი და ფეისბუკი


ბრიტანელი მწერალი, სალმან რუშდი

ბრიტანელი მწერალი, სალმან რუშდი

სალმან რუშდი თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ინგლისურენოვანი მწერალია, ბუკერის პრემიით დაჯილდოვებული რომანის, „შუაღამის შვილების“ ავტორი და მართლაც მთელს მსოფლიოში ცნობილი ფატვის შედეგად, რომელიც მის წინააღმდეგ 1989 წელს გამოაცხდა ირანის მაშინდელმა ლიდერმა, აიათოლა ხომეინიმ, რუშდის მიერ რომან „სატანური ლექსებით“ თითქოსდა ისლამის შეურაცხყოფის გამო. ფატვა სალმან რუშდისთვის სიკვდილის საფრთხეს ნიშნავდა, რის გამოც მას წლების მანძილზე უწევდა თავისი ადგილსამყოფელის გასაიდუმლოება და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მცველების თანხლებით სიარული.

მიმდინარე თვეში კი რუშდის ახალი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა - ფეისბუკი. 14 ნოემბერს ამ სოციალურ ქსელში რუშდის დაუკითხავად შეცვალეს მისი სახელი - სალმან რუშდის ნაცვლად, მის პროფილს დააწერეს აჰმედ რუშდი, მისი სახელი და გვარი ოფიციალურ დოკუმენტებში. განაწყენებულმა რუშდიმ პროტესტი გამოთქვა, რის შემდეგაც მისი სახელი შეცვალეს - ისევ სალმან რუშდიდ. ფეისბუკის განმარტება ასეთი გახლავთ: მისი წესებით, მომხმარებლები რეალური ვინაობით და არა ფსევდონიმებით უნდა იყვნენ დარეგისტრირებული. რაც შეეხება რუშდის - სალმანი იმის გამოა დასაშვები, რომ მისი ერთ-ერთი სახელია (არა პირველი - აჰმადი, მაგრამ მაინც ერთ-ერთი). უბრალოდ, შეცდომა იყო, როცა ფეისბუკის გუნდმა მის პროფილში სახელი შეცვალაო.

ზოგადად, წერს კომპანია ჩვენი რადიოსათვის ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილ წერილობით განმარტებაში: „ფეისბუკი ყოველთვის ეფუძნებოდა რეალური სახელით სარგებლობის კულტურას. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ხელს უწყობს მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენას და უფრო უსაფრთხო და სანდო გარემოს ხალხისათვის, ვინც ამ მომსახურებით სარგებლობს“.

რუშდის ამბის გამო მეტი ყურადღება მიიქცია დისკუსიამ, რომელიც რახანია, დაწყებულია ინტერნეტში მიმდინარე პროცესებზე: რა ადგილი დარჩება ანონიმურობისათვის სოციალური ქსელებით სარგებლობისას? გავრცელდება თუ არა მოთხოვნა, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლის პროფილი უნდა მოიცავდეს რეალურ და არა, სხვადასხვა მიზეზის გამო, გამოგონილ სახელს?
ფეისბუკისა და გუგლ პლუსისაგან, განსხვავებით, მაგალითად, ტვიტერი - ასევე პოპულარული სოციალური ქსელი - არ მოითხოვს რეალური გვარ-სახელით სარგებლობას.

ინტერნეტში ფსევდონიმის გამოყენების მიზეზებს შორის არის, როგორც ცნობილია, საფრთხე, რომელიც კრიტიკული აზრის გამომთქმელს ემუქრება რეპრესიული რეჟიმებისაგან. უფლებადამცველ ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენლის“ ანგარიშით, ონლაინ-აქტივისტებს ყველაზე მწვავე საფრთხე ემუქრებათ ჩინეთში, აზერბაიჯანში, სირიაში, ვიეტნამსა და ეგვიპტეში.

თავის დროზე ფეისბუკმა მართლაც შთამბეჭდავი წარმატებები მოიპოვა იმით, რომ შექმნა ახალი პლატფორმა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს აძლევდა ინტერნეტის მეშვეობით თანამოაზრეებთან დაკავშირების შესაძლებლობას. მაშ რატომ რისკავს ეს სოციალური ქსელი, ისევე როგორც გუგლ პლუსი მომხმარებელთა დაკარგვას, მათთვის შეცვლილი სახელებით სარგებლობაზე უარის თქმით? აი, რა პასუხს იძლევა უსაფრთხოების ტექნოლოგიის ექსპერტი, ბრუს შეიერი. „ორივე, ფეისბუკიც და გუგლ პლუსიც მხარს უჭერს რეალური სახელებით სარგებლობის გავრცელებას. ამას აკეთებენ მხოლოდ გამორჩენის მიზნით. მათ კომერციული ინტერესები ამოძრავებს. თქვენ ფეისბუკის მომხმარებელი არა ხარ - თქვენ ხართ ფეისბუკის პროდუქტი, რომელსაც ის თავის მომხმარებლებზე ჰყიდის. და დიახ - ზოგი ფეისბუკიდან წავა, მაგრამ იციან, რომ უმრავლესობა მაინც დარჩება. ფეისბუკი კი ფულს გააკეთებს, რადგან რეკლამის შემკვეთებს მიჰყიდის ნამდვილ გვარებს და არა ფსევდონიმებს“, - ამბობს ექსპერტი.

გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ინფორმაციით, რომელიც ბოლოდროინდელ ანგარიშს ეფუძნება, კომპანიები წელიწადში ორ მილიარდ დოლარს ხარჯავენ პირადი მონაცემების მოპოვებაში... სოციალურ ქსელებს მათთვის ბევრი დეტალის შეთავაზება შეუძლიათ. ამას გარდა, ფეისბუკი, როგორც იუწყებიან, აპირებს, საკუთარ პლატფორმაზე შეუდგეს ავიაბილეთების გაყიდვას. ასეთი გეგმისთვის კი, ცხადია, მომგებიანი იქნება ინფორმაცია რეალური გვარ-სახელების შესახებ.

ამ ინფორმაციის დადგენა, როგორც უსაფრთხოების ტექნოლოგიის ექსპერტი, ბრუს შეიერი ამბობს, ნელა მიმდინარეობს - როგორც ჩანს, შეძლებისდაგვარად ნაკლები ყურადღების მისაქცევად და რომ არა სალმან რუშდის სახელი, შესაძლოა კიდევ კარგა ხანს არ გამხდარიყო ფართო განხილვის საგანი.

„წარმოიდგინეთ, არა ხართ სალმან რუშდი და პროფილი გაგიუქმეს - ალბათ, ვეღარც დაიბრუნებთ თქვენს გვერდს. ეს ხშირად ხდება. ვგულისხმობ იმას, რომ ბევრი გვერდია გაუქმებული. მართლა ძალიან ძნელია, როცა ირანში ხარ, პროფილის ისევ გააქტიურება. შეიძლება ინგლისური საკმარისად კარგად არ იცოდე, ან შეიძლება არ გინდოდეს ნამდვილი იდენტობის გამხელა“, - აღნიშნავს ექსპერტი მაჰმუდ ენაიათი, ირანის მედიის ექსპერტი აშშ-ის პენსილვანიის უნივერსიტეტში.

ენაიათი ვარაუდობს, რომ ბევრ აქტივისტს ისღა დარჩენია, უარი თქვას ფეისბუკის ტიპის პლატფორმებზე და სხვა სოციალური ქსელებით ისარგებლოს რეპრესიული რეჟიმების ანონიმური კრიტიკის გასაგრძელებლად.

ექსპერტის შეფასებით, „მთავარი ის არის, რომ ამ პლატფორმებს ვეღარ გამოიყენებ, როგორც ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტი. რადგან, თუ აქტივისტი ხარ, სავარაუდოდ, არ გსურს ნამდვილი სახელის გამოყენება. ჩემი აზრით, ამჟამინდელი კურსი მიმართულია იმის წინააღმდეგ, რაც ეს პლატფორმები იყო, როცა მათ იყენებდნენ არაბული გაზაფხულის დროს და ირანის შემთხვევაში“. ექსპერტი გულისხმობს აქტივისტების მიერ სოციალური ქსელების გამოყენებას დემონსტრაციების ორგანიზებისათვის ირანში 2009 წელს და რამდენიმე არაბულ ქვეყანაში წელს გაზაფხულზე. ნამდვილი ვინაობის გამხელას აქტივისტები ხშირად ამჯობინებდნენ და ამჯობინებენ ფსევდონიმებს, ან იყენებენ სახელწოდებებს როგორიცაა, მაგალითად, „თავისუფლებისათვის მებრძოლი“ ან „რეჟიმის მოწინააღმდეგე“. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა მოხდებოდა, ამ ხალხს ანონიმურობა რომ დაეკარგა, ან, თუნდაც ირანში, ახლა რომ დაკარგოს...

ფეისბუკის პროფილი ამ რამდენიმე კვირის წინ მეც გამიუქმეს. რეალური ვინაობის დადასტურებას ითხოვენ - მიუხედავად იმისა, რომ რეალურით ვიყავი დარეგისტრირებული. სიმართლე გითხრათ, არ გადამიწყვეტია, შევეცდები თუ არა პროფილის აღდგენას. სალმან რუშდის ამბავმა კი გამახარა. გარდა იმისა, რომ გამომზეურდა მთელი პროცესი (გავიგეთ, პროფილი რატომ გაგვიუქმეს, ვისაც გაგვიუქმეს), რუშდი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მწერალია. დიდ პატივად მიმაჩნია მის საზოგადოებაში ყოფნა.
XS
SM
MD
LG