Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოსტმუბარაქისეულ ეგვიპტეში პირველი არჩევნები იმართება


ჰოსნი მუბარაქის რეჟიმის დამხობის შემდეგ ეგვიპტეში პირველი საპარლამენტო არჩევნები ეწყობა. კენჭისყრის ფონია სამხედრო სტრუქტურების მმართველობით მზარდი უკმაყოფილება, რასაც მასობრივი აქციები, შეტაკებები და მსხვერპლიც მოჰყვა.
ეგვიპტელ ამომრჩეველს გრძელ რიგში უწევს დგომა უბნებთან პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ეს კენჭისყრა ეგვიპტის პოლიტიკური ცხოვრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდაა მას შემდეგ, რაც თებერვალში პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი ხელისუფლებიდან ჩამოაგდეს.
საქმე იმ საკანონმდებლო ორგანოს არჩევას ეხება, რომელსაც ახალი კონსტიტუციის პროექტის შექმნა დაევალება ივნისის ბოლოს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

კენჭისყრის პირველი ეტაპი მოიცავს კაიროსა და ალექსანდრიის უბნებს და სამშაბათამდე - 29 ნოემბრამდე - გასტანს. ამის მერე პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნები კიდევ ორ ეტაპს გაივლის და 2012 წლის 11 იანვრამდე გაგრძელდება. შემდეგ დაიწყება ზედა პალატის არჩევნები, რომელიც სამ ეტაპს მოიცავს და მარტამდე გასტანს.
ისეთი პარლამენტის მიღება გვსურს, რომელიც დაბალანსებული იქნება და სადაც ყველა ჯგუფი იქნება წარმოდგენილი ...

ანალიტიკოსების შეფასებით, ეიფორია, რომელიც მუბარაქის 30-წლიანი მმართველობის დასრულებას მოჰყვა, ეგვიპტის მოქალაქეთა უმრავლესობაში გამქრალია. ის იმ გენერლების მიმართ უნდობლობამ ჩაანაცვლა, რომლებიც ქვეყანას მუბარაქის შემდეგ ჩაუდგნენ სათავეში.

გასულ კვირაში 40-ზე მეტი ადამიანი შეეწირა შეტაკებებს უსაფრთხოების ძალებსა და საპროტესტო აქციების მონაწილეებს შორის. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური რეფორმები შეფერხებულია და ამის მიზეზად იმას ასახელებენ, რომ სამხედრო საბჭო დემოკრატიზაციაზე მეტად საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებაზე ზრუნავს.

თუმცა მარშალი ჰუსეინ ტანტავი - ეგვიპტის მმართველი სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელი - აცხადებს, ახალ პარლამენტში ყველა პოლიტიკური ჯგუფი უნდა იყოს წარმოდგენილიო: „მინდა მივმართო დიდ ეგვიპტელ ხალხს - მათ, ვისაც არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია. მათ ვევედრები წავიდნენ და მისცენ ხმა, რადგან ისეთი პარლამენტის მიღება გვსურს, რომელიც დაბალანსებული იქნება და სადაც ყველა ჯგუფი იქნება წარმოდგენილი.“

მუბარაქის ხელისუფლების პირობებში არჩევნები ყალბდებოდა და მისი ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ყოველ ჯერზე დიდი უმრავლესობით მოდიოდა პარლამენტში. მაგრამ მუბარაქის დამხობის შემდეგ ქვეყანაში ბევრი ახალი პარტია შეიქმნა.
ცვლილება ამომრჩეველთა განწყობაშიც იგრძნობა. კაიროს ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან მისულმა ქალმა, სახელად მაგდიმ, ეს კონტრასტი ასე დაახასიათა: „აქ ამჯერად იმის გამო მოვედი, რომ ვგრძნობ, ჩემი ხმა მართლა ღირებულია. აქამდე ჩვენს ხმებს ფასი საერთოდ არ ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ახლა მინდა ჩემს ქვეყანას რაღაც გავუკეთო, რათა ვიგრძნო, რომ მეც შევიტანე წვლილი ნამდვილი დემოკრატიისკენ სვლაში.“

თუმცა სხვა ამომრჩევლები თავიანთ განცხადებებში უფრო მეტ სკეპტიციზმს ავლენენ და ამბობენ, რომ ეჭვი ეპარებათ საარჩევნო პროცესმა რეალური პოლიტიკური ცვლილებები მოიტანოს.
მუსლიმთა საძმო და სხვა ისლამისტი პარტიები თავს იკავებენ სამხედრო მმართველობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებში მონაწილეობისგან. როგორც ჩანს, მათ არ სურთ რაიმე დაბრკოლება შეუქმნან არჩევნებს, რაც, ალბათ, ლოგიკურია - ამ კენჭისყრამ შესაძლოა მათ გზა გაუხსნას პოლიტიკური ძალაუფლებისკენ, რომელზეც მუბარაქის ეპოქაში მათ ხელი არ მიუწვდებოდათ.
ჯერჯერობით გაურკვეველია რამდენად აისახება აქციებში მონაწილეობის მიუღებლობა არჩევნებში ისლამისტების შედეგზე - მათ ამომრჩეველი ამის გამო დასჯის თუ საძმოს მიერ ახლად დაარსებული თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტია მაინც მოიპოვებს გამარჯვებას სხვა, უფრო ნაკლებად ნაცნობ პარტიებსა და ინდივიდებზე.
XS
SM
MD
LG