Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რევოლუციის წლისთავისა და რეიგანის კვირა


მიხეილ სააკაშვილი რონალდ რეიგანის ძეგლის გახსნაზე
მიხეილ სააკაშვილი რონალდ რეიგანის ძეგლის გახსნაზე
გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენებიდან გამორჩეული იყო ვარდების რევოლუციის წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. 23 ნოემბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განახლებული აღმაშენებლის გამზირი გახსნა, შემდეგ კი ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში შეტანილი წვლილის, ნაყოფიერი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა მოქმედი და ყოფილი დიპლომატები, კულტურის მოღვაწენი, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი და საკუთარი მრჩეველი. მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა რიყის პარკის ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების მე-40 პრეზიდენტის ძეგლი გახსნა.

მიხეილ სააკაშვილი: „მინდა გავიხსენო რეიგანის სიტყვები: „ძალიან კარგად ვიცი გულის სიღრმეში, რომ ადამიანი ფუნდამენტურად არის დადებითი მოვლენა და რომ სიმართლე და სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს“. შეხედეთ პრეზიდენტის სასახლის ფასადს, სადაც გამოსახულია რუსთაველის ციტატა: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“. დღეს საქართველოსთვის რეიგანი აქტუალურია ისე, როგორც არასდროს.“

ქანდაკების გარდა, 23 ნოემბერს თბილისში რონალდ რეიგანის სახელობის თავისუფლების ცენტრიც გაიხსნა. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში რეიგანის ცენტრის დაფუძნებასთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილმა ელჩმა აშშ-ში დავით სიხარულიძემ და რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ჰოიბუხმა პარტნიორობის შეთანხმება გააფორმეს.
რეიგანის ცენტრის დაფუძნება
რეიგანის ცენტრის დაფუძნება

”რეიგანის ფონდი მიიჩნევს, რომ ეს დოკუმენტი საფუძველია იმ საბოლოო ხელშეკრულებისა, რომელიც კიდევ ერთი, მეტად მნიშვნელოვანი დადებული ქვაა თავისუფლებისმოყვარე ქართველებისა და მათი მეგობარი ამერიკელების ურთიერთობის მშენებლობის პროცესში. ასე რომ, მომდევნო წლებში ჩვენ ქართველებს დავეხმარებით კვლევების ჩატარებაში, კონფერენციების მოწყობაში, ერთად განვახორციელებთ გაცვლით პროგრამებს და გავცემთ სტიპენდიებს. დაბოლოს, რეიგანის სიტყვებით რომ დავასრულო, თავისუფლება არ არის ისეთი რამ, რაც მემკვიდრეობით გადაიცემა, მისი მოპოვებისათვის თითოეულმა თაობამ თავად უნდა იბრძოლოს”, განაცხადა ჯონ ჰოიბუხმა.

თუმცა 23 ნოემბრის მთავარი მოვლენა მაინც ვარდების რევოლუციის მერვე წლისთავი იყო. ამ დღეს ხელისუფლებამ, ტრადიციულად, მიღწევებეზე ილაპარაკა, ოპოზიციამ - დაშვებულ შეცდომებეზე.

გასულ კვირაში საქართველოს ამერიკის კონგრესის დელეგაციაც სტუმრობდა. ხელისუფლების გარდა, რესპუბლიკელი კონგრესმენი დევიდ დრაიერი და მისი კოლეგები ხუთი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შეხვდნენ. ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე, რაც უშუალოდ უკავშირდება ქვეყნის სამომავლო უსაფრთხოებას. საუბარი ასევე შეეხო დემოკრატიის პრობლემებს საქართველოში.

დავით გამყრელიძე: ”ჩიკაგოს სამიტმა უნდა უპასუხოს პრეზიდენტ მედვედევს, ბატონ პუტინს და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩაიშალა ეს პერსპექტივა. პირიქით, მე მგონია, რომ უნდა დაჩქარდეს ეს ყველაფერი და ჩვენ აუცილებლად უნდა გავხდეთ ნატოს წევრი.”
დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

დავით უსუფაშვილი: ”დემოკრატიზაციის ნაწილში ჩვენ პრაქტიკულად შევთანხმდით და ერთ საკითხამდე მივედით, რომ ქვეყანაში ხელისუფლების სამართლიანი არჩევნების გზით, თავისუფალი არჩევნების გზით გადაცემა - ეს არის უპირველესი ტესტი, რომელიც საქართველომ უნდა ჩააბაროს. და ეს იქნება წინაპირობაც და სერიოზული ნაბიჯიც უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.”

გასულ კვირაშივე დასრულდა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ვიზიტი რუსეთში. ილია მეორე მოსკოვში ყოფნისას მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილსა და რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს შეხვდა, სამშობლოში დაბრუნებულმა კი განაცხადა, რომ ვიზიტი სასარგებლო და მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის:

“ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ ლტოლვილების ბედს და გვქონდა საუბარი ლტოლვილების შესახებ და იმედი არის, რომ ისინი დაბრუნდებიან თავიანთ სახლებში.“
ჩვენთან არ მიმდინარეობს ამ მიმართულებით სახელმწიფოს აქტიურობა, მაშინ როცა სტაბილურად განვითარებულ ქვეყნებში სახელმწიფოს გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის შრომის ბაზარზე...

თუმცა ჯერჯერობით დევნილების სახლებში დაბრუნებას არც რუსეთის ხელისუფლება ჩქარობს და არც მის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული რეჟიმები სოხუმსა და ცხინვალში. ყოველ შემთხვევაში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც 22 ნოემბერს დვანში გაიმართა, მხარეებმა მხოლოდ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებასა და დაკავებულთა გათავისუფლებაზე ილაპარაკეს. ამჟამად ცხინვალის ციხესა და წინასწარი დაკავების იზოლატორში, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი შოთა უტიაშვილი ამბობს, საქართველოს 18 მოქალაქე იმყოფება.

გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის ბიუჯეტის ცვლილებები დაამტკიცა. ბიუჯეტი 219 მილიონი ლარით გაიზარდა და 7 მილიარდ 564 მილიონ ლარს მიაღწია. ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების გაზრდა საქართველოს პარლამენტმა 24 ნოემბრის სხდომაზე დაამტკიცა, 25 ნოემბერს კი დეპუტატების წინაშე პრემიერ-მინისტრი საქართველოს მთავრობის 2011-2015 წლების სტრატეგიული განვითარების ათპუნქტიანი გეგმით წარდგა. ნიკა გილაურის თქმით, გეგმის მთავარი მიზანი უმუშევრობის შემცირებაა და ამ მიმართულებით პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადაიდგა:
ნიკა გილაური
ნიკა გილაური

”გადადგმულია იმ მხრივ, რომ შექმნილია ქვეყანაში გარემო, როდესაც კერძო სექტორისთვის ძალიან კომფორტულია ეს გარემო; შექმნილია საგადასახადო კოდექსი, შექმნილია რეგულაციები, შექმნილია ინფრასტრუქტურა, რომელიც ყველანაირად ხელს უწყობს კერძო სექტორს იმისათვის, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას და უმუშევრობა შემცირდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. და ეს ჩვენ კარგად გვესმის. მე მინდა ვთქვა, რომ წელს არის პირველი წელი, როდესაც უმუშევრობა შემცირდა გარკვეულწილად, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან მაღალია.”

ეს რომ საკმარისი არაა, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრს ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც შეახსენეს.

ლევან ვეფხვაძე: ”ჩვენ გთავაზობთ, პირველი, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, შემდეგი არის ტარიფების დაწევით პირდაპირი ეკონომიკის სტიმულირება, მესამე პრინციპია მონოპოლიების შეზღუდვა და კონკურენციის გაფართოება და შემდეგია დასაქმების ბაზარზე აქტიური, სახელმწიფოს მხრიდან აქტიური ჩარევა. ჩვენთან არ მიმდინარეობს ამ მიმართულებით სახელმწიფოს აქტიურობა, მაშინ როცა სტაბილურად განვითარებულ ქვეყნებში სახელმწიფოს გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის შრომის ბაზარზე.”

კვირა სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნებით დასრულდა. 27 ნოემბრისათვის დანიშნულ მეორე ტურში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სავარძლის დასაკავებლად ერთმანეთს ალა ჯიოევა და ანატოლი ბიბილოვი დაუპირისპირდნენ. ბიბილოვს მოქმედი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი უჭერს მხარს, თუმცა, როგორც უნდა დამთავრდეს არჩევნები, მის შედეგებს არც ოფიციალური თბილისი ცნობს და არც საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდესი ნაწილი.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG