Accessibility links

logo-print
28 ნოემბრის, ორშაბათის, ქართული პრესის მიმოხილვა გაზეთ „ახალ თაობაში“ გამოქვეყნებული ინტერვიუთი დავიწყოთ. „ლადო პაპავა: ხელისუფლებამ შეიძლება ომი დაიწყოს, რისი ეშინიათ ბანკებს“ - ამ სათაურის ქვეშ ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ლადო პაპავა ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ ხორციელდება სახელისუფლებო წნეხი ”ქართუ ბანკზე” საბანკო ასოციაციებისა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელების მხრიდან კრიტიკის გარეშე, ლადო პაპავა პასუხობს:

"საბანკო ასოციაცია, რომლის ხელმძღვანელს ვიცნობ, რატომ დუმს? ეს ხომ მისი საქმეა, დაიცვას ბანკების ინტერესები. ნუ ჰგონია ვინმეს, ერთ ბანკს რომ შეექმნება პრობლემა, სხვა ბანკები მშვიდად იქნებიან. პრაქტიკულად ეს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც შეიტანეს ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ, არის მომასწავებელი, რომ საქართველოში გირაოში ჩადებული ქონება თავის მნიშვნელობას კარგავს, იმიტომ რომ კერძო ან იურიდიულმა პირმა რომ აიღოს სესხი, უფრო მეტი ქონება ექნება ჩასადები ნაკლები თანხის ასაღებად, ანუ საბანკო პროდუქტი ძვირდება. ეს რა, ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს თუ საბანკო სექტორის განვითარებას ეხმარება? ეს არის პრაქტიკულად დაყაჩაღება. „ეროვნული ბანკი“ სულ უფრო ემსგავსება "საბანკო ჟანდარმერიას", - აცხადებს ექსპერტი ლადო პაპავა გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

იმზე კი, თუ სადამდე შეიძლება მივიდეს სახელისუფლები წნეხი, ლადო პაპავა ამბობს:

"არა მარტო ამ ბანკის წინააღმდეგ შეიძლება გაგრძელდეს მოქმედებები, თვითონ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და, საერთოდ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ - შეგვიძლია ყველაფერი მოვიფიქროთ, რაც მათ ტვინში იხარშება? შეუძლებელია.“
ჟურნალისტის კითხვაზე, იგრძნობა თუ არა ხელისუფლების შიგნით სერიოზული პრობლემები და, გავრცელებული ხმების მიხედვით, ემზადება თუ არა ხელისუფლება გასაქცევად, ლადო პაპავა პასუხობს:

”ხელისუფლების შიგნით რომ პრობლემებია, იგრძნობა, მაგრამ გასაქცევად ემზადება თუ არა, ამაზე ვერაფერს ვიტყვი. გასაქცევად ემზადებოდნენ და გაქცევის რეჟიმში იყვნენ 2008 წლის აგვისტოში, როდესაც რუსული ჯარი ლამის თბილისს მოადგა. მაგრამ ახლა, ვფიქრობ, ნაადრევია ამაზე საუბარი, რომ ხელისუფლება გასაქცევად ემზადება. პირიქით, ისინი სერიოზული ბრძოლისთვის ემზადებიან, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით აშკარად აგებენ. მათი მხრიდან გადადგმული ყველა ნაბიჯი არის შეცდომა. ჯერ აგონიაში არ არიან. ვფიქრობ, აგონია წინ გველოდება. ამიტომ ამ ხელისუფლებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. თუნდაც ისეთი რამ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომი ხელახლა გააჩაღონ", - ამბობს ლადო პაპავა გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბარში.

გაზეთი „ვერსია“ კვლავ პატრიარქის რუსეთში ვიზიტს ეხმიანება და ინტერვიუს სთავაზობს მკითხველს პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ თამარ კიკნაძესთან. ის პატრიარქის მოსკოვში ვიზიტს პოზიტიურად აფასებს.

”ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა კიდევ ერთხელ დაბრუნდეს მშვიდობა და განვითარება. კონფლიქტები, რომელიც იყო და არის ორ ქვეყანას შორის, კვლავ ღია ჭრილობაა, რომელიც უნდა მოგვარდეს. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება, ბრძანა საქართველოს პატრიარქმა. ჩვენი პატრიარქი ბრძენი ადამიანია და კარგად ხედავს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაწყვეტით პირველ რიგში საქართველო ზარალდება. მსგავსი ვითარება განსაკუთრებით საზიანოა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხის გადასაჭრელად, დრო ჩვენ სასარგებლოდ ნამდვილად არ მუშაობს”, ამბობს თამარ კიკნაძე „ვერსიასთან“ ინტერვიუში, სათაურით ”პატრიარქს კარგად ესმის ქვეყანაში შექმნილი ვითარების სიმძიმე, ამიტომაც გადადგა სარისკო ნაბიჯი და მოსკოვში ჩავიდა”.
გაზეთები „რეზონანსი“ და „ქრონიკა“ კი საზოგადოებას, ხელისუფლებას, დიპლომატიურ კორპუსს და ყველა დაინტერესებულ პირს მიმართავენ. მიმართვის ხელმომწერი მედიაორგანიზაციები და ასოციაციები მიიჩნევენ,რომ თბილისის მერიის პროექტი ” მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა”, სინამდვილეში მიმართულია ბეჭდური მედიის გავრცელების არსებული სისტემის ნგრევისკენ:

”აუქციონების გამართვის საბაბით, ამ დღეეებში იძულებით შეაწყვეტინეს საქმიანობა არსებული საგაზეთო ჯიხურების ნაწილს, თბილისის მერიის ბოლო ნაბიჯები უკვე დაეტყო ქართული ბეჭდური მედიის ტირაჟებს. ჩვენ ამ ნაბიჯებს განვიხილავთ ქვეყნის განვითარების, საზოგადოების ინტერესების, მედიისა და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ გადაწყვეტილებად... მოვითხოვთ, ე.წ ”ჯანსაღი კონკურენციის ” საფარქვეშ მოქმედი აუქციონი არ შეეხოს იმ ჯიხურებს, სადაც წლების განმავლობაში ტრადიციულად იყიდება პრესა.”

გაზეთი „ასავალ-დასავალი“აქვეყნებს დეპუტატ ნუგზარ წიკლაურისადმი რეზო ამაშუკელის მიმართვას. მიმართვა გამოხმაურებაა ნუგზარ წიკლაურის გამოსვლაზე პარლამენტში 22 ნოემბერს.

”მის მაღალკეთილშობილებას, ჰოშპიტელის საგრაფოს მფლობელს, ქართველ დიდაზნაურთა სიამაყეს - ნუგზარ წიკლაურს! თქვენო ბრწყინვალებავ! თქვენ დასვით კითხვა, თუ ვინ გაიმეორებდა ახლა მაინც, რომ ომი საქართველომ დაიწყო. მოგახსენებთ და ვადასტურებ შემდეგს: ომი დაიწყო სააკაშვილმა! სააკაშვილი სომეხია!”

მიმართვაში ეს ორი წინადადება 59-ჯერ მეორდება და მთავრდება ხელმოწერით - მდაბიო პოეტი რეზო ამაშუკელი.

გაზეთი ”ქრონიკა” საქართველოს პრეზიდენტის კვების რაციონით და მენიუთი დაინტერესდა. „ქრონიკაში“ წაიკითხავთ, რომ ინკოგნიტო რესპონდენტი საჯარო სამსახურში მუშაობს და ამიტომ ვინაობას ვერ ამხელს, თუმცა შესწავლილი აქვს პრეზიდენტის მენიუები, კორპორაციული სადილები, მიღებები, ოფიციალური და არაოფიციალური ლანჩები. „ქრონიკის“ რესპონდენტის სიტყვებით, როდესაც მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო სასახლის გარეთ არ სადილობს, მას 14-კაციანი მზარეულთა გუნდი ემსახურება. მათ მიერ შედგენილი მენიუთი სარგებლობს ასევე ადმინისტრაცია, პირველი პირები და რეზიდენციის სტუმრები. მიხეილ სააკაშვილის მენიუ, როგორც „ქრონიკას“ რესპონდენტი ეუბნება, ფრანგ შეფ-მზარეულს ჟერომ რიგოს შეუდგენია და ძირითადად ზღვის პროდუქტებისგან შედება:

”ზღვის პროდუქტების ყველაზე დიდი ჩამონათვალია მის რაციონში - კასპერსებით დაწყებული, ლანგუსტებით დამთავრებული. დღეში პრეზიდენტის სასახლის რაციონი, მენიუს მიხედვით, ჯდება 2870 ლარი. მინდოდა კორპორაციული საღამოებისა და ოფიციალური მიღებების ფინანსებიც ამომეღო, მაგრამ ეს ინფორმაცია საქართველოში აბსოლუტურად გასაიდუმლოებულია, მაშინ როცა ეს ინფორმაცია უცხოეთში სრულ საჯაროობას ექვემდებარება”, ამბობს „ქრონიკის“ ინკოგნიტო რესპონდენტი გაზეთის 28 ნოემბრის ნომერში.
XS
SM
MD
LG