Accessibility links

logo-print
საფინანსო წლის მიწურულს საქართველოს ხელისუფლებამ დაუგეგმავი გულუხვობა გამოიჩინა და დამატებით 45 მილიონი ლარი გამოყო ქვეყნის სამხედრო უწყების ხარჯების დასაფინანსებლად. ამასთან, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, თავდაცვის სამინისტრომ საიდუმლოების გრიფი დაადო იმ პროექტებს, რომელთა დაფინანსებასაც მოხმარდება დამატებითი მილიონები.

საქართველოს პარლამენტმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ზედმეტი ხმაურისა და შეკითხვების გარეშე დაამტკიცა თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ კორექტირებული ბიუჯეტი, რომლის ხარჯვის მიზნობრიობის შემოწმება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტში შექმნილ საგანგებო ორგანოს - „ნდობის ჯგუფს“ - აქვს.


ომის, მშვიდობის და სამხედრო სპორტის ბიუჯეტი?

„ომს ხომ არ ველოდებით? თუ რაიმე ხდება, გაგვაგებინეთ, ხალხო!“ - იხვეწებოდა პარლამენტში გამართულ სამთავრობო საათზე ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ლევან ვეფხვაძე. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც კანონმდებლებმა მოულოდნელად აღმოაჩინეს, რომ მთავრობა აპირებდა უმსხვილესი საბიუჯეტო უწყება, თავდაცვის სამინისტრო, წლის ბოლოს დამატებით კიდევ 45 მილიონ ლარით დაეფინანსებინა. ლევან ვეფხვაძეს პარლამენტის ვიცე-სპიკერობამ ვერ უშველა. ოპოზიციის წარმომადგენელს არც მთავრობამ და არც უმრავლესობის წარმომადგენლებმა არ აუხსნეს, თუ რაში დახარჯავს გადამხდელების ჯიბიდან ამოღებულ თანხებს თავდაცვის სამინისტრო.

მაგრამ რომ დახარჯავს და თანაც სწრაფი ტემპით, აშკარაა, რადგან 45 მილიონის ასათვისებლად სამხედრო უწყებას წლის ბოლომდე 45 დღეზე ნაკლები რჩება. საბიუჯეტო ცვლილება საპარლამენტო უმრავლესობამ 24 ნოემბერს ოპერატიულად დაამტკიცა, ზედმეტი განხილვისა და კვლევა-ძიების გარეშე. თუკი ოპოზიციას სურს გაიგოს, თუ როგორ ხარჯავს თავდაცვის სამინისტრო საბიუჯეტო სახსრებს, პარლამენტის „ნდობის ჯგუფს“ მიმართოსო, - განაცხადა საქართველოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო ინტერვიუში:

„არსებობს საკითხები, რომლებზეც არ ვაპირებთ ვისაუბროთ ტელეეკრანების წინაშე. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ არსებობს „ნდობის ჯგუფი“ და ნებისმიერ საკითხზე, ნებისმიერ თემაზე, რომელზეც შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ესა თუ ის ინფორმაცია არ არის საჯარო, აღნიშნული საკითხი შეიძლება დადგეს „ნდობის ჯგუფის“ წინაშე. ეს კანონის და მუხლების მიხედვით რეგულირდება და არა ისე, რომ ვიღაცამ მოიფიქროს, რომ დღეს ეს იყოს საჯარო და ხვალ - ის.“

ზურაბ მელიქიშვილი გადაჭარბებულს უწოდებს ოპონენტების ბრალდებებს, თითქოს თავდაცვის სამინისტრო იქცა „სახელმწიფოდ სახელმწიფოში“ და გასაიდუმლოებული ჰქონდეს ყველა ხარჯი და არა მხოლოდ ე.წ. დახურული მუხლები, როგორიცაა საბრძოლო ტექნიკისა და შეიარაღების შესყიდვა.

ოპონენტები ამბობენ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან ძნელია ინფორმაციის მიღება იმაზეც კი, თუ, ვთქვათ, რა თანხებს ხარჯავს სამხედრო უწყება მის კმაყოფაზე მყოფ პროფესიული საკალათბურთო და სარაგბო გუნდების შენახვაზე. სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე არ გამორიცხავს, რომ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის გაზრდა სწორედ ისეთი დამატებითი ვალდებულებებით იყოს ნაკარნახევი, რაც პირდაპირ არანაირად არ უკავშირდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას:

„ასეთი სპორტული აქტივობა თავდაცვის სამინისტროს მხრიდან მისასალმებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს გუნდები დაკომპლექტებული იქნებიან მხოლოდ იმ პირებით, რომლებიც სამხედრო სამსახურს გადიან და, შესაბამისად, აქვთ საშუალება, თავისი უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე, რომელიმე სპორტულ ღონისძიებაში მიიღონ მონაწილეობა. მაგრამ კლუბები, რომლებიც პროფესიონალურ საწყისებზეა და სადაც არიან ლეგიონერები, მე ვფიქრობ, რომ არ აკმაყოფილებენ იმ [დასავლურ] სტანდარტებს, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფვით. რა თქმა უნდა, სამხედრო ბიუჯეტი ასეთ ღონისძიებებზე არ უნდა იხარჯებოდეს.“


მითიური „ნდობის ჯგუფის“ აუხდენელი ოცნება

თუმცა არავინ დაობს, რომ სამხედრო ბიუჯეტი მხოლოდ ასეთ ღონისძიებებზე არ იხარჯება. სახელმწიფოსგან მიღებული 660 მილიონი ლარით საქართველოს სამხედრო უწყება მთელი წლის განმავლობაში აფინანსებს 38 ათასი სამხედრო მოსამსახურის შრომის ანაზღაურების, სამედიცინო და საყოფაცხოვრებო ხარჯებს, ინახავს 1750-კაციან ქვედანაყოფს ავღანეთში, ატარებს რეგულარული თუ სარეზერვო ნაწილების წვრთნებს, ყიდულობს და არემონტებს საბრძოლო ტექნიკას, ინახავს საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებს და კიდევ რამდენიმე საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, როგორიცაა ზემოხსენებული სპორტული კლუბები და მათი ინფრასტრუქტურა. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ სწორედ წლის ბოლოს დაიწყო საქართველოს სამხედრო უწყებამ მოხალისე რეზერვისტების ახალი პროგრამის ამოქმედება, რასაც, როგორც ერთ-ერთ ბოლო რეპორტაჟში ვვარაუდობდით, აუცილებლად დასჭირდებოდა ან სახელმწიფოსგან დამატებითი თანხების მოთხოვნა, ანდა არსებული სამხედრო ბიუჯეტიდან საჭირო თანხების გამოთავისუფლება, სხვა სახსრების შეკვეცის ხარჯზე. მაგრამ, საბედნიეროდ, „ქამრის შემოჭერა“ და თავდაცვის სამინისტროდან თანამშრომლების დათხოვნა აღარ გახდა საჭირო.

საქართველოს მთავრობის მიერ წლის ბოლოს მობილიზებულმა საგადასახადო შემოსავლებმა სულზე მიუსწრო თავდაცვის სამინისტროს, რომელსაც წინა კვირიდან ანგარიშზე 45 მილიონი ლარი ჩაერიცხება საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად.

„დაახლოებით 35 მილიონამდე იხარჯება შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბთან მიმართებაში, ანუ ამ 45-მდე მილიონ ლარში შედის ეს თანხები. დაახლოებით 8,5 მილიონი ჯდება საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხარჯები. მას დაემატა, თუ არ ვცდები, კიდევ 836 ათასი ლარი ვეტერანთა დეპარტამენტის ხარჯებისათვის, დეპარტამენტისა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროდან გადმოვიდა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში. ანუ ძალიან ზოგადად ეს არის, თუ როგორ დაიხარჯება ეს 45 მილიონი ლარი და ამის მიღმა კი მხოლოდ „ნდობის ჯგუფმა“ შეიძლება შეაღწიოს“, - ამბობს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის წევრი, ქრისტიან-დემოკრატი რატი მაისურაძე.

თუმცა თავად რატი მაისურაძე არ არის ამ „ნდობის ჯგუფში“, რომელიც სამოქალაქო კონტროლის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტია საქართველოს პარლამენტში. მაგრამ „ნდობის ჯგუფის“ თავმჯდომარე გივი თარგამაძე იმ მოხელეებზე უფრო მიუწვდომელი ადამიანია, რომლებსაც თანამდებობრივად იგი უნდა აკონტროლებდეს. იშვიათი შემთხვევების გარდა, გივი თარგამაძე გაურბის მედიასთან ურთიერთობას და სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ამ „მითიურ“ „ნდობის ჯგუფში“ შედის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, გიორგი თარგამაძე, რომელიც თავის თანაპარტიელებთან ერთად მწვავედ აკრიტიკებს ხოლმე მთავრობის პოლიტიკას და, საჭიროების შემთხვევაში, პარლამენტში სამთავრობო საათზე იბარებს ეკონომიკური და სოციალური დარგის მინისტრებს. მაგრამ ე.წ. ძალოვანი მინისტრების მიმართ საპარლამენტო ოპოზიცია შეუდარებლად პასიურია.

„პირობას ვიძლევი მე, ჩემი ფრაქციის სახელით, რომ რაკი ამ [თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების] კომიტეტს წარმოვადგენ, ამ ხარვეზს აუცილებლად გამოვასწორებ“, - ამბობს ქრისტიან-დემოკრატი რატი მაისურაძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ ეს ცუდი, არადემოკრატიული ტრადიცია ახლო მომავალში დაირღვევა.

საქართველოს პარლამენტში იხსენებენ, რომ ბოლო თავდაცვის მინისტრი, ვინც ე.წ. სამთავრობო საათზე პარლამენტში მივიდა და ღიად უპასუხა კანონმდებლების შეკითხვებს, ირაკლი ოქრუაშვილი იყო. ამის შემდეგ, „ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან“ გამომდინარე, „სამთავრობო საათმა“ პრაქტიკულად შეწყვიტა არსებობა თავდაცვის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ამ ხნის განმავლობაში საზოგადოებას ყველაზე მეტი შეკითხვა სწორედ ხალხისგან ყველაზე უხვად დაფინანსებული, მაგრამ ყველაზე ნაკლებად ანგარიშვალდებული მინისტრების მიმართ დაუგროვდათ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG