Accessibility links

პაკისტანელები აპროტესტებენ ნატოს თავდასხმას


პაკისტანში დღეს ასობით ადამიანი მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში ნატოს საჰაერო თავდასხმის დასაგმობად. ავღანეთის საზღვრის მახლობლად შაბათს განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 24 პაკისტანელი ჯარისკაცი. დღევანდელი საპროტესტო აქციებიდან ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო დემონსტრაცია ქალაქ კარაჩიში შეერთებული შტატების საკონსულოსთან. შაბათის ტრაგიკულმა ინციდენტმა კიდევ უფრო დაძაბა პაკისტანსა და ნატოს (უწინარეს ყოვლისა, შეერთებულ შტატებს) შორის ისედაც რთული ურთიერთობა. პაკისტანი აცხადებს, რომ კეტავს ავღანეთში საერთაშორისო ძალების მოსამარაგებელ ძირითად სატრანზიტო მარშრუტებს, რომლებიც პაკისტანის ტერიტორიაზე გადის და შეერთებული შტატებისაგან მოითხოვს, დაცალოს სამხედრო ბაზა, რომელსაც ის იყენებს უპილოტო თვითმფრინავებისათვის. პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრის, რეჰმან მალიკის განცხადებით, მისი სამინისტრო იზრუნებს იმაზე, რომ ავღანეთში ნატოს მოსამარაგებელი სატრანზიტო მარშრუტები დახურული დარჩეს. „არა მარტო მე, არამედ მთელი ერი გმობს ნატოს საჰაერო დარტყმას. რაც უნდა მომხდარიყო, ვერ წარმოვიდგენდით, რომ ასეთ რამეს მოკავშირეები გააკეთებდნენ“, განაცხადა პაკისტანელმა მინისტრმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა თავდაცვის მინისტრთან, ლიონ პანეტასთან ერთად გამოუშვა ერთობლივი განცხადება, რომელშიც გამოხატულია „ღრმა მწუხარება“ პაკისტანელი ჯარისკაცების დაღუპვის გამო. ნატომ პირობა დადო, რომ გულდასმით გამოიძიებს ინციდენტს.
XS
SM
MD
LG