Accessibility links

logo-print
მიმოხილვას დავიწყებ „ახალი თაობით“, რომლის პირველ გვერდზე მსხვილი ასოებით გამოტანილია სტატიის სათაური: „ ‘ქართული ოცნება’ უკვე დარეგისტრირებულია“. ირკვევა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობის დარეგისტრირების მოთხოვნის განცხადება 2011 წლის 24 ნოემბერს მიიღო. ამონაწერის მიხედვით, მოძრაობის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია, ხოლო გამგეობის წევრები - ირაკლის სესიაშვილი, გიორგი ვოლსკი და ზაალ გოგსაძე.

29 ნოემბერს გამოსული „ახალი თაობა“ ასევე წერს ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტებზე, რომელთა გამოძიებასაც სახალხო დამცველი ითხოვს. სტატიაში საუბარია გაზეთ „ბათუმელების“ თანამშრომლის თედო ჯორბენაძის დაშინებისა და გადაბირების მცდელობაზე, რასაც ადგილი ჰქონდა 2009 წლის ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის განყოფილების შენობაში. ორი წლის შემდეგ გაზეთის თანამშრომლებმა ამოიცნეს პირი, რომელიც ჟურნალისტს აშანტაჟებდა და რეაგირებისათვის პროკურატურას მიმართეს. სახალხო დამცველი ასევე პროკურატურისგან რეაგირებას ითხოვს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტის გელა მთივლიშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტს პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი ემუქრება.

„საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია პროკურატურამ გაატაროს სწრაფი და ეფექტური ღონისძიებები აღნიშნულ ფაქტზე ობიექტური გამოძიების წარმართვის მიზნით“, ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში, რომელსაც გაზეთი „ახალი თაობა“ აქვეყნებს.

29 ნოემბრის „რეზონანსი“ კი სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმიანება. გაზეთი გვიამბობს ახალგორის ქართული მოსახლეობის გასაჭირზე. ახალგორელები შიშობენ, რომ თვითაღიარებული რესპუბლიკის ახალი ლიდერი რაიონის ქართული მოსახლეობის მიმართ მეტ სიმკაცრეს გამოიჩენს. აი, რა უთხრა გაზეთის კორესპონდენტს ახალგორში მცხოვრებმა მამაკაცმა:

"ყველანი ძალიან ვნერვიულობთ. ახლა დაიწყება საშინელება! აი, ნახავთ - ალა ჯიოევა ჩამოგვართმევს ამ ფორმა ცხრას, ოსურ პასპორტებს დაგვირიგებს და ქართული პირადობის მოწმობების ჩაბარებას მოგვთხოვს. მოფიქრების ვადად კი ერთ კვირას მოგვცემს - ან აქ დარჩით და ქართული პირადობის მოწმობები ჩააბარეთ, ან მოშორდით აქედანო. გზებსაც კი ჩაკეტავს. აი, ნახავთ, თუ არა! არ გეგონოთ, რომ ეს ყურმოკრული ვარაუდია - ცხინვალიდან მაქვს ინფორმაცია საკმაოდ კომპეტენტური პირისგან, რომ ალა ჯიოევა მართლაც ასე გვიპირებს." - სტატიის სრულ ტექსტს გაზეთ“ რეზონანსში“ იხილავთ.

„საქართველოს რესპუბლიკა“ კი ავრცელებს მიმართვას, რომელსაც ხელს ქართული მედიის ოცდაათამდე წარმომადგენელი აწერს. მიმართვის ადრესატებად დასახელებულია საზოგადოება, ხელისუფლება და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი. მიმართვის ავტორები მიიჩნევენ, რომ მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონი სავაჭრო ჯიხურების განთავსებაზე სინამდვილეში მიმართულია ბეჭდური მედიის გავრცელების არსებული სისტემის ნგრევისკენ და რეალურ საფრთხეს უქმნის თავისუფალ სიტყვას:

„მოვითხოვთ აუქციონი არ შეეხოს იმ ჯიხურებს, სადაც უკვე წლების განმავლობაში ტრადიციულად იყიდება პრესა და, შესაბამისად, თბილისში დარჩეს თავისუფლების კუნძულები, სადაც მოქალაქეს შეეძლება ინფორმაციის მიღება და საკუთარი აზრის გამოტანა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.“

ამ და სხვა პუბლიკაციებს 29 ნოემბრის „საქართველოს რესპუბლიკაში“ გაეცნობით.
XS
SM
MD
LG