Accessibility links

logo-print

საქართველოს საერთაშორისო სუვერენული რეიტინგი გაიზარდა


Standard and Poors-ის შტაბ-ბინა ნიუ-იორკში

Standard and Poors-ის შტაბ-ბინა ნიუ-იორკში

ავტორიტეტულმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია ”სტანდარდ ენდ პურსმა” (Standard and Poors) საქართველოს სუვერენული რეიტინგი ”ბი პლუსიდან” ”ბი-ბი მინუსამდე” გაზარდა. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიოში ძალიან ბევრი ქვეყნის რეიტინგი მცირდება, მათ შორის ევროპის ქვეყნებისა. საქართველოს მთავრობას იმედი აქვს, რომ რეიტინგის გაუმჯობესება ინვესტორების რაოდენობის მატებას გამოიწვევს. რას ნიშნავს საქართველოს საერთაშორისო სუვერენული რეიტინგის გაზრდა?

ლაპარაკი არის 100-ჯერ და 1000-ჯერ უფრო მეტ თანხაზე, პოტენციურ ინვესტორებზე, რომლებიც საქართველოთი უკვე დაინტერესდნენ ...
თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ”სტანდარდ ენდ პურსის” მიერ საქართველოსთვის მინიჭებული სუვერენული რეიტინგი არ არის განსაკუთრებით საუკეთესო, მაგრამ საყურადღებოა, რომ იმ დროს, როცა ბევრი ქვეყნის რეიტინგი მცირდება იქ არსებული ფინანსურ-ეკონომიკური პრობლემებისა და დაბალი ეკონომიკური ზრდის გამო, საქართველოს რეიტინგი ზრდას განაგრძობს. ეს ფაქტი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა მიმდინარე კვირაში საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას სიამაყით აღნიშნეს. ჯერ ფინანსთა მინისტრმა, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საპარლამენტო ტრიბუნიდან ისაუბრა ”სტანდარდ ენდ პურსის” რეიტინგის გაუმჯობესების მიზეზებზე.

„უნდა წავიკითხო ციტატა ”სტანდარდ ენდ პურსის” ანგარიშიდან, სადაც წერია, რომ საქართველოს რეიტინგის გაუმჯობესება გამოწვეულია ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური ზრდით და სახემლწიფო ფინანსების გაუმჯობესებით. ამ მიღწევების მთავარი ხელშემწყობი პირობებია ქვეყნის მიერ საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებული პოლიტიკა, ასევე ჩატარებული სტრუქტურული და ფინანსური რეფორმები. რეიტინგის ზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს გეოპოლიტიკურ და შიდაპოლიტიკური მგომარეობის საგრძნობ სტაბილიზაციას.“

ნიკა გილაური

ნიკა გილაური

”სტანდარდ ენდ პურსი” არის მსოფლიოში არსებული სამი ავტორიტეტული სარეიტინგო სააგენტოდან ერთ-ერთი. ის აფასებს ქვეყნის სუვერენულ რისკებს - როგორც პოლიტიკურს, ასევე ეკონომიკურს. სააგენტოს დაკვირვების თანახმად, საქართველოს მდგომარეობა გაუმჯობესდა და ეს გარკვეული სიგნალია უცხოელი ინვესტორებისთვის. რეიტინგის მატების მნიშვნელობა პარლამენტს და საქართველოს საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განუმარტა:

”ლაპარაკი არის 100-ჯერ და 1000-ჯერ უფრო მეტ თანხაზე, პოტენციურ ინვესტორებზე, რომლებიც საქართველოთი უკვე დაინტერესდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ”სტანდარდ ენდ პურსმა” ბიდან დაბლბიზე აწია საქართველოს რეიტინგი.”

ეს არის მათთვის [ინვესტორებისთვის] გარკვეული სიგნალი, რომ შესაძლებელია საქართველოში რისკები ნაკლებია ვიდრე ადრე იყო...
ნიკა გილაურის განცხადებით, უცხოური ინვესტიციების გაზრდა საქართველოში ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვისაა საჭირო. ასევე უფრო გაიაფდება და ხელმისაწვდომი გახდება საერთაშორისო საკრედიტო რესურსები ქართული ბანკებისთვის, რაც, თავის მხრივ, საქართველოში გაცემული კრედიტების საპროცენტო განაკვეთების შემცირებას გამოიწვევს.

რეიტინგის გაუმჯობესებით ფინანსური რესურსების გაიაფების შესაძლებლობაზე ლაპარაკობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ნოდარ ხადურიც. მისი აზრით, ”ბი-ბი მინუსი” არ არის მაღალი მაჩვენებელი, თუმცა კი კარგი სიგნალია უცხოელი ინვესტორებისთვის.

„ეს არის მათთვის [ინვესტორებისთვის] გარკვეული სიგნალი, რომ შესაძლებელია საქართველოში რისკები ნაკლებია ვიდრე ადრე იყო. ეს არ არის ძალიან მაღალი მაჩვენებელიდა ძალიან დაბალი რისკების მაჩვენებელი. ეს არის წინსვლა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ძალიან ბევრი რამაა გასაკეთებელი და ბევრია შესაცვლელი.“

ეკონომიკის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა ეკონომიკის განვითარების მთავარ მამოძრავებელს წარმოადგენს. შესაბამისად, უმნიშვნელო არ არის ისეთი რეიტინგის გაუმჯობესება, რომელსაც მსოფლიოში ბევრი ინვესტორი დიდ ყურადღებას აქცევს.

ექსპერტების აზრით, მაგალითად, ორი ბიდან სამზე გადასვლის შემთხვევაში, საქართველოში ამერიკული და ევროპული დიდი საპენსიო ფონდების ინვესტიციების მოზიდვა მოხერხდება. სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესება, ანუ ინვესტორების ნდობის გაზრდა შესაძლებელია მაკროეკონომიკური მაჩვენებლების სტაბილურობითა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებით.
XS
SM
MD
LG