Accessibility links

logo-print

ცხინვალიდან ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები ვრცელდება ე.წ. არჩევნების შედეგებზე


ცხინვალის რეგიონში დასრულდა დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური. მისი მონაწილეების, ანატოლი ბიბილოვისა და ალა ჯიოევას საარჩევნო შტაბები, საინფორმაციო სააგენტო "რია-ნოვოსტი" როგორც იუწყება, ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობებს ავრცელებენ არჩევნების წინასწარ შედეგებზე. განათლების ყოფილი მინისტრის, ალა ჯიოევას შტაბის მონაცემებით, წინასწარი შედეგები მიანიშნებს, რომ ლიდერობს ჯიოევა ხმების 61 პროცენტით, ხოლო მის მეტოქეს, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგანგებო დავალებათა მინისტრ ანატოლი ბიბილოვს სულ 39 პროცენტი ერგო. თავის მხრივ, ბიბილოვის შტაბი ირწმუნება, რომ ამ კანდიდატს მიემხრო, წინასწარი მონაცემებით, ამომრჩევლების 55-მდე პროცენტი. ბიბილოვი მოსკოვის მხარდაჭერით სარგებლობს. საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები შედგა და რომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო ელექტორატის 72 პროცენტზე მეტმა. დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტური 13 ნოემბერს ჩატარდა. საქართველო, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდესი ნაწილი, არ ცნობს არჩევნების ლეგიტიმურობას ტერიტორიაზე, რომელიც ოკუპირებულად არის მიჩნეული.
XS
SM
MD
LG