Accessibility links

logo-print

აქციების სერია, სახელწოდებით ”მე ვკითხულობ გაზეთებს”, გაგრძელდება


29 ნოემბერს თბილისის მერიის წინ ჟურნალისტების საპროტესტო აქცია ”მე ვკითხულობ გაზეთებს” გაიმართა, რომელსაც იმ არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და ასევე გაზეთების მკითხველები შეუერთდნენ, ვინც ქართულ პრესას სოლიდარობას უცხადებს და ხელისუფლებისგან მოითხოვს შეწყდეს მედიაზე ზეწოლა. აქციიის მონაწილეებს პროტესტის ნიშნად ხელში გაზეთები ეჭირათ, გულზე კი მიკრული ჰქონდათ ფურცლები, წარწერით „No Press, No Democracy“.
ის, რაც დღეს ხდება, ძალიან ახლოს არის ფოტოგრაფების საქმესთან და ვფიქრობთ, რომ ერთგვარი გაგრძელებაც კია იმ პროცესისა ...

29 ნოემბერს თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციაზე მისული ჟურნალისტები ხელისუფლების მხრიდან არა მხოლოდ პრესაზე, არამედ, ზოგადად, მედიის მიმართ ზეწოლაზე ლაპარაკობდნენ და პარალელს ფოტოგრაფების საქმესთან ავლებდნენ - აქციის მთავარ ლოზუნგს, ”ჩვენ ვკითხულობთ გაზეთებს”, დაემატა კიდეც მეორე, სწორედ ფოტოგრაფების საქმის დროს გაჩენილი ლოზუნგის ახალი ვერსია - „No Press, No Democracy“.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გაზეთ ”რეზონანსის” რედაქტორი ელისო ჩაფიძე ამბობს, რომ პრესაზე ზეწოლა ფოტოგრაფების საქმის გაგრძელებაა და დათმობას ქართული მედია არც ამჯერად აპირებს:

”ის, რაც დღეს ხდება, ძალიან ახლოს არის ფოტოგრაფების საქმესთან და ვფიქრობთ, რომ ერთგვარი გაგრძელებაც კია იმ პროცესისა. მაგრამ თუ მაშინ გვინდოდა დაგვეცვა ჩვენი კოლეგები, ახლა გვინდა ჩვენი პროფესია დავიცვათ და დავიცვათ გაზეთი, რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაშია დღეს ეკონომიკური პრობლემების გამო. გარდა ამისა, უნდა გამოვაქვეყნოთ ყველა ის ადგილი, რომელზეც აუქციონი ტარდება და მივმართოთ ბიზნესმენებს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა აუქციონში ამ ადგილებისათვის, არ გახსნან იქ სახაჭაპურეები და სახინკლეები, და თუ ეს მაინც გაკეთდება, მაშინ გამოვიძიებთ ვინ არიან ისინი და საზოგადოება მათ შესახებაც შეიტყობს ყველაფერს.”

შეგახსენებთ, რომ მედიის პროტესტი მერიის ე.წ. ”1000 ჯიხურის” პროექტმა გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, ქალაქის ხელმძღვანელობის თქმით, ძველი და უსახური ჯიხურები ახლით უნდა შეიცვალოს. ამისათვის მერიამ აუქციონი იმ ადგილებზე გამოაცხადა, სადაც პრესის გამავრცელებლების ჯიხურები იდგა. მათ ნაწილს კი მერიამ ძველი ჯიხურების აღება მოსთხოვა. გაზეთ ”ალიას” ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას მედიაზე ზეწოლა არ შერჩება:
მას ასევე კარგად უნდა ესმოდეს, რომ გაზეთი არ არის შაურმა ან შოკოლადი, ან სხვა პროდუქტი...

”ამ ხელისუფლებას სურს ისე ჩაიდოს პრესა ჯიბეში, როგორც ეს ტელევიზიების შემთხვევაში მოახერხეს, და არ გამოუვათ.”

ჟურნალისტი ალეკო ცქიტიშვილი ქალაქის მერის გიგი უგულავას, როგორც ყოფილი ჟურნალისტის, მისამართით ამბობს, რომ მას კარგად უნდა ესმოდეს, რას ნიშნავს პრესისთვის მისი დისტრიბუციის შეზღუდვა:

”მას ასევე კარგად უნდა ესმოდეს, რომ გაზეთი არ არის შაურმა ან შოკოლადი, ან სხვა პროდუქტი, რასაც მერია ამტკიცებს, რომ იგივეა და რომ ანალოგიურ კონკურენციაში უნდა ჩააყენონ თურმე გაზეთი და სხვა საკვები პროდუქტი.”

მერიის გადაწყვეტილებაში ლოგიკას ვერ ხედავს სტუდია ”მონიტორის” ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი:

”რა საჭიროა ძველი ჯიხურების აღება. ახალი უნდა? განალაგოს ახალი, ძველს რას ერჩის?”

რატომ არ გამოაცხადა მთავრობამ ტენდერი სხვა ადგილებზე? - ზურიაშვილის აზრს აგრძელებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი, ჟურნალისტი ლიკა ბასილაიაც, რომლის თქმით, პრესას საქართველოში ხელისუფლების ზეწოლის გარეშეც უამრავი პრობლემა აქვს:

”და ამ პირობებში კიდევ დამატებითი პრობლემების შექმნა პრესისთვის მისი ისედაც დაბალი ტირაჟის დაღმა სვლას გამოიწვევს.”

ვაპროტესტებ ზეწოლას პრესაზე. ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს უფლება მუდმივად ვიკითხოთ პრესა ...
ხალხისგან მეტ სოლიდარობას ელოდა აქციაზე მისული გია იაკობაშვილი, პრესა.გე-ს დამფუძნებელი:

”რაც დავიბადე, გაზეთებს ვკითხულობ. ჯერ სტრიქონებს შორის ვკითხულობდით - კომუნისტების დროს, მერე სტრიქონების კითხვაც ვისწავლეც და ახლა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ეს კითხვაც დაგვავიწყოს. თუ სიტყვის თავისუფლება შეიზღუდება, ამით ისევ საზოგადოება იზარალებს და სწორედ ეს საზოგადოება უნდა იდგეს მერიის წინ და აპროტესტებდეს იმას, რაც ხდება.”

აქციის მონაწილეებს ხელში ქართული გაზეთები ეჭირათ. ზოგი იქვე კითხულობდა კიდეც. ერთ-ერთმა ხანშიშესულმა ქალბატონმა გვითხრა, რომ აქციის შესახებ ინტერნეტით გაიგო და სოლიდარობის ნიშნად შემოუერთდა:

”ვაპროტესტებ ზეწოლას პრესაზე. ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს უფლება მუდმივად ვიკითხოთ პრესა, რომ რამე გავიგოთ, სინამდვილეში რა ხდება ქვეყანაში.”

ქართული პრესის მხარდამჭერი მორიგი აქცია მერიის შემდეგ პრეზიდენტის კანცელარიასთან გაიმართება და გაგრძელდება მანამ, სანამ მერია აუქციონებს დროებით არ შეწყვეტს და მედიის წარმომადგენლებს არ შეხვდება.
XS
SM
MD
LG