Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კეთილმეზობლური ურთიერთობების პიკი


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი
საქართველოს დღეს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი. ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს და დღესვე დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან. სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, მეზობელ სახელმწიფოებს შორის რამდენიმე სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, მათ შორის - სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობას. ორი ქვეყნის პრეზიდენტების ბრიფინგზე ხაზი გაესვა კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, განსაკუთრებით - თანამშრომლობას, მოქალაქეების მიერ საზღვრის გადალახვის გამარტივებისა და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების თავალსაზრისით.
სომხეთის ყველა მოქალაქე, რომელიც შემოვა და დაბრუნდება სომხეთში, შემოწმდება ერთჯერადად და შემოწმდება მანქანიდან გადმოუსვლელად...

საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ილაპარაკა საქართველო-სომხეთის ურთიერთობათა სფეროში არსებულ წარმატებებზე და აღნიშნა, რომ ორი ქვეყანა კეთილმეზობლური ურთიერთობების პიკში იმყოფება. მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკურ ჭრილში არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებთან ერთად გამოყო ორი ქვეყნის მოქალაქეებს შორის ურთიერთობა და ის, რომ წელს საქართველოს საზღვარს სომხეთის 600 ათასი მოქალაქე გადმოკვეთს. სწორედ მათთვის მარტივდება საზღვრის გადაკვეთის პროცედურა და ის „ერთი ფანჯრის“ პრინციპით იმუშავებს:

”სომხეთის ყველა მოქალაქე, რომელიც შემოვა და დაბრუნდება სომხეთში, შემოწმდება ერთჯერადად და შემოწმდება მანქანიდან გადმოუსვლელად. ის სიტუაცია, როცა წლების განმავლობაში გვიხდებოდა ერთ მხარეს დგომა ნახევარი საათი, ერთი საათი, ხანდახან რამდენიმე საათი... მეორე მხარეს დგომა, სხვადასხვა ფანჯრებთან მისვლა, სხვადასხვა გადასახადების გადახდა, ეს ბიუროკრატია მოისპობა და ეს იქნება ისეთივე გამჭვირვალე საზღვარი, როგორიც არის შვეიცარია-საფრანგეთის საზღვარი, ანდა სხვა ბევრი საზღვარი ევროპაში.”

საზღვრის გადალახვის გამარტივებასთან ერთად მიხეილ სააკაშვილი შეეხო ერთიანი კავკასიის კონცეფციას და აღნიშნა, რომ ეს კავკასიის ყველა ქვეყნის ინტერესში შედის:

”ჩვენი კონცეფცია ეფუძნება ერთიანი კავკასიის კონცეფციას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა კონფლიქტი, რომელიც არსებობს კავკასიაში, თავს არის მოხვეული იმპერიული ძალის მიერ, რომლის მთავარი პრინციპია „გათიშე და იბატონე“. კავკასიის ყველა ქვეყნის ინტერესებში შედის კავკასიის გაერთიანება, ერთიანი ეკონომიკური სივრცისა და ერთიანი პოლიტიკური თანამეგობრობის შექმნა. ეს აუცილებლად განხორციელდება, ჩვენი პატარა ქვეყნებისთვის ამას ალტერნატივა არა აქვს."
აქ მე ვეთანხმები პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ჩვენი ურთიერთობა ძალზე დინამიკურად ვითარდება ძალიან ბევრ სფეროში...

სომხეთის პრეზიდენტს ერთიანი კავკასიის შექმნის კონცეფციაზე არაფერი უთქვამს, მან კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა და აღნიშა, რომ ამ თვალსაზრისით - განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში - კიდევ არის სამუშაო. მისი შეფასებით, ეკონომიკურ თანამშრომლობას ხელს შეუწყობს საქართველოში ჩრდილო-სამხრეთის ტრასის მშენებლობა, რომელიც ბათუმსა და ნინოწმინდას დააკავშირებს. ეს, სერჟ სარგსიანის შეფასებით, სომხეთს მისცემს შესაძლებლობას სწრაფად დაუკავშირდეს საქართველოს პორტებს და გაზრდის სატრანსპორტო ნაკადს. სომხეთის პრეზიდენტის აზრით, ორ ქვეყანას შორის წელს არსებული სავაჭრო ბრუნვა გაზრდას საჭიროებს:

”აქ მე ვეთანხმები პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ჩვენი ურთიერთობა ძალზე დინამიკურად ვითარდება ძალიან ბევრ სფეროში - განათლების, სოციალურ საკითხებში, ენერგეტიკის, სატრანსპორტო, სავაჭრო, პოლიციის, პარლამენტებს შორის, თავდაცვის, საზღვრის უსაფრთხოების სფეროებში. კიდევ ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება. ჩვენ საქართველოს პრეზიდენტთან განვიხილეთ სავაჭრო ურთიერთობების საკითხი. წლევანდელი მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის 20 %-ია, მაგრამ ეს ჯერ კიდევ მცირე მაჩვენებელია როგორც საქართველოს, ასევე სომხეთისთვის.”

ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების მიზნით, სერჟ სარგსიანი, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ხვალ, 30 ნოემბერს, დაგეგმილ საქართველო-სომხეთის ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება საქართველოს პრეზიდენტთან ერთად.

საქართველო-სომხეთის პრეზიდენტების საერთო ბრიფინგზე მხარეები ხაზგასმულად კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ლაპარაკობდნენ, თუმცა გავიხსენოთ, რომ ნოემბრის დასაწყისში სომხეთის პრეზიდენტმა მოულოდნელად გადადო საქართველოში ვიზიტი. მაშინ სარგსიანი საქართველოში მოსკოვში ვიზიტის შემდეგ უნდა ჩამოსულიყო. იმ პერიოდის სომხურ პრესაში ვიზიტის გადადების ორ ვერსიაზე ლაპარაკობდნენ. პირველი შეეხებოდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამს 19 ოქტომბერს მინისტრებთან შეხვედრისას, როდესაც სააკაშვილმა თავუშის რაიონში მომხდარ მეწყერზე ისაუბრა და სომხურ მხარეს მეწყრის შედეგების ლიკვიდაციის სამუშოებისთვის საჭირო დრო დაუწუნა.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში სომეხი ექსპერტი სერგეი მინასიანი, კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ამბობს, რომ მაშინ სერჟ სარგსიანის საქართველოში ვიზიტის გადადება პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვებს არ უკავშირდებოდა, და იმ მეორე ვერსიაზე ჩერდება, რომელიც ასევე ვრცელდებოდა სომხეთის პრეზიდენტის საქართველოში ჩამოუსვლელობასთან დაკავშირებით:

”თუმცა რეალურად ეს არ იყო დაკავშირებული სააკაშვილის განცხადებებთან და მასზე სომხეთის ხელმძღვანელობის რეაქციასთან. სინამდვილეში ეს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების შეუთანხმებლობის საკითხი იყო. სერჟ სარგსიანის ვიზიტების გრაფიკი არ იყო შეთანხმებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. მათი მხრიდან კი ამ ვიზიტის წინმსწრები ანონსი მოხდა. ასე რომ, ეს პრობლემატიკა არანაირად არ იყო დაკავშირებული პირად ურთიერთობებთან, არამედ იყო წმინდა ტექნიკურ- ბიუროკრატიული.”
ეს არის სასაზღვრო ზოლი, ანუ დღესაც გაურკვეველია რომელი სოფელი ვის ეკუთვნის ...

სერგეი მინასიანი დღეს მიხეილ სააკაშვილის მიერ გახმიანებულ ერთიანი კავკასიის კონცეფციის შესახებ ფიქრობს, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია, პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, და აღნიშნავს, რომ სომხეთისთვის ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია სტაბილური ტრანზიტული შეტყობინება.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელი არნო სტეფანიანი საქართველო-სომხეთს შორის ამ ეტაპზე მნიშვნელოვან საურთიერთო საკითხებად შემდეგს გამოყოფს:

”პირველი - ეს არის ეკლესიები; თუ სახელმწიფო ინსტიტუციებს შევეხებით, ეს არის სასაზღვრო ზოლი, ანუ დღესაც გაურკვეველია რომელი სოფელი ვის ეკუთვნის, და მესამე საკითხი არის სომხეთის მხრიდან საქართველოს მისამართით ეკონომიკური ინტერესი, რადგან საქართველო სომხეთისთვის არის ერთადერთი სატრანზიტო გზა.“

როგორც ზემოთაც ითქვა, ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშესაწყობად ხვალ ქართულ-სომხური ეკონომიკური ფორუმი გაიხსნება. მხარეები ყურდღებას დაუთმობენ ასევე კულტურულ სფეროში თანმშრომლობას. თბილისში სერჟ სარგსიანის ორდღიანი ვიზიტი ხვალ დასრულდება.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG