Accessibility links

logo-print

სხვადასხვა გზა ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერად


ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლისათვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით მთელ ქვეყანაში ხელმოწერები გროვდება. როგორც ინიციატორი ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, დღესდღეობით მხოლოდ თბილისის მასშტაბით 160 000 ხელმოწერაა შეგროვილი. ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერის განსხვავებულ ფორმას მიმართეს რეჟისორმა სოსო ჯაჭვლიანმა, მოჭიდავე ლუკა კურტანიძემ და მწერალმა მერაბ შათირიშვილმა - ისინი უკვე მეოთხე დღეა, რაც ქუთაისიდან თბილისისაკენ ფეხით მოდიან. რაც შეეხება თავად ბიზნესმენს, მას მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე ჯერ არ მიუმართავს პრეზიდენტისთვის, თუმცა საქალაქო სასამართლოში შესულია სარჩელი, რომლის მიხედვითაც, ის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ პრეზიდენტ სააკაშვილის 11 ოქტომბრის ბრძანებულების გაუქმებას ითხოვს.
თუკი სასამართლო უკანონოდ ცნობს პრეზიდენტის ბრძანებულებას მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე, ამ შემთხვევაში ხელახალი მიმართვა საჭირო არ იქნება ...

საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც განიხილავენ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის სარჩელს პრეზიდენტის ბრძანებულების გაუქმებასთან დაკავშირებით და მხარეები მტკიცებულებებს გაცვლიან, 5 დეკემბრისთვის ჩაინიშნა. რაც შეეხება საკითხს, როდის მიმართავს ან მიმართავს თუ არა ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით, ჯერ კიდევ გაურკვეველია. დეტალების გასარკვევად რადიო თავისუფლება ბიზნესმენის მრჩეველთა საბჭოს წევრს, ზაქარია ქუცნაშვილს დაუკავშირდა. როგორც ის ჩვენთან საუბარში ადასტურებს, ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობის ხელახლა მინიჭების თხოვნით პრეზიდენტისათვის ამ ეტაპზე არ მიუმართავს. ჩვენ გვაქვს შემუშავებული დაცვის სტრატეგია და უახლოეს მომავალში საზოგადოებას საჯაროდ წარვუდგენთ დაზუსტებულ სარჩელს, რომელიც მოქალაქეობის ჩამორთმევის ნაწილში პრეზიდენტის ბრძანებულების უკანონობას ნათელს მოჰფენსო, ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი, ხოლო კითხვაზე, მიმართავს თუ არა ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტს მოქალაქეობის ხელახლა მინიჭების თხოვნით, ასე გვიპასუხებს:

”თუკი სასამართლო უკანონოდ ცნობს პრეზიდენტის ბრძანებულებას მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე, ამ შემთხვევაში ხელახალი მიმართვა საჭირო არ იქნება, თუმცა პარალელურ რეჟიმში შესაძლებელია, რომ პრეზიდენტს მიემართოს კიდეც და მოეთხოვოს მოქალაქეობის აღდგენა. ჯერჯერობით ველოდებით მოსამზადებელ სხდომას. კონსტიტუცია გვეუბნება, რომ ჩვენ გვაქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, ამიტომაც ველოდებით სამართლიანი სასამართლოს ჩატარებას.”

სანამ ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა სამართლიანი სასამართლოს ჩატარების მოლოდინში არიან, საზოგადოების ნაწილი ბიზნესმენის მხარდაჭერას სხვადასხვა მეთოდით ცდილობს. რამდენიმე კვირაა თბილისის ქუჩებში ასეთი შინაარსის განცხადება გაჩნდა: „საქართველოს მოქალაქეები მოვითხოვთ მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს ეკატერინე ხვედელიძეს“. განცხადებას ყველა მოქალაქე, ვისაც სურს, ხელმოწერით ადასტურებს. ხელმოწერების შეგროვების ინიციატივა მოძრაობა ”სამოქალაქო ერთობას” ეკუთვნის. მისი თავმჯდომარე იური ვაზაგაშვილი ამბობს, რომ ამ დროისათვის მხოლოდ თბილისის მასშტაბით 160 000 ხელმოწერაა შეგროვილი.

”საზოგადოებამ ისწავლა საკუთარი უფლებებისა და ერთმანეთის დაცვა. ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ ივანიშვილი პრეზიდენტად უნდა ავირჩიოთ. ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ ადამიანს მიეცეს საშუალება შეხვდეს საზოგადოებას, მოვიდეს პოლიტიკაში და თუკი საზოგადოებას მოეწონება ის, მაშინ თავის არჩევანს გააკეთებს. ვფიქრობ, რომ ამ ხელმოწერებს საქართველოში არანაირი შედეგი არ მოჰყვება. თუმცა ხელმოწერების შეგროვების შემდეგ საზოგადოებას ჩავაბარებთ ანგარიშს და ხელმოწერებს წავიღებთ ევროსაბჭოში”, - ამბობს იური ვაზაგაშვილი.
ჩვენი მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენაა. ჩვენ არავის გაკერპება არ გვსურს...

ბიზნესმენის მხარდაჭერის განსხვავებულ მეთოდს მიმართა რეჟისორმა სოსო ჯაჭვლიანმა. ის და მისი ორი თანამოაზრე, მოჭიდავე ლუკა კურტანიძე და მწერალი მერაბ შათირიშვილი, ბიზნესმენისათვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით, რამდენიმე დღეა ქუთაისიდან თბილისისაკენ ფეხით მოდიან. უფრო კონკრეტულად კი, მათ გეზი გელათიდან სამებისაკენ აიღეს.

”ჩვენი მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენაა. ჩვენ არავის გაკერპება არ გვსურს”, - ამბობს სოსო ჯაჭვლიანი. როდესაც რადიო თავისუფლება სოსო ჯაჭვლიანს დაუკავშირდა, ის იმ დროისათვის გორში იმყოფებოდა: ”ძალიან თოვს. მეოთხე დღეა მოვდივართ. მოვდივართ იმ იმედით, რომ ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. ერთ წუთში გვინდა ხოლმე ყველაფრის მოგვარება. ვნახოთ. როცა ჩამოვალთ, ჩვენ უკვე გვექნება ჩამოყალიბებული აზრი”, - ამბობს სოსო ჯაჭვლიანი.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ უკვე თვეზე მეტია საქართველოს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით სწავლობს ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხს. როგორც ომბუდსმენის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიმარტეს, საქმის შესწავლის დასრულებისთანავე გავრცელდება საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეობა ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს 11 ოქტომბერს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე შეუწყდათ. როგორც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს უფროსმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, გაირკვა, რომ 2004 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც ბიზნესმენს რუსეთის მოქალაქეობის პარალელურად პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა, მან საფრანგეთის მოქალაქეობაც მიიღო, რაც, ვაშაძის თქმით, გახდა კიდეც მოქალაქეობის ავტომატურად შეწყვეტის მიზეზი.
თუმცა, როგორც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ეკა ბესელია ამბობს, არავის გახსენებია მისი დაცვის ქვეშ მყოფის განცხადება, რომ ის იტოვებს საქართველოს მოქალაქეობას და უარს ამბობს როგორც საფრანგეთის, ასევე რუსეთის მოქალაქეობაზე. მისივე მტკიცებით, ამ განცხადებისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის გათვალისწინებით, ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობის გარეშე დაუშვებელი იყო მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG