Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიუჯეტის პროექტი - გამჭვირვალე თუ გაუმჭვირვალე?


მმართველი პოლიტიკური ძალა 2012 წლის ბიუჯეტის პროექტის მთავარ ღირსებად მის დეტალიზაციას და სოფლის მეურნეობისა და სოციალური სფეროს პრიორიტეტულობას ასახელებს. მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 7 მილიარდ 674 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც დაახლოებით 350 მილიონით აღემატება წლევანდელ ბიუჯეტს. რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირეს 29 ნოემბერს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებმა ექსპერტებთან შეხვედრისას.
შემოსულ ხარჯებში ნაჩვენებია მხოლოდ ხელფასების ხარჯი, დანარჩენი კი, ფაქტიურად, ე.წ. “სხვა ხარჯია” ...

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2012 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც პარლამენტს უახლოეს დღეებში საბოლოო შესწორებებით უკვე დასამტკიცებლად წარედგინება, “თავისუფალი დემოკრატების” ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე გაუმჭვირვალე დოკუმენტად მოიხსენია. შეხვედრაზე, რომელიც „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივით შედგა, 2012 წლის ბიუჯეტის პროექტი სხვა, არცთუ პოზიტიური ეპითეტებითაც მოიხსენიეს: არასისტემური, არაპროგრამული და, მეტიც, კორუფციული. ამის თქმის საფუძველს, დავით ონოფრიშვილის მტკიცებით, მას ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მუხლი, სახელწოდებით ”სხვა ხარჯები”, აძლევს. როგორც ის განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტში მიზნები მითითებულია, ისინი იმდენად ზოგადია, რომ მათი შესრულებისთვის საჭირო ხარჯების ეკონომიკური დასაბუთება და კონკრეტულ ინდიკატორებში გამოხატვა შეუძლებელია.

”შემოსულ ხარჯებში ნაჩვენებია მხოლოდ ხელფასების ხარჯი, დანარჩენი კი, ფაქტიურად, ე.წ. “სხვა ხარჯია”. მთელ რიგ უწყებებში, სამინისტროებში ბიუჯეტი არ სცდება იმას, თუ რაში იხარჯება თანხები ხელფასების გარდა. თუნდაც შარშანდელ ბიუჯეტში ორი-სამი პარამეტრით მეტი ხარჯები იყო გაწერილი. შეგვიძლია შევაფასოთ, რომ ეს არის ხალხისგან დამალული ბიუჯეტი”, - ამბობს დავით ონოფრიშვილი.

ნოდარ ჭიჭინაძე, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, მიუთითებს, რომ მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პირველი განხილვის შემდეგ ბიუჯეტის პროექტი მთავრობას შესწორებებისათვის დაუბრუნა, სხვა ხარჯების ნაწილი არათუ შემცირდა, არამედ, პირიქით, გაიზარდა და მან დაახლოებით ერთი მილიარდი ლარი შეადგინა, რაც მთლიანი ხარჯების თითქმის 16 პროცენტია.
ცივილიზებულ ქვეყნებში კანონების შესწავლა ხდება იმ თვალთახედვით, თუ რამდენად არის ის კორუფციული საფრთხის შემცველი...

ქვეყანას არ გააჩნია მკაფიოდ ჩამოყალიბებული ეკონომიკური პოლიტიკა, რაც აისახება კიდეც იმ მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე, რომლითაც სახელმწიფო წლიდან წლამდე უნდა ხელმძღვანელობდეს, ამბობს ვაჟა ბერიძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში. მისივე თქმით, ბიუჯეტის პროექტი, რომელიც პარლამენტს დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში წარედგინება, არ არის ორიენტირებული განვითარებაზე. ის მხოლოდ მიმდინარე პრობლემებზეა აქცენტირებული და არ ჩანს გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა. ვაჟა ბერიძე განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ არ ხდება ბიუჯეტის პროექტის კრიმინოლოგიური ანალიზი:

”ცივილიზებულ ქვეყნებში კანონების შესწავლა ხდება იმ თვალთახედვით, თუ რამდენად არის ის კორუფციული საფრთხის შემცველი. მათ შორის, ანალიზი კეთდება ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტზე, როგორიც ბიუჯეტია. ამ მიმართულებით ეს ბიუჯეტი შესწავლილი არ არის. ეს არის კორუფციული ბიუჯეტი, რადგან მისი გამჭვირვალობის ხარისხი არის ძალიან დაბალი.”

სრულიად ეწინააღმდეგება „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ წარმომადგენლების, „თავისუფალი დემოკრატებისა“ და ექსპერტთა ნაწილის მოსაზრებებს ბიუჯეტის არაპროგრამულობასა და გაუმჭვირვალობასთან დაკავშირებით პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი. ის რადიო თავისუფლების კითხვას, თუ როგორ აფასებს ბიუჯეტის პროექტის გამჭვირვალობის საკითხს, მოკლედ უპასუხებს, ხოლო კითხვას, მაგალითად, ბიუჯეტის ”სხვა ხარჯების” ნაწილთან დაკავშირებით, აღარ პასუხობს და საუბარს შემდეგნაირად ასრულებს:

”ჩვენ ბიუჯეტის პროგრამულ დაგეგმარებაზე გადავედით, რაც, უდავოდ, ამაღლებს და ხელს უწყობს საჯარო ფინანსების გამჭვირვალობას. ყველა მიმართულებაზე იკვეთება შესაბამისი სავარაუდო შედეგი და მიზანი, თუ რისკენ არის მიმართული ესა თუ ის პროგრამა და გამოყოფილი თანხები”, - ამბობს ზურაბ მელიქიშვილი.

აქვე გეტყვით, რომ მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 7 მილიარდ 674 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც დაახლოებით 350 მილიონით აღემატება წლევანდელ ბიუჯეტს.
XS
SM
MD
LG