Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში არჩევნების წინასწარი შედეგები გააცნეს ჟურნალისტებს


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კვირას ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ალა ჯიოევამ ხმების 56,7% მიიღო, ანატოლი ბიბილოვმა კი - 40%. წინასწარი შედეგები დღეს ცხინვალში ჟურნალისტებს გააცნო ადგილობრივი ცსკ-ის თავმჯდომარემ ბელა პლიევამ. მისივე თქმით, კომისიისთვის ოფიციალურად არ მიუმართავს უმაღლეს სასამართლოს, რომელმაც მმართველი პარტია ”ედინსტვოს” სარჩელის საფუძველზე, საარჩევნო ადმინისტრაციას წინასწარი შედეგების გამოქვეყნება აუკრძალა. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება დესტაბილიზაციის მცდელობად შეაფასა პრეზიდენტობის კანდიდატმა ალა ჯიოევამ, რომელმაც ანატოლი ბიბილოვს არჩევნებში დამარცხების აღიარებისკენ მოუწოდა. თავის მხრივ, ბიბილოვმა განაცხადა, რომ საარჩევნო დარღვევების თაობაზე სასამართლო განხილვის დასრულებას დაელოდება და მოსამართლის ნებისმიერ გადაწყვეტილებას დაემორჩილება. თუ სასამართლო ბიბილოვის სარჩელს დააკმაყოფილებს და ჯიოევას არჩევნებიდან მოხსნის, თვითაღიარებული რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით, არჩევნების შედეგები გაუქმებულად გამოცხადდება და ახალი არჩევნები დაინიშნება, რომელშიც ჯიოევა და ბიბილოვი მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.
XS
SM
MD
LG